მთავარი,სიახლეები

„მანტიიდან ოცნების მაისური გიჩანს“ – ბათუმის აქციაზე დაჯარიმებული მოსამართლეს

11.08.2023 • 4097
„მანტიიდან ოცნების  მაისური გიჩანს“ – ბათუმის აქციაზე დაჯარიმებული მოსამართლეს

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები.

მანტიიდან „ოცნების“ მაისური გიჩანს – ასე მიმართა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს.

– „ორმა მოწმემ თქვა ტყუილი, ჩაქუჩიც რომ ჩამარტყათ შეგიძლიათ თავში?“ – მიმართა თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლეს.

-„შეგიძლიათ გაასაჩივროთ“ – უთხრა მას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

-„რა გავასაჩივრო, კადრი მაინც არ გენახათ ჩემთან ერთად, გაღიმებული ველაპარაკები პოლიციის უფროსს, ის მაინც არ გენახათ.. ბებიაჩემის დანაბარებს გადმოგცემთ, გურული ქალია – „მაგ სიმართლით იარეთ“ – ასე დამაბარა, თუ დაგაჯარიმოს ბებიაო…

იცი, რა არის, მაისური გიჩანს „ოცნების“ მანტიიდან, ეს არის არასწორი,“ – უთხრა მოსამართლეს თორნიკე კვერენჩხილაძემ.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ თორნიკე კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„მე არაფრის გადამხდელი არ ვარ, გავასაჩივრებ, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმეს იმედი მაქვს – არა,“ – თქვა მან.

_______________

27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერი შემოვიდა. გემ ASTORIA GRANDE-დან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. იმავე დღეს, მოქალაქეები გემის შემოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

_____________

ფოტოზე: კადრი ტვ პირველის მასალიდან. 

ამავე თემაზე:

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: