მთავარი,სიახლეები

რომელი პორტფელი სჯობს, საპენსიო დანაზოგი რომ არ დავკარგოთ – ეკონომისტის რჩევა

22.08.2023 • 6939
რომელი პორტფელი სჯობს, საპენსიო დანაზოგი რომ არ დავკარგოთ – ეკონომისტის რჩევა

„პენსიის დაკარგვის რისკი არ უკავშირდება დანაზოგების საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილებას, მაგალითად, მე ვტოვებ საკუთარ დანაზოგს მაღალრისკიანთა პორტფელში,“ – ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. მას ვესაუბრეთ საპენსიო დანაზოგის დაბანდების 3 ვარიანტზე, რომელთა არჩევაც საპენსიო სქემის მონაწილეებს ვადა 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო სქემაში ამ ეტაპზე საქართველოში 1 მილიონ 426 ათასი ადამიანი მონაწილეობს. სასურველი საინვესტიციო პორტფელის შესარჩევად ადამიანებმა საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ, იუსტიციის სახლებს ან პირად ელექტრონულ გვერდს: my.pensions.ge. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერა.

თუ მოქალაქე თავისი ინიციატივით საპენსიო სააგენტოს არ მიმართავს, მისი საპენსიო დანაზოგი ასაკის მიხედვით გადანაწილდება მაღალრისკიან [40 წლამდე ასაკის ადამიანები], საშუალორისკიან [40-დან 50 წლამდე] და დაბალრისკიან [50 წელს ზევით] პორტფელში.

პორტფელის ცვლილება შესაძლებელი იქნება მომავალი წლის სექტემბერშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული ხელმოწერით საქართველოში ბევრი არ სარგებლობს, ხოლო იუსტიციის სახლებში რიგებია, ხომ არ ჩანს საპენსიო სააგენტოს წინასწარი გათვლა, რომ პორტფელს თავისი სურვილით ნაკლებად აირჩევს ვინმე?

„მართლაც ეს ბარიერია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება განგებ იყოს გაკეთებული. პორტფელი არის ლოგიკურად დივერსიფიცირებული, ერთი პორტფელიდან მეორეში დიდი გადასვლა-გადმოსვლა არ არის სასურველი და შესაძლოა იმიტომაც არ არის მიმართვის სხვა ფორმა, რომ ბევრი გადანაცვლება არ ყოფილიყო.

საპენსიო სააგენტოს უფრო მართებდა ადამიანების მეტად ინფორმირება, რომ ეს აჟიოტაჟი არ ყოფილიყო. სააგენტოს არ აუხსნია მკაფიოდ, რა იცვლება. ეს არ არის სპონტანური ცვლილება და წლების წინ იყო გაწერილი, რომ მოხდებოდა დივერსიფიცირება. სააგენტოს უნდა აეხსნა, რატომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს დივერსიფიცირება საპენსიო დანაზოგის დაკარგვას.

ახლა ხალხი პანიკაშია, რომ შესაძლოა საპენსიო დანაზოგი დავკარგოთ, მაგრამ ვამბობ, რომ ეს ამ დივერსიფიცირებაზე არ არის დამოკიდებული, პოლიტიკური რისკი რჩება პოლიტიკურ რისკად: მაგალითად, ეს დანაზოგი გამოიყენონ წინასაარჩევნოდ, ან ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ანაკლიის პორტისთვის რომ გამოიყენონ, შესაძლოა, ეს არ იყოს ცუდი, მაგრამ ღარიბაშვილი არ უნდა წყვეტდეს ამას, ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად უნდა იღებდეს საპენსიო სააგენტო, “ – განმარტავს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

სოსო ბერიკაშვილი

ეკონომიკის ანალიტიკოსს ასევე ვკითხეთ: რის მიხედვით უნდა შეარჩიონ ადამიანებმა მაღალრისკიანი ან დაბალრისკიანი პორტფელი?

„მაღალრისკიანი ნიშნავს იმას, რომ მაღალი სარგებლის მიღების შანსია, თუმცა არის რისკიც, რომ ეს სარგებელი არ იყოს. 40 წლამდე ადამიანები იმიტომაც არიან ლოგიკურად მაღალრისკიანების კატეგორიაში, რომ ახალგაზრდა ხარ, მეტი დრო გაქვს რისკების გასაწევად.

მაღალრისკიანი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც კაზინოში ითამაშებს ამ ფულით და სულ დაკარგავ, თუმცა მაღალი რისკი ნიშნავს მაღალ რისკს. ამ დროს ეს დანაზოგი ინვესტირდება მაღალრისკიან აქტივებში.

არალოგიკურია მოსაზრება, რომ დანაზოგის დაკარგვის საფრთხე ამ დროს უფრო მაღალია, როცა მაღალრისკიან პორტფელში დებ დანაზოგს. საქართველოში საპენსიო ფონდი დაკავშირებულია უფრო პოლიტიკურ რისკებთან, რაც არის რისკი ყველასთვის – მაღალრისკიანისთვისაც და დაბალრისკიანისთვისაც,“ – გვიყვება სოსო ბერიკაშვილი.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან [2019 წლის 1-ელი იანვარი] 2023 წლის ივლისის ჩათვლით 51.2%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა [ინფლაციის გათვალისწინებით] იმავე პერიოდში 11.7% შეადგინა.

„ამ ეტაპზე ეს ნორმალური მაჩვენებელია. მთავარია, გრძელვადიან პერიოდში ეს იყოს მდგრადი… საპენსიო სააგენტოს ორი ხელმძღვანელი საკუთარი ინიციატივით წავიდა ამ თანამდებობიდან, რაც კითხვებს აჩენს: რატომ არ შეიძლება სურდეს ადამიანს დარჩენა ასეთ სამსახურში ნორმალურ ანაზღაურებაზე? ეს რეპუტაციულად სააგენტოსთვის კარგი არ არის.

სააგენტოს დამოუკიდებლობა კანონით უზრუნველყოფილია, მაგრამ რა შეუშლით ხელს, რომ შეცვალონ კანონი? გამოსავალი არის უკეთესი ხელისუფლება, რომელიც კანონს არ გადაახტება,“ – მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: