მთავარი,სიახლეები

„ქუჩაში უკრაინელებს გამოვესარჩლე, დამაკავეს“ – ბათუმელი აქტივისტი

23.08.2023 • 8303
„ქუჩაში უკრაინელებს გამოვესარჩლე, დამაკავეს“ – ბათუმელი აქტივისტი

„ქუჩაში უკრაინელებს გამოვესარჩლე, რომლებსაც პოლიციელი მოუწოდებდა, დაეტოვებინათ საქართველო. დამაკავეს“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა.

ხელბორკილდადებულ სამოქალაქო აქტივისტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შევხვდით. ალექსანდრე მილორავა ბათუმში, თაყაიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში გუშინ ღამით დაუკავებიათ.

„შევესწარი ჩემი სახლის წინ კამათს, როცა უკრაინის მოქალაქეები აპროტესტებდნენ უკანონო პარკირებას ზებრაზე, პოლიციელი კი ეუბნებოდა, თუ არ მოგწონთ ეს რეალობა, დატოვეთ საქართველო და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ უკრაინასო. როცა უკრაინელებმა ეს გააპროტესტეს, გამოვიდა ავტომანქანის მესაკუთრე და იმანაც უკრაინელებს დაუწყო ჩხუბი.

პოლიციელებმა იქვე რუსული გემის შემოსვლის დროს გამართული აქცია გამახსენეს, თქვენ კვერცხები არ უნდა გესროლათ ჩვენთვისო. ვუთხარი, რომ კვერცხები ვესროლეთ ოკუპანტებს და არა პოლიციელებს და დავამატე: საქართველოს ოკუპანტისა და ოკუპანტების ინტერესების დამცველების დედაც-მეთქი, ამ დროს დამაკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის,“ – გვითხრა ალექსანდრე მილორავამ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამ საქმეს დღეს, 23 აგვისტოს, განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: