მთავარი,სიახლეები

24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

21.08.2023 • 1249
24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკვე მეორე წელია უკრაინა ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე,  ბათუმში მცხოვრები უკრაინელები ღონისძიებას გამართავენ. იქნება კონცერტი, გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით უკრაინელი მებრძოლებისთვის პირველად სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეიძენენ.

„ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცემათ, მათ შორის, უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებსაც.

ამ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის გარდა საქართველოს კონსტიტუციის დღეც აღინიშნება, ამიტომ გაჟღერდება საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიების გამართვაში გვეხმარებიან როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ბიზნესჯგუფები“ – ამბობენ ბათუმში უკრაინული ორგანიზაციის – „მაიდანბათუმის“ წარმომადგენლები.

„ბათუმელები“ ესაუბრა ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ოლექსანდრა ომელჩენკოს.

„ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა, ბათუმში მყოფი ყველა უკრაინელი გავაერთიანოთ. გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებიც მოვიდნენ ამ ღონისძიებაზე, რადგან საქართველომაც იგივე დღეები გამოიარა 2008 წლის აგვისტოში.

ჩვენ ომის პირველი დღეებიდანვე ვგრძნობთ ქართველების თანადგომას, ისინი გვეხმარებოდნენ ზამთარში კამუფლაჟების მოქსოვაში, რომლებსაც მეომრებისთვის ვაგზავნიდით უკრაინაში.

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს კი შეუძინეს საბრძოლო მანქანა, ჩვენ დღემდე ერთად მოვდივართ ამ გზაზე და ერთად გვინდა, რომ გავიმარჯვოთ რუსეთთან ომში“- ამბობს ოლექსანდრა ომელჩენკო.

„უკვე 544 დღეა, რაც ბათუმში მყოფი უკრაინელები ერთად ვდგავართ მაიდანზე და სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც ახლა ომშია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვერდით არიან საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველების სოლიდარობა, რადგან საქართველოც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დღეს იმავეს აკეთებს რუსეთი უკრაინაშიც.

საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა გაიმარჯვოს.

უკრაინა მეორე წელია, რაც ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ეს დღე ყველაზე წმინდაა ჩვენთვის“ – ამბობს რომან ბელინი.

უკრაინის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაში ჩართულია „ლელოს“ წარმომადგენელი აჭარაში გენო თებიძეც. მისი თქმით, 24 აგვისტოს უკრაინელებთან ერთად ქართველებიც უნდა იდგნენ ევროპის მოედანზე ბათუმში, რადგან ამ ორ ქვეყანას ერთი საერთო მტერი ჰყავს – ოკუპანტი რუსეთი.

„დღეს უკრაინაში რეალურად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედიც წყდება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არ აჩერებს თავის აგრესიულ პოლიტიკას. ჩვენთვის გადამწყვეტია ამ ომის შედეგი და დარწმუნებული ვართ, ამ ომს მოიგებს უკრაინა.

ჩვენ, ქართველი ხალხი, ვალდებულიც ვართ დავაფასოთ ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მათთან ერთად აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ბათუმში“ – თქვა გენო თებიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: