მთავარი,სიახლეები

ოზურგეთში, შრომაში, კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 2,4 მილიონია გამოყოფილი

14.08.2023 • 1703
ოზურგეთში, შრომაში, კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 2,4 მილიონია გამოყოფილი

ოზურგეთის სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 470 910 ლარია.

სოფელ შრომის კულტურის სახლის შენობა 1953-1956 წლებშია აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

შენობის რეაბილიტაციაზე საუბარი 2022 წელს დაიწყო.

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2023-2024 წლების დაფინანსების ფარგლებში ჩატარდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ „შენობას პომპეზური და მხატვრულად გაფორმებული დარბაზი გააჩნია. ამ სივრცის მთავარი დეკორატიული აქცენტი მისი ჭერია, რომელიც უხვად არის მოხატული გასული საუკუნის 50-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ფიგურული კომპოზიციებით.“

სოფელ შრომის კულტურის სახლი /არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან

„ხანგრძლივი მოუვლელობის შედეგად შენობა, განსაკუთრებით დარბაზის ინტერიერი, უმძიმეს მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ჩაშლილია ხის იატაკები, დაზიანებულია მოხატული ჭერი, ჩამოცვენილია რელიეფები და ა.შ.“

„ობიექტის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებების შენარჩუნებასთან ერთად, აღნიშნული დოკუმენტაცია ითვალისწინებს მის გამართულ ფუნქციონირებას, თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.“ – აღნიშნულია ტენდერში.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტირებული შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

სოფელ შრომის კულტურის სახლი /არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და პირველ სექტემბერს დასრულდება.

კულტურის სახლის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

სოფელ შრომის კულტურის სახლი / რენდერი პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: