მთავარი,სიახლეები

ამერიკა გაძლევს შანსს, იცხოვრო შენი მიზნისთვის – სტუდენტი საქართველოდან

15.08.2023 • 1923
ამერიკა გაძლევს შანსს, იცხოვრო შენი მიზნისთვის – სტუდენტი საქართველოდან

ერეკლე 2016 წელს წავიდა პირველად ამერიკაში, აიდაჰოს შტატის კოლეჯში ფლექსის პროგრამით. კოლეჯი 2020 წელს დაამთავრა. მერე ორი წელი იმუშავა და ახლა სიეტლის სამართლის სკოლაში ჩაირიცხა. რამდენიმე დღეში სწავლა ეწყება.

კოლეჯშივე ისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად სამართალი, საერთაშორისო პოლიტიკა და შემოქმედებითი წერა, რაც ერთგვარი მომზადება იყო სამართლის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად:

ამერიკული განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის ქონა, ყველა შესაძლო კუთხიდან დანახვა საკითხების, რასაც სწავლობ. Liberal Arts Education – ასე ერქვა ბაკალავრიატში ჩემს სასწავლო პროგრამას.

როცა უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, სასწავლო პროცესთან შეგუება ბაკალავრიატში გამიჭირდა,  გაცილებით დიდი პროგრამა იყო სკოლასთან შედარებით, თუმცა მალე მივეჩვიე: ირგვლივ ძალიან მხარდამჭერი საზოგადოება აღმოჩნდა და შემეძლო საკუთარი თავის გამოხატვა, ყველამ კარგად მიმიღო  უნივერსიტეტში. დაცულად, თავისუფლად ვგრძნობდი თავს“, – გვიყვება ერეკლე ვახრამოვი.

ბაკალავრიატში სწავლის დროს უნივერსიტეტშივე დაიწყო მუშაობა ჭურჭლის მრეცხავად, შემდეგ უნივერსიტეტის კაფეტერიაში, მერე სტუდენტების მიმღებ განყოფილებაში. მუშაობდა რამდენიმე ორგანიზაციაში, იყო თავისივე უნივერსიტეტის იურიდიული ჯგუფის წევრი, რომელიც განიხილავდა სტუდენტების რაიმე დარღვევებს უნივერსიტეტში. ერეკლე ამბობს, რომ ეს იყო სასამართლოს პატარა მოდელი უნივერსიტეტში.

ამავე უნივერსიტეტში მისი დაფინანსების მქონე სტუდენტებისთვის არსებობს დასაქმების ვაკანსიებიც, სადაც ახლა მუშაობის დაწყებას ელოდება ნახევარ განაკვეთზე, რომ საცხოვრებელი ხარჯები დაფაროს.

ერეკლე

ერეკლემ ამერიკაში წასვლისთანავე იცოდა, რომ იქ დარჩებოდა. ამბობს, რომ საქართველოში უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს და როგორც ლგბტქ თემის წევრმა აშშ-ში ცოტა ხნის წინ თავშესაფარიც მოითხოვა. მწვანე ბარათი ანუ მუშაობისა და ცხოვრების უფლება ახლახან მიიღო. ამბობს, რომ როგორც ემიგრანტს, გაუმართლა. 8, 9 წლიდანვე სწავლობდა ინგლისურს და კარგად საუბრობდა:

„ბევრს აქ ამერიკელი ვგონივარ. ინგლისურად კარგად ვსაუბრობ ჩემი მასწავლებლის, მაია ჯაშის წყალობით. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მან მასწავლა ყველაფერი ამერიკულ კულტურაზე, შემაყვარა ენა და მომამზადა, შევჩვეოდი ამ გარემოს.

უსაფრთხოებასა და დაცულობასთან ერთად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკაში მაღალხარისხოვან განათლებაზე წვდომა და თვითგამოხატვის თავისუფლებაა, ბევრი სხვადასხვა კულტურის, ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს შეხვდები, სხვადასხვა ისტორიით.

ამერიკაში ცხოვრების უნიკალობაც მრავალფეროვნებაშია. ეს მთელ მსოფლიოსთან კავშირს ნიშნავს.

მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება საერთაშორისო სამართალი იქნება. აქ რეკომენდაციაც გამიწიეს უნივერსიტეტიდან, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწავლის წლებს უნდა შევხედო ისე, თითქოს ვმუშაობ: დილის 8 საათიდან დაიწყება სწავლა და საღამოს შვიდამდე უნდა დავუთმო დრო მეცადინეობებს“, – ამბობს ერეკლე.

მომავალს ამერიკაში გეგმავს. თუმცა ამბობს, რომ საკუთარი უნარების საქართველოში გამოყენებაზე, საერთაშორისო პროექტებით ქართველ კოლეგებთან სამომავლო კავშირებზე, საერთო საქმეებზეც ფიქრობს. ბაკალავრიატში სწავლის დროს გეგმავდა მშვიდობის პროექტის 10 ათას-დოლარიანი გრანტი გამოეყენებინა დედის სოფელში, ბახვში რამდენიმეოთახიანი შენობის გასარემონტებლად, ბიბლიოთეკისა და სათამაშო სივრცის მოსაწყობად, მაგრამ თავშესაფრის მოლოდინში ერეკლეს არ ჰქონდა აშშ-ის ტერიტორიის დატოვების უფლება და ეს გეგმა ვერ განახორციელა.

ერეკლე მეგობრებთან ერთად

ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, მაგრამ ამბობს, რომ ოზურგეთში მაგალითად, სადაც გაიზარდა, დარჩენას ვერ შეძლებდა:

„მწყინს, რომ ასეა. თბილისში თუ დავრჩები მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლისას. არ მგონია იგივე შევძლო ოზურგეთში. გეისთვის ძალიან საშიშია საქართველოში ქუჩაში გავლაც კი. მე ყოველთვის მეშინოდა. ვფიქრობდი, რას იფიქრებდნენ ჩემზე გარშემომყოფები, როგორ შემომხედავდნენ, სულ ვშიშობდი, ხომ არაფერს ვაკეთებდი ისე, რომ ყურადღება მიმეპყრო.

ამერიკაში თავს დაცულად ვგრძნობ. დაცულობისა და თავისუფლების შეგრძნება თვითგამოხატვისთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს გაძლევს შესაძლებლობას, არ გეშინოდეს და არ იყო დათრგუნული. თავისუფლება გაძლევს შესაძლებლობას, იცხოვრო შენი მიზნებისთვის, გქონდეს ეს მიზნები და არ იყო ჰომოფობიით შეზღუდული, არ ცხოვრობდე ძალადობით სავსე გარემოში, შეძლო საკუთარი საქმის მშვიდად კეთება, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება“, – ამბობს ერეკლე.

საქართველო 2023 წლის შემოდგომაზე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მოლოდინშია, რისთვისაც ქვეყანამ 12-პუნქტიანი ამოცანის შესრულება უნდა შეძლოს. ჯერჯერობით ამ გეგმის მხოლოდ სამი პუნქტია შესრულებული.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილის მსგავსად ერეკლესაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტია სამომავლო განვითარების გზაზე.

23 წლის სტუდენტი ფიქრობს, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მცდელობაც ქვეყნის ევროდასავლური გეზისთვის დამაზიანებელია:

„მით უფრო ახლა, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს“, – ამბობს ერეკლე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: