ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მახინჯაურსა და კახაბერში სასმელი წყლის სისტემა უნდა მოაწყონ – გამოყოფილია 3,5 მილიონი ლარი

20.08.2023 • 1967
მახინჯაურსა და კახაბერში სასმელი წყლის სისტემა უნდა მოაწყონ – გამოყოფილია 3,5 მილიონი ლარი

მახინჯაურისა და კახაბრის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 564 296 ლარია. „ბათუმის წყალი“ მუნიციპალური კომპანიაა და სამუშაოებისთვის საჭირო თანხას, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საკუთარი შემოსავლებით გადაიხდის.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა მახინჯაურში კონკრეტულ მისამართებზე:

  • თამარ მეფის გამზირის III შესახვევის N32-დან N50-მდე;
  • თამარ მეფის გამზირის I შესახვევის N15-დან N37-მდე;
  • მარკოზ აჭარელის III შესახვევის N38-დან N46-მდე;

ასევე, კახაბრის დასახლებაში [თუმცა, აქ კონკრეტული ქუჩები მითითებული არ არის].

საპროექტო ტერიტორიები შეგიძლიათ ნახოთ ამ რუკებზე:

ტერიტორია მახინჯაურში სადაც სასმელი წყლის სისტემა უნდა მოეწყოს [შემოსაზღვრულია ყვითელი ხაზით] / ფოტო პროექტიდან

კახაბრის დასახლება, სადაც სასმელი წყლის სისტემა უნდა მოეწყოს [შემოსაზღვრულია ყვითელი ხაზით] / ფოტო პროექტიდან

ეს ადგილები ბათუმს შემოერთებული ტერიტორიებია და წყლის სისტემისა და გამრიცხველიანების შემდეგ აბონენტები ბათუმის წყალმომარაგების ერთიან ქსელში ჩაერთვებიან.

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია აღნიშნული პროექტები, რომლითაც ზემოთ აღნიშნულ ადგილებში წყლის სისტემა უნდა მოეწყოს, დამუშავებულია „შპს „დიდმშენპროექტი“–ს მიერ 2021 წელს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე [ხელშეკრულება #1].“

აღნიშნული ხელშეკრულებით კი, მერიის სამმართველოს პროექტებში 56 224 ლარი აქვს გადახდილი.

პროექტებში აღნიშნულია, რომ მახინჯაურსა და კახაბერში „მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით. საერთო განაწილების წყალმომარაგების სისტემები არ არსებობს. ზაფხულის პერიოდებში არსებულ ინდივიდუალურ წყალმომარაგების სისტემებში იკლებს დებეტი, მოსახლეობა განიცდის წყლის დეფიციტს, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას.“

პროექტით კი, ზემოთ აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიებზე „თითოეული მოსახლისათვის წყლის მიწოდების მიზნით მოხდება მთელი ტერიტორიის დაქსელვა და მოსახლეობისათვის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეა.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე არ ფუნქციონირებს წყალარინების/კანალიზაციის ქსელიც.

ბათუმის მერია აცხადებდა, რომ წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელი კახაბერსა და მახინჯაურში V ფაზის [KfW-სგან მისაღები სესხისა და გრანტის] ფარგლებში მოეწყობოდა. რატომ გამოაცხადა მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ კახაბრისა და მახინჯაურის ნაწილში წყლის სისტემების მოწყობაზე ცალკე ტენდერი? – აღნიშნულ კითხვაზე პასუხს ბათუმის მერიისგან მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

ამ თემაზე ვრცლად:

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: