მთავარი,სიახლეები

მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი

13.08.2023 • 2923
მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან.

ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ბაჩი მექვაბიშვილის შემთხვევაში და არსებობს სხვა მაგალითებიც.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე აქამდე უპირობოდ აჯარიმებდა ყველას, ვინც „მონას“ ეძახდა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს. ამჯერად კი მან ის ხალხი დააჯარიმა, ვინც რუსული გემიდან ჩამოსული რუსი ტურისტის მიერ  ნათქვამმა იმ ფრაზამ გააბრაზა, „აფხაზეთის საქართველოსგან გათავისუფლებას“ რომ ეხებოდა.

ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს. მოსამართლეობამდე, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, იგი ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა.

2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ბათუმის აქციაზე დაკავებული ბექა გრიგორიადისი, რომელიც მოსამართლე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა, ასე ხსნის მოსამართლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილ განსაკუთრებულ სიმკაცრეს: „მას დაჭერილი ჰყავს შვილი ყაჩაღობაზე და ასრულებს მთავრობის ყველა ბინძურ დავალებას“.

ბათუმში აქციის მონაწილე რამდენიმე დაჯარიმებულს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იცავდა. ამ ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თამარ წულუკიძეს ვთხოვეთ, შეეფასებინა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ გამოყენებული სასჯელის ზომა რამდენად ადეკვატურია, როცა საქმე ეხება რუსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს.

თამარ წულუკიძემ თქვა, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან ემოციურია: „ყველა დააჯარიმა 2000 ლარით და თან ხაზს უსვამდა, რომ ყველაზე მცირე თანხა გამოიყენა მათ დასაჯარიმებლად და კარგად უნდა ეგრძნოთ ამის გამო თავი ამ ადამიანებს.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ მტკიცებულებად გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეები კი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ მხარეს და არიან სუბიექტურები. რიგ შემთხვევებში მათი ჩვენებები აცდენილი იყო იმასაც კი, რაც ახსნა-განმარტებაში უწერიათ. არაერთ შემთხვევაში აჟღერებდნენ არასწორ ინფორმაციას.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ასეთი მტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ მიიღოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და ცნოს პირი სამართალდამრღვევად, მაშინ, როცა საერთაშორისო და ეროვნული სამართლით დადგენილი სტანდარტია, რომ ნეიტრალურ მტკიცებულებას ენიჭება უპირატესობა.

ნეიტრალური მტკიცებულება არის ვიდეომასალა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები [დაკავებულები] არც ილანძღებოდნენ, არც იგინებოდნენ, არც მონას იძახდნენ, რაზეც პოლიციელები მიუთითებდნენ.

თუმცა თუნდაც „მონის“ ან სხვა სიტყვების დაძახება, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი გამოხატვა, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკით.

თამარ წულუკიძე

დადგენილია, რომ გამოხატვის ფორმა, აქციის არსიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, რადგან პროტესტის მიზანია დისკომფორტი შეუქმნას ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა. ბუნებრივია, ეს ფორმები ხანდახან შეიძლება კონკრეტული პირისთვის არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი.

ამ შემთხვევაში, თუნდაც რომელიმე მათგანს რომც დაეძახა „მონა“, „პუტინ ხუილო“, ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის იდეა. თუნდაც დაფიქსირებულიყო, რომ მსგავსი სიტყვები გამოიყენეს აქციის მონაწილეებმა, მოსამართლეს არ უნდა მიეჩნია, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

___

აქ წაიკითხეთ სხვა დეტალები ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/478772/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: