მთავარი,სიახლეები

რა უთხრა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მოსამართლეს – 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე

23.08.2023 • 13250
რა უთხრა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მოსამართლეს – 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე
„თავს არ ვცნობ დამნაშავედ“, – მიმართა სასულიერო პირმა, გელა ბაჟუნაიშვილმა, მოსამართლეს, როცა მან ბრალდების შესახებ დადგენილება წაიკითხა და ბრალდებულს ჰკითხა: „როგორია თქვენი პოზიცია?”

სასულიერო პირს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირის ძმისშვილია.

დღეს, 23 აგვისტოს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასასამართლო სხდომა გამართა „ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე“.

19 წლის გიორგი ალხანიშვილი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 2023 წლის 18 მაისს დანით მოკლეს, მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს და ტყისპირას დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგის სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

ამ საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება. მან საქართველოდან გასვლა მოახერხა, თუმცა 2023 წლის ივლისში ის დიდ ბრიტანეთში დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ. საქართველოსთვის ჯერ არ გადმოუციათ. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე ვკითხეთ, თუმცა მან ვერ გვითხრა, როდის გადმოსცემენ მკვლელობაში ბრალდებულს საქართველოს.

სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი კი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული, ამ საქმეზე კიდევ 5 ბრალდებულისგან განსხვავებით, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

„მათ არაფერი დაუშავებიათ. მე მონასტერში ვარ, 2 ძმა პატიმარია, ჩემი სარჩენია… ისინი შრომობდნენ პატიოსნად, იყვნენ გარეთ ჩემსავით,“ – მიმართა სასულიერო პირმა მოსამართლეს. ლევან ყოლბაიას მღვდლისთვის პასუხი არ გაუცია. ამ საქმეზე პატიმრობაში რჩება სასულიერო პირის ორი ძმა, მათ შორის, ერთი მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის მამაა.

„რატომ არ უნდა იყვნენ ეს ბრალდებულები თანასწორი, იმიტომ, რომ ანაფორა აცვია?“ – გვითხრა შესვენების დროს პატიმრობაში მყოფი სტუდენტი ბიჭების ახლობელმა, ნატალია ბერიძემ. ეს ბიჭები მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებული პირის თანაკლასელები იყვნენ. გამოძიება 2 სტუდენტს, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ერთს – დანაშაულის დაფარვას. ამ სამი ბრალდებულის საქმეს ცალკე განიხილავს სასამართლო.

სასულიერო პირი და მისი ორი ძმა ბრალს არ აღიარებენ. ნატალია ბერიძის თქმით კი, დაღუპულის მეგობრები პრაქტიკულად ადასტურებენ იმას, რასაც პროკურატურა ამბობს.

„ეს ორი სტუდენტი არ შესწრებია დანაშაულის ჩადენას, შემდეგ გაიგეს, როცა ჩავიდნენ მდინარის პირას. დააშინეს, რომ არაფერი ეთქვათ… ამ ზეწოლას ადასტურებს პროკურორიც. წარმატებული სტუდენტები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანაც მუშაობდნენ. ჩვენ ვითხოვდით მათ გათავისუფლებას 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, მაგრამ სასულიერო პირისგან განსხვავებით, სტუდენტები არ გაათავისუფლეს გირაოთი. ეს უსამართლობაა, მათ ჩვენება მისცეს, არ გაქცევიან მართლმსაჯულებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნატალია ბერიძემ.

ორი სტუდენტის მონათხრობი ამ საქმეში მთავარი მტკიცებულებაა – დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა მათ მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვეს, რადგანაც ისინი პოლიციის განყოფილებაში ფარულად ჩაუწერიათ.

„რას ემსახურებოდა მათი ფარულად ჩაწერა, როცა ისინი მზად იყვნენ, მიეცათ ჩვენება?“- იკითხა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„გამოდის, რომ მათ ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ… ამ დროს მათ ჰქონდათ უფლება, არ მიეცათ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ“, – დიალოგში კიდევ ერთი ადვოკატი ჩაერთო, რომელმაც იმის დასაბუთება სცადა, რატომ იყო ბრალდებულების ფარული ჩაწერა პოლიციის განყოფილებაში უკანონო.

„ისინი ხშირად ცვლიდნენ პოზიციებს“, – მოსამართლეს მიმართა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა და შემდეგ გისოსებს მიღმა მყოფ ბრალდებულებს გახედა: „ეს პირები ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ… იგრძნობოდა, ასე ვთქვათ, „დალაგებული“ თემა: რა უნდა ეთქვათ დედისთვის, რა – პოლიციისთვის. დედას ეუბნებოდნენ, რომ აი, კახეთისკენ ეძებეთ…“ – აღნიშნა პროკურორმა.

„სასამართლოს რომ სხვა რამ უთხრან, რა გამოვა, ისაა სწორი მაინცადამაინც, რაც პოლიციის განყოფილებაში ტარიელ კუტალაძემ ჩაწერა?“ – იკითხა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„ხშირად თუ იცვლიდნენ პოზიციას, საკუთარი თავის სასარგებლოდ, ან ჩემი კლიენტის სასარგებლოდ რაც ილაპარაკეს, ის რატომ არ ჩაწერეთ?“ – გაბრაზდა მეორე ადვოკატიც.

ადვოკატმა მოითხოვა მკვლელობის ადგილის დათვალიერების ოქმის დაუშვებლად მიჩნევაც, რადგან ოქმი სოფელ აჭყვისთავში შეუდგენიათ, გამომძიებლებმა კი, სოფელ ლეღვაში დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.

„ერთია, დანაშაულის ჩადენის ადგილი, მეორე – გვამის აღმოჩენის ადგილი“, – მიმართა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ადვოკატებს.

კიდევ ერთი მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში სატელეფონო საუბარია: მკვლელობაში ბრალდებული კაცი მოკლულის დედას ჩაუწერია, ვიდრე მოკლული ბიჭის ცხედარს იპოვიდნენ.

„…ამ ჩანაწერის ამოღება მოხდა კანონიერად, მაგრამ კერძო პირებს შორის საუბრის ჩაწერა იყო უკანონო – ფარულად და უნებართვოდ ჩაწერეს“, – თქვა ადვოკატმა.

„ეს ჩანაწერი ეხება ძალზე მნიშვნელოვან საუბარს, ის არის მოკლულის დედა… ის ეძებდა თავის შვილს, რომელიც დამარხული იყო და ამ დროს იღებდა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. გაუჩნდა შიში, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამიტომაც გადაწყვიტა სატელეფონო საუბრის ჩაწერა. ეს ჩანაწერი მას საჯაროდ არ გამოუქვეყნებია, წარმოადგინა საგამოძიებო ორგანოში“, – გაცხარდა პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.

„შემდეგ სხდომაზე მოგახსენებთ“, – მხარეებს მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ და წინასასამართლო სხდომის განხილვა გადადო.

 

ამ საქმეზე:

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: