მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

შეიძლება ყავა არითმიის დროს? – კარდიოლოგის რჩევები

18.08.2023 • 12099
შეიძლება ყავა არითმიის დროს? – კარდიოლოგის რჩევები

არითმიაა, როდესაც გული სცემს ძალიან სწრაფად, ძალიან ნელა ან არათანაბარი, არარეგულარული რიტმით. ავსტრალიის ეროვნული გულის ასოციაცია წერს, რომ სხვადასხვა ადამიანისთვის, გულის არითმიის ეპიზოდი, შეიძლება დააპროვოციროს სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია კოფეინი, რომელიც შედის ძირითადად ყავისა და ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში.

ამ თემაზე „ბათუმელები“ კარდიოლოგ გიორგი ცხომელიძეს ესაუბრა, ბათუმის სამედიცინო ცენტრის არითმოლოგს. 

  • ბატონო გიორგი, რა არის არითმია და რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ის?

არითმია გახლავთ გულის რეგულარული და თანამიმდევრული მუშაობის დარღვევა. ამ დროს პულსი არის ზედმეტად მაღალი ან დაბალი ან და არარეგულარული – პულსის გასინჯვისას ბიძგებს შორის ინტერვალი სხვადასხვაა. 

ზოგიერთი არითმია შეიძლება იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო, თუმცა არსებობს არითმიები, რომლებსაც შეუძლია თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. ამიტომ არითმიის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმ არითმოლოგს.

  • რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს არითმიის დროს ყავის ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელების ხშირი მოხმარება?

როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, კოფეინის ნორმალური რაოდენობით მიღება არ გახლავთ არითმიის განვითარების მიზეზი. ზოგიერთი კვლევა გვეუბნება, რომ პირიქით შეიძლება დადებითი ეფექტიც კი ჰქონდეს კოფეინის მიღებას გულის ფუნქციონირებაზე. 

თუმცა არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც კოფეინის მიღების დროს ეწყებათ გულის ფრიალის და გულისცემის აჩქარების შეგრძნება. ასეთ ადამიანებს ვურჩევდით, რომ მინიმალური რაოდენობით, ან საერთოდ არ მიიღონ კოფეინი. 

  • თუ არსებობს რეკომენდაციები გულის პათოლოგიების დროს, რა სიხშირით და რა სიმძლავრის ყავა დავლიოთ?

ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით კოფეინის საშუალო დოზით (1-2 ფინჯანი ყავა დღეში) მიღება არის უსაფრთხო გულის პათოლოგიების მქონე პაციენტებში. 

  • რა არის სხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება სტიმულაცია მისცეს არითმიის განვითარებას?

არითმია ძირითადად ვითარდება გულის სხვადასხვა პათოლოგიების დროს (გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, თანდაყოლილი მანკები, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა), რა დროსაც გულის უჯრედები ზიანდება და ეს ხდება არითმიის წყარო. 

ზოგიერთ გარეგან ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს ამ არითმიის კერების სტიმულაცია. 

ეს ფაქტორებია: სტრესი, ალკოჰოლი, თამბაქო (სიგარეტში ან ელექტრო სიგარეტში), ნარკოტიკული საშუალებები, ძილის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია, სხეულის ჭარბი წონა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა, ჭარბი ოფლიანობა, ვირუსული ინფექციები და სხვა. 

pennmedicine: ძილი ხელს უწყობს არითმიის პრევენციას სტრესის დონის შემცირებით ან წონის დაკლების გაადვილებით. ის ასევე გიცავთ დაღლილობისგან, რომელმაც ზოგჯერ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არითმია. მიზნად დაისახეთ იძინოთ დაახლოებით შვიდიდან ცხრა საათი ღამით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: