მთავარი,სიახლეები

პირი საქმის შეწყვეტას დაჰპირდა ბრალდებულს, რაშიც 100 000 დოლარი გამოართვა – პროკურატურა

15.08.2023 • 1868
პირი საქმის შეწყვეტას დაჰპირდა ბრალდებულს, რაშიც 100 000 დოლარი გამოართვა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ცალკეული თანამდებობის პირებთან და შეეძლო დახმარება მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში:

„აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: