მთავარი,სიახლეები

„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა” – The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის

16.08.2023 • 1290
„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა” – The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის

მუსიკალურმა ჯგუფმა The Killers-მა, რომელმაც გუშინ, 15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი ჩაატარა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა.

ბოდიშის მოხდა ჯგუფს ინციდენტის გამო მოუწია, რომელიც კონცერტის მსვლელობის დროს მოხდა.

15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე კონცერტის დროს, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, სცენაზე დრამერი აიყვანა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქე იყო. ამ ინფორმაციის მიღებამ კონცერტის მსმენელებში პროტესტი გამოიწვია.

ბრენდან ფლაუერსმა მსმენელებს ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის მის მიერ შერჩეული დრამერი. „განა ყველა დები და ძმები არ ვართ?“ – იკითხა სცენიდან მუსიკოსმა. კადრებში, რომლებიც საკონცერტო დარბაზიდან გავრცელდა, ჩანს, რომ აუდიტორია ერთხმად პასუხობს – NO! -არა.

მსმენელის პროტესტის მიუხედავად, The Killers-მა შერჩეულ დრამერთან ერთად დაუკრა. მსმენელებმა კი პროტესტის ნიშნად საკონცერტო დარბაზი დატოვეს.

სკანდალი სოციალურ ქსელში გაგრძელდა. მუსიკალური ჯგუფის სოციალური მედიის ანგარიშებზე მოქალაქეები თავიანთ საპროტესტო კომენტარებს ტოვებდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ The Killers-მა  ბოდიში  ფეისბუქის თავის ოფიციალურ გვერდზე მოიხადა.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენს ჯგუფს აქვს მრავალწლიანი ტრადიცია, კონცერტზე მოსული მსმენელიდან დრამზე დასაკრავად მოიწვიოს ადამიანები. დარბაზში შეკრებილი მსმენელების პირველი რეაქციის მიხედვით, ჩანდა, რომ აუდიტორია უარყოფითად არ იყო განწყობილი ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანის მიმართ.

გვესმის ისიც, რომ ჩვენ მიერ ნათქვამს – The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი „ძმები და დები“ არიან,  შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდეს. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა. ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე ისევ დავბრუნდებით“, – ნათქვამია The Killers-ის  ბოდიშის ოფიციალურ ტექსტში.

ჯგუფის ოფიციალური ბოდიში გააზიარა „ბლექ სი არენას“ ოფიციალურმა ფეიჯმა, მათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აიღეს:

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია,“ – წერია განცხადების ტექსტში.

სქრინი “ბლექ სი არენას” ფეისბუქიდან

„ბლექ სი არენაზე“  ამერიკული ჯგუფის The Killers-ის კონცერტი Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. ეს 2-წლიანი სამთავრობო კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონს დახარჯავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: