მთავარი,სიახლეები

ვინ არის ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი

21.08.2023 • 6016
ვინ არის ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილია. იგი 2023 წლის 14 აგვისტოდან გაამწესეს მოსამართლედ ბათუმში.

მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა 2023 წლის 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უარი უთხრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე. მაშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმში მოსამართლედ გამწესებამდე ეკატერინე კულულაშვილი მოსამართლე იყო თბილისში. იგი 2015 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ აურჩევია – 2021 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა, მას შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებდა.

2018 წლიდან ეკატერინე კულულაშვილი უვადოდ არჩეული მოსამართლეა.

2020-2021 წლებში მივლინების საფუძველზე ეკატერინე კულულაშვილი მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში [განიხილავდა „გიორგი შაქარაშვილის საქმეს“] 2021 წლის აგვისტოდან კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

ეკატერინე კულულაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–ტექნიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის განხრით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2009-2014 წლებში მან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები: ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დაცვისა და დავის გადაწყვეტის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თბილისის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში თემაზე – საქართველოს სააპელაციო დაცვა ზეპირი და წერილობითი არგუმენტების გამოყენებით;

ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში, თემა – სასამართლო განაჩენთა და სხვა გადაწყვეტილებათა დასაბუთება;

გერმანიის სასამართლო სტრუქტურა და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები [ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში]; მონაწილეობა მიიღო სემინარში თემაზე – პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.

2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე კულულაშვილი მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე – ბინა მოსამართლეს 2016 წელს შეუძენია 81 000 აშშ დოლარად.

2022 წელს ეკატერინე კულულაშვილის ხელფასი ჯამურად 84 138 ლარი იყო [თვეში – 7011 ლარი].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: