მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„ყველაზე კარგი ვარჯიში ნელი სიარულია“ – რეაბილიტაცია სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ

15.08.2023 • 2728
„ყველაზე კარგი ვარჯიში ნელი სიარულია“ – რეაბილიტაცია სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ

ენდოპროთეზირება ოპერაციაა, რომლის დროსაც  სხვადასხვა მიზეზით დაზიანებულ სახსარს ახალი, ხელოვნური სახსრით ცვლიან. ამ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ერთიდან სამი თვე გრძელდება. რეაბილიტაციის დრო დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ძვლის სტრუქტურის მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკსა და სხვა ფაქტორებზე.

რეაბილიტაციის პერიოდში სპეციალურ ვარჯიშებსა და შეზღუდვების დაცვას შეუძლია დააჩქაროს გამოჯანმრთელების პერიოდი. სპეციალისტების განმარტებით, ვარჯიშები აძლიერებს კუნთებს შეცვლილი სახსრის გარშემო, რაც ეხმარება კუნთებს სახსრის უკეთ დაჭერაში.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ფუტკარაძე ამბობს, რომ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ, რათა სახსარმა უმტკივნეულოდ იფუნქციონიროს და გაუმჯობესდეს მობილობა. ექიმის თქმით, საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია ორთოპედიული რეჟიმის დაცვა.

  • ბატონო გიორგი, რას მოიცავს რეაბილიტაცია ენდოპროთეზირების შემდეგ და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პერიოდი?

რეაბილიტაციის პერიოდი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის დაზიანებაა და რა ტიპის იმპლანტი იდგმება. ჩვენ განვიხილოთ სტანდარტული შემთხვევა, როცა პაციენტი რეაბილიტაციის პერიოდს გადის ოპერაციიდან პირველი სამი თვის განმავლობაში.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პროგრამები არ არის სათანადოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომი ყველასთვის. როგორც წესი, ამ ყველაფრის გაკეთება პაციენტს უწევს თავად, ანუ თვითონ ხდება საკუთარი თავის რეაბილიტოლოგი. ჩვენი მხრიდან კი პაციენტს ამ პროცესში ეძლევა ზუსტი რეკომენდაციები და ისეთი მნიშვნელოვანი რჩევები, როგორიცაა საწოლიდან სწორად ადგომა, დაჯდომა ისე, რომ არ გამოვიწვიოთ შემდგომი გართულებები.

როდესაც 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება ტკივილი და დისკომფორტი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რომ გამოვიკვლიოთ საიდან მოდის ეს ყოველივე, ხომ არ არის იმპლანტის შეუთავსებლობა ან ნევრალგიური ტკივილი.

  • ხშირად პაციენტებს, რომლებიც თბილისში იკეთებენ ოპერაციას, იქ დარჩენის სიძვირის გამო, მალევე უწევთ რეგიონში გამომგზავრება. რამდენად უსაფრთხოა ტრანსპორტირება ასეთ დროს?

თუ საჭირო გახდა ტრანსპორტირება, შეიძლება, მაგრამ პირველი 4 კვირის განმავლობაში სასურველია დასაფარი მანძილი იყოს მოკლე.

რაც შეეხება ავტომობილში ჩაჯდომას, ეს ძალიან საყურადღებოა, რადგან ამ დროს ხდება ორთოპედიული რეჟიმის დარღვევა და შეიძლება არასასურველი გართულებაც მივიღოთ. მანქანაში ჩაჯდომის დროს სასურველია პირველად პაციენტი მანქანის სავარძელზე დაჯდეს და შემდეგ შეაცუროს პარალელურად ორივე კიდური ავტომობილში; გადმოსვლის დროს, მოტრიალდება მჯდომი და ორივე ფეხს პარალელურად გადმოდგამს, შემდგომ ეყრდნობა ყავარჯნებს ან ჭოჭინას და დგება ფეხზე.

  • როგორი სიმაღლისა და სირბილის საწოლია ასეთი პაციენტისთვის რეკომენდებული?

ოპერაციის ჩატარებიდან, პირველი 4 კვირის განმავლობაში, პაციენტი უნდა იწვეს ორთოპედიულ ლეიბზე, რაც ნიშნავს, რომ საწოლი არ უნდა იყოს ზედმეტად რბილი. პოსტოპერაციულ პერიოდში რბილ საწოლზე წოლისას იზრდება სახსრის ამოვარდნილობის რისკი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პირველი 2 თვის განმავლობაში, დაწოლისა და წამოდგომის დროს, ნაოპერაციევი მხარე აღმოჩნდეს საწოლის გარე მხარეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პაციენტს შეუძლია ადგეს ნებისმიერ მხარეს.

პირველ პერიოდში პაციენტი ჯდება საწოლზე, რამდენიმე წუთს ყოვნდება და შემდგომ უკვე წამოდგება. წამოდგომის დროს ნაოპერაციევი ფეხი უნდა გადადგას წინ, დაეყრდნოს ჭოჭინას ორივე ზედა კიდურით და ისე წამოდგეს.

  • რა ნიშნები შეიძლება იყოს განსაკუთრებით საყურადღებო ენდოპროთეზირების შემდეგ?

უეცრად გაძლიერებული ტკივილი ნაოპერაციევ მიდამოში, შეშუპების წარმოქმნა, ასევე, სიწითლე ნაოპერაციევ მიდამოში, ჭრილობიდან გამონადენის არსებობა, ტემპერატურის მატება 38-დან ზემოთ და უეცარი წარმოქმნილი ტკივილი გულმკერდის არეში – ამ დროს აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ ექიმს.

მაგრამ არის ნიშნები, რომლებიც პაციენტებს პრობლემური ჰგონიათ, მაგრამ რეალურად ნორმად მიიჩნევა. მაგალითად, ზომიერად გამოხატული შეშუპება და კუნთების ტკივილი რეაბილიტაციის პერიოდში ნორმალურია, პირველი 2-3 კვირის განმავლობაში სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურში ასევე ნორმად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

  • რამდენი ხანი არის რეკომენდებული ყავარჯნის ტარება და რატომ? რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მასზე ნაადრევად უარის თქმამ?

პირველი 4 კვირის განმავლობაში სასურველია ყავარჯნის ტარება, შემდგომ უკვე ეს საკითხი უნდა განისაზღვროს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

ხშირი შემთხვევაა, როდესაც პაციენტები ნაკერების მოხსნაზე მოსულან ორ კვირაში და ყავარჯნები სულ არ ეჭირათ ხელში, მაგრამ ეს არის აგრესიული რეაბილიტაცია; უმჯობესია, სხეულს დავახმაროთ ყავარჯნები, ანთებით პროცესებს სჭირდება გარკვეული დრო, რომ სხეული მარტივად დაუბრუნდეს უმტკივნეულო ცხოვრების წესს. ნაადრევად ხელჯოხების გადადება გვერდზე არის დაჩქარებული, აგრესიული რეაბილიტაცია.

არასდროს დაეყრდნოთ ყავარჯენს იღლიის ღრმულებით, რადგან იქ გამავალი მნიშვნელოვანი ნერვი შეიძლება დაზიანდეს მუდმივი ზეწოლისგან.

  • რაში გვეხმარება ვარჯიში?

ენდოპროთეზირება შეიძლება მენჯ-ბარძაყის სახსარში ჩატარდეს როგორც მოტეხილობის გამო, ისე თანდაყოლილი დისპლაზიის ან ართროზის დროს. მოტეხილობის შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი უფრო ხანმოკლეა, სხვა შემთხვევებში კი იქ დაზიანებულია როგორც მენჯ-ბარძაყის სტრუქტურა, ისე ირგვლივ მდებარე კუნთოვანი ქსოვილი. ოპერაციის დროს ხდება ძვლის ჩანაცვლება/გამოცვლა, მაგრამ კუნთი ხომ იგივე რჩება, ამიტომ ამ კუნთს სჭირდება დამუშავება და შეჩვევა უკვე ახალ მოძრაობაზე.

  • რა მიზეზით შეიძლება ოპერაციის შემდეგ დარჩეს ტკივილი სახსარში?

ოპერაციის შემდგომ ტკივილი შეიძლება იყოს ნევრალგიური წარმოშობის. მაგალითად, როდესაც არის ოსტეოქონდროზი, თანდართულად შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერს ნევრალგიური ტკივილი, ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში უკვე ვრთავთ ნევროლოგს და, შესაძლოა, ნეიროქირურგს.

  •  რა იცვლება 3 თვის შემდეგ?

პირველი სამი თვის განმავლობაში უკვე არსებული იმპლანტის ირგვლივ ყალიბდება ერთგვარი კაფსულა, რომელიც მეტად კრავს სახსრის შეერთებას, რაც ამ ყველაფერს ამყარებს და ამოვარდნილობის რისკებს, თუნდაც დაცემის შემთხვევაში, ამცირებს, ოღონდ გააჩნია წაქცევის მექანიზმსაც. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, წაქცევა ავირიდოთ თავიდან, რადგან შესაძლოა მოხდეს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის დისლოკაცია, ამოვარდნილობა, მორყევა და პაციენტს დასჭირდეს კიდევ ერთი ოპერაცია.

საქმე ის არის, რომ როდესაც წლების განმავლობაში ართროზი არსებობს და სიარული დარღვეულია, დატვირთვის ცვლილებასთან ერთად ხერხემალში ხდება ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბება, რაც უკვე წარმოქმნის ნევრალგიურ ტკივილს.

  • პაციენტების დიდი ნაწილი სახლში დავალებულ ვარჯიშებს სანახევროდ აკეთებს. რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს? 

პაციენტების ნახევარზე მეტი თავისი შეხედულებისამებრ  ვარჯიშობს. როცა ირღვევა ექიმის რეკომენდაციები და ორთოპედიული რეჟიმი, გამოჯანმრთელების პერიოდი ხანგრძლივდება. საქმე ის არის, რომ პაციენტი რეაბილიტაციას გარკვეულწილად მაინც სიარულისას გადის. არის შემთხვევები, როდესაც ვაძლევთ სიარულისა და დატვირთვის რეკომენდაციებს, მაგრამ პაციენტი ზოგავს თავს, არ დადის, არ მოძრაობს და მიზეზად აღნიშნავს განმეორებით წაქცევის შიშს ან წარმოსახვით ტკივილს, რომ ვთქვათ და ეტკინოს.

ასეთ შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივდება.

ყველაზე კარგი ვარჯიში არის სიარული. პირველი ერთი თვის განმავლობაში პაციენტი ერთი, ნელი ტემპით, ნელი მოძრაობით უნდა გადაადგილდებოდეს.

ოპერაციიდან პირველ დღეებში ვდგამთ რამდენიმე ნაბიჯს და გარკვეული პერიოდის შემდგომ უკვე მანძილს ვზრდით. ესეც ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პაციენტზე.

საწოლში ვარჯიშები უნდა აწარმოოს პაციენტმა ნაოპერაციევი კიდურის მოხრის და გაშლის სახით. მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრილობა არ უნდა აღემატებოდეს 90- გრადუსიან კუთხეს.

პირველი რვა კვირის განმავლობაში არ შეიძლება ნაოპერაციევი კიდურის მოხრა 90 გრადუსზე მეტით; ფეხის ფეხზე გადადება, ფეხის გადაჯვარედინება, ფეხის შიგნით და გარეთ დატრიალება. მიუხედავად იმპლანტის ხარისხისა, ამ მოძრაობებით ხდება ნაოპერაციევი სახსრის გადაძაბვა/გადატვირთვა.

კიბეზე სიარული კარგია, მაგრამ მაღალ საფეხურზე ასვლას უნდა ვერიდოთ, უნდა გვახსოვდეს 90 გრადუსის წესი.

ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა პაციენტი აგვიანებს სიარულის დაწყებას. როცა თვეზე მეტ ხანს გრძელდება პასიური პერიოდი, ეს იწვევს კუნთის სისუსტეს, ატროფიას, ოსტეოპოროზს.

  • რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს პოსტოპერაციულ პერიოდში გადაჭარბებული აქტივობა, თუნდაც საშინაო შრომსა და სიმძიმეს აწევა?

სიმძიმის აწევისგან თავი უნდა შევიკავოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხელოვნური სახსარია, საკუთარი სახსარი უნიკალურია, ხელოვნური არის ალტერნატივა იმისა, რომ პაციენტს მოეხსნას ტკივილი და გააქტიურდეს დროულად, ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა.

ჩვენ ვურჩევთ პაციენტს, წონაც დაიკლოს, რათა ზედმეტი დატვირთვა ავარიდოთ სახსარს.

____________________________

სახსრის შეცვლის ოპერაცია, იგივე ენდოპროთეზირება შესაძლოა საჭირო გახდეს რევმატული და სხვა სახის ართრიტის, ტრავმების, ოსტეოპოროზის, თანდაყოლილი ანომალიებისა და სხვადასხვა დაზიანებების დროს.

ასეთი ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სხეულის ნებისმიერ სახსარზე, მათ შორის მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის, მხრის, მაჯის და თითების ჩათვლით, თუმცა ამ პროცედურებს შორის, ბარძაყისა და მუხლის სახსრის მთლიანი ჩანაცვლება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ყველაზე გავრცელებულია.

NCDC-ს მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს ძვალკუნთოვანი სისტემის 28 421 ოპერაცია ჩატარდა. მათ შორის ყველაზე მეტი იყო მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირება – 8 548 (2020 წელს – 7 535).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: