მთავარი,სიახლეები

ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

24.08.2023 • 2835
ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელმაც 2023 წლის 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პრიგოჟინი მოკლეს ან მოკლავდნენ, რადგან რუსეთში შეუძლებელია ამბოხზე სახელმწიფოს სხვა რეაქცია ჰქონდეს.

პოლკოვნიკის დაკვირვებით, პუტინი ამჯერად კლანების დაპირისპირებას აკონტროლებს, მაგრამ მისი მთავარი გამოწვევა უკრაინაა, ვისთან ომსაც ვერ იგებს.

„შიდა ომებს დიქტატორი კი მოიგებდა, მაგრამ ახლა დიდი სპილოა ოთახში – რუსეთი უკრაინას ვერ უგებს ომს… შემდეგი ამბოხი ისევ ამ ფორმით იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბრუტალური ამბოხი აუცილებლად მოხდება რუსეთში,“ – ამბობს პოლკოვნიკი.

პრიგოჟინის სიკვდილით ხომ არ განისაზღვრა პუტინის მომავალიც? თუ გარემოცვის უახლოესი წევრებიც შეიძლება გაწირონ, რატომ არ შეიძლება სისტემის მეთაურის „ჩამოგდებაც“ იფიქრონ იქ, სადაც რეალურად პუტინის ერთგული საეჭვოა ვინმე იყოს? – ვკითხეთ პოლკოვნიკს.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ლაშა, 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობდით: პრიგოჟინი მოკლეს, რადგან რუსეთში ამბოხს სხვაგვარი რეაქცია ვერ ექნებოდა. რა გამოჩნდა ამჯერად, როცა ღიად თქვეს, რომ პრიგოჟინი მკვდარია? 

როდესაც პრიგოჟინმა დაიწყო ამბოხი, დაუშვა მთავარი შეცდომა: ან უნდა გაიმარჯვო, ან კვდები. სხვა ლოგიკა ჯერ არ ყოფილა რუსეთში და ისტორიულად სხვა პრეცედენტი არ ყოფილა. პრიგოჟინმა რაღაც მესამე გზა აირჩია, რაც დიდი შეცდომა იყო.

მე ახლაც ვფიქრობ, რომ პრიგოჟინი და თავისი მომხრეები კარგა ხნის წინ გაანეიტრალეს. რთული სათქმელია, როგორი ფორმით მოხდა ეს, მაგრამ მაშინ, ცხელ გულზე, მოერიდნენ ამის თქმას, ხისტ მოქმედებას. მაშინ ყველანაირად სცადეს იმის ჩვენება, ვითომ პრიგოჟინი შეხვდა პუტინს, მორჩილება გამოუცხადა, შემდეგ ვითომ ბელარუსში გადაიყვანეს.

ეს ყველაფერი დაიდგა – გუშინ პრიგოჟინი სახელითაც მოკლეს. ეს იყო ჩვეულებრივი კაგებეს სტილის აქტი, თითქოს უბედური შემთხვევაა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა და რატომ.

  • ვის შეეძლო ესროლა პრიგოჟინის თვითმფრინავისთვის? 

ცხადია, პუტინის დავალების გარეშე ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება. ეს ამბავი იმის ინდიკატორია, რომ პუტინი ისევ აკონტროლებს ძალაუფლებას. პრიგოჟინი რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას.

  • როგორ შეიძლება დადგენილიყო დროის ასე მოკლე მონაკვეთში, რომ პრიგოჟინი იყო იმ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჩამოვარდა? 

მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს უკვე დასრულებული სიმღერაა. ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს.

  • პრიგოჟინის სიკვდილით ხომ არ განისაზღვრა პუტინის მომავალი? თუ გარემოცვის უახლოესი წევრებიც შეიძლება გაწირონ, რატომ არ შეიძლება სისტემის მეთაურის „ჩამოგდებაც“ იფიქრონ იქ, სადაც რეალურად პუტინის ერთგული საეჭვოა ვინმე იყოს?  

ჩემი აზრით, პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად. შიდა ომებს დიქტატორი კი მოიგებდა, მაგრამ ახლა დიდი სპილოა ოთახში – რუსეთი უკრაინას ვერ უგებს ომს. რუსეთი მარცხდება უკრაინასთან ომში.

შიდა ოპონენტებს რაღაც ტრიუკებით მოუგვარებდა პუტინი საქმეს, მაგრამ უკრაინას უკვე ვერაფერს უშველის. სწორედ უკრაინის ომი მოახდენს უდიდეს გავლენას რუსეთის შიდა ფაქტორებზე.

აშკარად გამოჩნდა, რომ არავინ არ უერთგულებს პუტინს, თუკი მისი ძალაუფლება შესუსტდება. დასუსტება კი, სახეზეა – შემდეგი ამბოხი ისევ ამ ფორმით იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბრუტალური ამბოხი აუცილებლად მოხდება რუსეთში. ეს სისტემა რუსეთში აუცილებლად ჩამოიშლება.

შესაძლოა, პუტინის თვითმფრინავი არ ჩამოაგდონ, მაგრამ მოიწამლოს, ფეხი დაუცურდეს და დაგორდეს, ან რამე მსგავსი მოხდეს. ბოლო ერთი იქნება. ჩანს, რომ მეტად უნდა დაიძაბოს სიტუაცია, კულმინაციამდე რომ მივიდეს ეს ყველაფერი.

არავითარი ახლოს ყოფნა და დანდობა არ იქნება – აქ იმპერიის ტახტზეა საუბარი. რუსეთში შენ თუ დაინდობ, მაშინ შენ არ დაგინდობენ. პუტინმა შექმნა იმპერიული მიდგომა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია კადიროვი, რომელსაც წესით და რიგით უნდა დაეცვა რეჟიმი, მაგრამ მან თავისი ძალები გააჩერა და დაელოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

გერასიმოვი-შოიგუს და მოსკოვის შიდა წრეების გარდა არავინ ღია მხარდაჭერას პუტინს არ უცხადებს. ბოლოს ლუკაშენკოს გადასარჩენი გახდა.

პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთში კლანების შიდა დაპირისპირება კინაღამ სამოქალაქო ომამდე მივიდა. სამოქალაქო ომის საინტერესო სანახავი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინმა როგორღაც მოახერხა ძალების მოკრება და გამოვიდა ამ სიტუაციიდან. ის ახლა ახერხებს შიდა კლანების გაკონტროლებას.

  • რატომ დასჭირდა კრემლს პირდაპირი გზავნილი პრიგოჟინის შემთხვევაში, რომ მეამბოხე დაისჯება? აქამდე ასე მკაფიოდ არ ჩანდა სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობა, როცა ნემცოვი მოკლეს, ან ნავალნი მოწამლეს…

არ ჩანდა, მაგრამ მაინც ყველამ იცოდა, ვინ ებრძოდა ამ ადამიანებს.  აბა, ნემცოვი ვინ მოკლა? პრიგოჟინის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან პირდაპირ გამოჩნდა სახელმწიფოს ჩართულობა და მესიჯი იყო აშკარა. ეს იყო ახლა აუცილებელი პუტინისთვის, რომ აღარავინ გაბედოს ამდაგვარი პროტესტი.

თუმცა პრიგოჟინი რეალურად განასახიერებდა იმ უკმაყოფილებას, რაც დაგროვდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. პრიგოჟინი ებრძოდა კორუმპირებულობას, არაორგანიზებულობას, იძახდა, რომ ომი წარვმართეთ უნიჭოდ და ამის გამო ვმარცხდებითო. ამიტომაც, ხისტ მოქმედებებს მოერიდნენ მის წინააღმდეგ, თქვეს, რომ ვითომ პრიგოჟინი ისევ ცოცხალია, ისევ პუტინს ემსახურება, მერე თითქოს აფრიკაში რაღაცებს აკეთებს და ბოლოს ფიზიკური განადგურება დოკუმენტურადაც გააფორმეს.

  • არ გჯერათ, რომ შესაძლოა, პრიგოჟნს ორეული ჰყავდეს? 

შესაძლოა, ორეული ჰყავდეს, მაგრამ არანაირი პრიგოჟინი ცოცხალი არ არის. ის რა წუთშიც ხელში ჩაუვარდათ, მაშინვე მოკლეს. გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო მათი შეხედულებით პროფესიონალურად შესრულებული დავალება.

  • თქვენი აზრით, როგორ იმუშავებს ეს ამბავი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილზე, ვისაც შესაძლოა აშინებდნენ რუსები ფიზიკური განადგურებით? 

დაშინებას ყოველთვის ეცდებიან, მათ შორის, ღიად, მედვედევმაც გვითხრა ხომ პირდაპირ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც მივიერთებთო. მე ვიცი ის, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსია დასავლეთთან რაც შეიძლება მჭიდროდ დაახლოება. ეს მომენტი ჩვენ, საქართველომ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ამ თემაზე:

პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი მას აპატიეს, რადგან პოპულარული იყო – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: