ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კონკურსი ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე

12.08.2023 • 4712
კონკურსი ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე

ბათუმის N1 პოლიკლინიკის და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ კონკურსი გამოაცხადა. ამავე კონკურსის ფარგლებში უნდა მომზადდეს პროექტი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაზე მიშენებასაც ითვალისწინებს.

ახალი შენობები „ძველი რესპუბლიკურის“ ადგილზე უნდა ააშენონ. „ახალ რესპუბლიკურს“ კი 4 სართულს გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების მხრიდან მიაშენებენ.

„ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის მშენებლობისათვის დამზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ადაპტაციის, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებულ შენობაზე მიშენებისა და ბათუმის N1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე,“ საკონკურსო თანხა 320 ათას 80 ლარია.

სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში, რომლის ადაპტაციაც საკონკურსო დავალებაა, ბათუმის მერიის სამმართველოს თავის დროზე 146 ათას 299 ლარი აქვს გადახდილი.

კონკურსში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

გამარჯვებულმა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 110 დღეში უნდა მოამზადოს. დამკვეთი კი, იტოვებს უფლებას წარმოდგენილი დოკუმენტები 15 დღის განმავლობაში განიხილოს. ამასთან, „შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საპროექტო გადაწყვეტა უნდა ჩასწორდეს არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა“.

აღნიშნული ვადების გათვალისწინებით, ცხადია, რომ 2023 წელს მშენებლობა ვერ დაიწყება. თუ კონკურსი შედგა, მაქსიმუმ, შესაძლოა მშენებლობაზე მხოლოდ ტენდერის გამოცხადება მოესწროს.

ბათუმის N1 პოლიკლინიკა და სასწრაფოს შენობა წელს რომ აღარ აშენდებოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დაახლოებით ერთი თვის წინაც წერდა.

ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ქალაქის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ განაცხადა, რაც ბათუმის მერიის სამმართველომ ერთი დღით ადრე 6,6-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა.

ეს ტენდერი მერიას მხოლოდ „სასწრაფოს“ მშენებლობაზე ჰქონდა გამოცხადებული.

კონკურსის გამოცხადებამდე, აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს იკვლევდა.

„ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო და შეთავაზება წარმოადგინა სამმა პოტენციურმა მიმწოდებელმა, რომელთა მიერ დაფიქსირებული იქნა 320 080, 350 000 და 400 000 ლარი დღგ-ს გარეშე.

ჩვენს მიერ უკვე ჩატარებული კონკურსების ანალიზის, პროექტის მოცულობისა და პოტენციური მიმწოდებლების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კონკურსის საწყის სავარაუდო ღირებულებად შესაძლებელია აღებული იქნას უმცირესი ფასი დღგ-ს გარეშე 320 080 ლარი, ხოლო მიწოდების ვადად 110 კალენდარული დღე.“ – აღნიშნულია საკონკურსო კომისიის ოქმში.

განახლება: აღნიშნული კონკურსი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ანალოგიური პირობებით და ფასით ხელახალი კონკურსი 2023 წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა. ხელახალ კონკურსში წინადადებების 2023 წლის 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დამთავრდება. 

ამ თემაზე:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: