მთავარი,სიახლეები

„მდინარე კინტრიშს გული გამოუღეს” – ვინ იღებს ქვიშა-ხრეშს ქობულეთში

18.08.2023 • 5928
„მდინარე კინტრიშს გული გამოუღეს” – ვინ იღებს ქვიშა-ხრეშს ქობულეთში

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, მდინარე კინტრიშის კალაპოტში, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ მდინარე მოედინებოდა, მძიმე ტექნიკა – ტრაქტორები და სატვირთო მანქანები მუშაობს. მდინარეში ქვიშა-ხრეშს სველი წესით კომპანია „მაინინგ გრუპი“ მოიპოვებს.

„გული გამოუღეს მდინარეს“ – ასე შეაფასა ის, რაც მდინარე კინტრიშის კალაპოტში ხდება, ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

„გვითხრეს, რომ ლიცენზია გაცემულია, მაგრამ ყველანაირ პირობას არღვევენ. მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და შუა მდინარეში ხდება მოპოვება. მდინარე ნაკადულად აქციეს, იქნებ, თქვენ შეძლოთ ჩვენი დახმარება,“ – მსგავსი შინაარსის ათამდე შეტყობინება მაინც მიიღო „ბათუმელებმა“.

თუმცა ახლა სოფელში ჩუმი პროტესტია.

ადგილობრივებთან, რომლებიც მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებდნენ, კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ და სთხოვეს საჯაროდ აღარ ეაქტიურათ.

ქვიშა-ხრეშს მდინარე კინტრიშის კალაპოტში, ხუცუბნის ისტორიულ ხიდთან ახლოს იღებენ.

ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ ასეთი სურათი დახვდა: ჩამოჭრილია მდინარის მარჯვენა გვერდზე მდებარე ფერდი, გაჩეხილია ათობით ხე, რომლებიც ამ ფერდზე იდგა, კალაპოტის ერთ ნაწილშია გასატანად გამზადებული ქვიშის გორები, მდინარე გადაგდებულია მარცხენა მხარეს, ხოლო შუაგულში მიმდინარეობს ინერტული მასის ამოღება.

ინერტული მასალის ამოღება მდინარე კინტრიშიდან 18|08|2023

„ბათუმელებს“ ადგილზე კომპანია „მაინინგ გრუპის“ ორი წარმომადგენელი დახვდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ მდინარის პირას მდგარი ხეები მათ კომპანიას არ გაუჩეხია და იქ სხვა კომპანია მუშაობდა.

გაჩეხილ ხეებს, რომლებიც „ბათუმელებმა“ მდინარე კინტრიშზე ნახა, ნახევრადდამჭკნარი ფოთლები ჰქონდა და აშკარად ჩანდა, რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე დღის გაჩეხილი შეიძლება ყოფილიყო.

კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ხეები მათ არ გაუჩეხიათ და ის სხვა კომპანიამ გაჩეხა, „ბათუმელებმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დააზუსტა, სადაც გვითხრეს, რომ მდინარე კინტრიშის იმ მონაკვეთზე, სადაც ამჟამად „მაინინგ გრუპი“ მუშაობს, სხვა კომპანიას არანაირი სამუშაოები არ უწარმოებია.

ინერტული მასალის ამოღება მდინარე კინტრიშიდან 18|08|2023

ვინ და როგორ იღებს ქვიშა-ხრეშს მდინარე კინტრიშის კალაპოტში

მდინარე კინტრიშში სველი წესით ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება კომპანია „მაინინგ გრუპმა“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მიიღო. კომპანია ლიცენზიისგან გათავისუფლებულია.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე კინტრიშის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „მაინინგ გრუპს“ მინიჭებული აქვს უფლება, 7 (შვიდი) თვის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება 92 715 მ3 ოდენობით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

„მაინინგ გრუპის“ წარმომადგენლის, ივერი გუგუნავას თქმით, მართალია, მათ მდინარიდან ინერტული მასის ამოღების ვადა 2023 წლის ნოემბრამდე აქვთ, მაგრამ სამუშაოების ადრე დასრულება სურთ.

„ჩვენ გვინდა ჩქარა დავამთავროთ სამუშაოები, იმიტომ, რომ ძალიან გადავიღალეთ. მოსახლეობა, რომელმაც დაწერა განაცხადი, რომ ამოგვეღო ინერტული მასალა, დღე და ღამ გვადგას თავზე და სულ გვაკონტროლებს – ასე გამიკეთე, ისე გამიკეთე. აი, გადავიღალეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ივერი გუგუნავამ.

კომპანია „მაინინგ გრუპის“ წარმომადგენლის მტკიცებით, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღება ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა და ახლა „კომპანია ამ თხოვნას ასრულებს“.

[red_box]ვის ეკუთვნის კომპანია „მაინინგ გრუპი“[/red_box]

შპს „მაინინგ გრუპი“ 2017 წლის 13 ივლისსაა დაფუძნებული. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ჯონი გოგიტიძეა, კომპანიის დირექტორი კი – გურამ თამაზაშვილი.

კომპანიას მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღების უფლება დაარსებიდან მალევე აქვს მიღებული. ღია წყაროებში იძებნება 2017 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განკარგულება, რომლის მიხედვითაც კომპანია „მაინინგ გრუპი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 7 თვის ვადით გაათავისუფლეს.

დოკუმენტურად კომპანიას ყველაფერი რიგზე აქვს, თუმცა ადგილობრივები, როცა უშუალოდ ხედავენ კომპანიის საქმიანობას, პროტესტს გამოხატავენ.

შპს „მაინინგ გრუპის“ წარმომადგენელი, ივერი გუგუნავა ავანტიურისტებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებენ.

„რამდენი ავანტიურისტი რაღაცას დაწერს, მე არ ვაქცევ ყურადღებას. ეს პროექტი გაკეთდა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. სწორედ იმიტომ ხორციელდება პროექტი, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რაჭაში. მიმდინარეობს მდინარის გასწორხაზოვნება.

თქვენ ადგილობრივ მოსახლეობას შეეკითხეთ, იმ მოსახლეობას, ვინც ამ მდინარის პირას ცხოვრობს. იმათ შეეკითხეთ, თუ რა აზრის არიან ეს ადამიანები, თორემ ვიღაცამ სადღაც გაიარა, დაინახა ტრაქტორი მუშაობს და გადაირია. არ შეიძლება ასეთი მიდგომა. რაჭაში რომ მომხდარიყო ეს გასწორხაზოვნება, ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ივერი გუგუნავამ.

ჩვენ მას ვკითხეთ, თუ სად მიაქვთ ინერტული მასალა, რომელსაც მდინარიდან იღებენ. „მაინინგ გრუპის“ წარმომადგენლის თქმით, „კომპანია ნაწილს ყიდის, ნაწილს კი ქველმოქმედებაზე ხარჯავს“.

„ინერტული მასალა სხვადასხვა მოხმარებისაა. აი, მაგალითად, სოფლის პროგრამები. ჩვენ ავიღეთ და გამგეობას ვაჩუქეთ უკვე გამზადებული მასალა, 40-იანად დადრაბილკებული 1000 კუბი. სოფლის პროგრამებზე დავასაწყობეთ და როდესაც დაჭირდება, სოფელი მოიხმარს და წაიღებს,“ – გვითხრა ივერი გუგუნავამ.

მისივე თქმით, კომპანია მას შემდეგ, რაც სამუშაოებს დაასრულებს, სოფელში დააგებს დაზიანებულ გზას. ასევე,  სოციალურად დაუცველი 40 ოჯახისათვის შეიძენს ამანათებს.

ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინერტული მასალა, რომელზეც კომპანია „მაინინგ გრუპის“ წარმომადგენელი საუბრობს, მათ ჯერ არ მიუღიათ.

„აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება, რომ მერიას გადმოსცეს გარკვეული რაოდენობის ინერტული მასალა, რომელსაც მერია შესაბამისად მიზნობრივად გამოიყენებს. ამ ეტაპზე კონკრეტულად ჯერ აღნიშნული ინერტული მასალა არ გვაქვს“, – განმარტეს ქობულეთის მერიაში.

ინერტული მასალის ამოღება მდინარე კინტრიშიდან 18|08|2023

[red_box]რა ზიანი ადგება გარემოს, როცა მდინარიდან ქვიშა-ხრეშს მოიპოვებენ[/red_box]

„მდინარეთა სისტემები ხმელეთის ზღვებსა და ოკეანეებთან დამაკავშირებელი ერთგვარი დერეფნებია. ისინი, წყლისა და ნატანის გადაადგილებით, აყალიბებენ მდინარის, სანაპიროებისა და ჭალის ჰაბიტატებს. მდინარის შესართავთან ქვიშის მუდმივი ტრანსპორტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესართავისა და სანაპირო ზოლის სტაბილურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. ეს ბუნებრივი, პირველადი თავდაცვითი საშუალებაა შტორმებისას და ექსტრემალური ამინდის მოვლენებისას,“ – ამბობს ქეთი გუჯარაიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი.

ქეთი გუჯარაიძის თქმით, მდინარიდან ნატანის ამოღებას, როგორც ეს ხდება ქვიშა-ხრეშის მოპოვებისას, მოჰყვება მდინარის ხეობის ფიზიკური ცვლილება. ცვლილებებისადმი მგრძნობიარეა მდინარის ხეობის ყველა ნაწილი, მაგრამ მიიჩნევა, რომ მდინარის ნაპირებთან, ჩქერებსა და ჭალებთან შედარებით, ცვლილებებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხეობის ფსკერი.

მდინარიდან ნატანის ამოღება ზეგავლენას ახდენს, ასევე, გარკვეული მცენარეების გავრცელების უბნებზე და მდინარეში, ზღვისპირას ან ხმელეთზე გავრცელებულ ცხოველთა სახეობების ქვირითობის, კვებისა და ბუდობის არეალებზე.

ინერტული მასალის ამოღება მდინარე კინტრიშიდან 18|08|2023

„ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო მცირდება მდინარეში მოძრავი ნატანის მოცულობა; მდინარის დელტასა და სანაპირო ზონას აღარ მიეწოდება ნალექი, რომელიც მანამდე მიეწოდებოდა.

როდესაც არ ხდება ნატანის უწყვეტი დალექვა, მდინარის დელტაში იწყება ეროზია და ხმელეთის დაძირვა; შედეგად, იკარგება სოფლის მეურნეობისთვის ძალზე პროდუქტიული ადგილები. მდინარის დელტის წინა ხაზი და სანაპირო ზონა წარმოადგენენ თავდაცვის პირველ საშუალებებს შტორმისას და ექსტრემალური ამინდის მოვლენებისას.

ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად, ხშირად, აუცილებელია ტერიტორიის ზედაპირის „გაშიშვლება“ – ზედაპირზე არსებული ხეების მოჭრა, მცენარეული საფარის მოშორება. ეს, ბუნებრივია, იწვევს ადგილობრივი ჰაბიტატის ცვლილებას. ხეების მოჭრის გამო, შესაძლოა, ასევე, გააქტიურდეს ნიადაგის ეროზია და მეწყრული პროცესები, რადგან ხის ფესვები ვეღარ დააკავებენ ნიადაგსა და მიწის მასებს. ამ პროცესების გააქტიურების რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ მოპოვება მთის ფერდობებზე ხდება,“ – ამბობს ქეთი გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი.

რას ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მას შემდეგ, რაც მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღება დაიწყო, ხუცუბანში მცხოვრებებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე, 153-ზე დარეკეს.

„ბათუმელებმა“ დეპარტამენტს ჰკითხა, აღმოაჩინა თუ არა რაიმე დარღვევა კომპანიის საქმიანობაში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის კალაპოტისა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, სადაც შპს „მაინინგ გრუპი“ ახორციელებდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით სამუშაოებს.

უკანონო წიაღით სარგებლობის პრევენციის მიზნით, ინსპექტირებისას მოპოვების ადგილზე აღებულ იქნა GPS კოორდინატები, რომელთა კარტოგრაფიული დამუშავებით დადგენილია, რომ მოპოვება ხორციელდება განკარგულებით გათვალისწინებული კოორდინატების ფარგლებში. შესაბამისად, წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი არ დაფიქსირდა,“ – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: