მთავარი,სიახლეები

ქმარი ფულს სძალავდა ცოლს ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნების მუქარით – რა თქვა სასამართლომ

24.08.2023 • 5366
ქმარი ფულს სძალავდა ცოლს ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნების მუქარით – რა თქვა სასამართლომ

ინტიმური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს დავითი [სახელები შეცვლილია] ცოლს უღებდა, შემდეგ კი, გამოქვეყნების მუქარით ქალს ფულს სძალავდა. ეს პროკურატურის ვერსიაა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა – დაზარალებულად ცნობილმა ქალმა საბოლოოდ სასამართლოში დუმილი არჩია.

უზენაესმა სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა.

გამოძიების ვერსიით, დავითმა ნათიას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი, ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ჯერ მოიპოვა, რომლის გახმაურების მუქარით „2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით დ. ბ.-ე სისტემატურად სთხოვდა სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხების გადაცემას ქალაქ ბათუმში მყოფ ნ. ხ-ს. მას ეშინოდა რა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გახმაურების, რასაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მისი უფლებები,“ – აღნიშნულია ბრალდებაში, რაც კაცს პროკურატურამ წარუდგინა.

2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით დათოს ნათიასგან საერთო ჯამში დაახლოებით 4000 ლარი მიუღია.

დაზარალებულ ქალს თავდაპირველად გამომძიებლებისთვის უთქვამს, რომ კაცი სისტემატურად ემუქრებოდა ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნებით, ერთხელ კი, ჩანგლის დემონსტრირებითაც დაემუქრა. შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიუხედავად, დავითს ქალისთვის სოციალურ ქსელ „ვაიბერშიც“ მიუწერია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დავითი უდანაშაულოდ მიიჩნია სსკ-ის 157-ე პრიმა ერთი მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა ანგარებით], 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა [გამოძალვა] და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით [მუქარა] წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში.

დავით ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია მხოლოდ 381-ე პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით [შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა] და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა – 2500 ლარი, „რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2021 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 5 ივლისამდე პერიოდის გათვალისწინებით – შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

განაჩენის მიღებამდე ბრალდებული სასამართლოს 12 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ჰყოლია გათავისუფლებული.

პროკურორ ანა როყვას ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაუსაჩივრებია, თუმცა 2022 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელად დატოვა.

უზენაესმა სასამართლოში კი, მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნიეს.

„პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ხ-მ დ. ბ-სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე. მოწმე გ. ხ-მ გამოძიების ეტაპზევე უარი განაცხადა, როგორც გამომძიებელთან, ისე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემაზე.

დ. ბ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დ. ბ-ს ტელეფონიდან, წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებული რაიმე სახის ინფორმაცია – მიმოწერები, ფოტოსურათები და ა.შ. აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის მოწმის სახით ჩვენება მიუციათ პოლიციელებს, თუმცა ისინი არ იყვნენ ფაქტის თვითმხილველნი და ის უთხრეს მოსამართლეს, რაც გამოძიების ეტაპზე მოისმინეს დაზარალებულისგან.

„…საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მუქარის, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რისი გარკვევაც შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების შეფასების შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: