მთავარი,სიახლეები

რუსეთიდან 73.82 მლნ დოლარამდე შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები

22.08.2023 • 2146
რუსეთიდან 73.82 მლნ დოლარამდე შემცირდა საქართველოში ფულადი გზავნილები

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2023 წლის ივლისშიც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში რუსეთიდან საქართველოში 73.82 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიური ტემპის მაჩვენებელში 26%-იანი კლებაა.

ზაფხულის სეზონის დადგომამდე კი, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში. მაგალითად, 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267.62 მლნ აშშ დოლარი დარიცხეს, რაც წლიური მაჩვენებლით 1095 %-იანი ზრდაა.

საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის მიუხედავად, რომ რუსეთიდან ზაფხულში ტურისტების ნაკადის შემოსვლა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ზამთართან შედარებით, ზაფხულში რუსეთიდან ფულის შემოსვლის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო: მაისში რუსეთიდან საქართველოში 157.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, ეს 49 %-იანი კლებაა საერთო მოცულობის წლიურ მაჩვენებელში. კლება დაფიქსირდა 2023 წლის ივნისშიც [-44%].

———————-

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა – 2022 წლის აპრილში, მაგალითად, რუსეთიდან საქართველოში  გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 300%-იანი ზრდა იყო.

დღემდე ხელისუფლება არ ამბობს კონკრეტულ ციფრს: რუსეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად საქართველოში.

___

ამ თემაზე:

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: