მთავარი,სიახლეები

ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე

11.08.2023 • 2651
ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე

რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა და მეორე ის, თუ როგორ უნდა ელაპარაკა საზოგადოებასთან, რომ მოქალაქეებს დროულად მიეღოთ ინფორმაცია.

  • ბატონო ზვიად, სტიქიის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმია – ხელისუფლება არ თვლის თავს ვალდებულად საზოგადოებას სტიქიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. თქვენი აზრით, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე?

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი – რა უნდა გაეკეთებინა, რომ სამაშველო სამუშაოები წარმატებით განხორციელებულიყო და მეორე ის, რომ ასეთ დროს ჰქონოდა, რაც შეიძლება მეტი, ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხო, ყველა მოქალაქემ გაიზიარა, განიცადა. ბუნებრივია, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. აქ მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების როლი, ანუ ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ღია და ჰქონოდა ეს ორი სტრატეგიული ბერკეტი კარგად დამუშავებული და გააზრებული – ემართა კრიზისები და ჰქონოდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

ის, რაც ყველაზე მეტად დააკლდა ამ პროცესს და რაც ახლა ჩანს, [კრიზისის საწყის ეტაპზე ყველაზე კარგად ჩანდა], იყო ის, თუ რა ვერ მართა ხელისუფლებამ.

ყველა მისი შემდგომი ქმედება იყო გამოწვეული სწორედ იმით, რომ მან ეს ორი პრინციპი ვერ მართა. ეს პროცესი გრძელდება დღემდე.

  • დღემდე არ გვაქვს სია იმ ადამიანების, ვის ვეძებთ. არ ტარდება საინფორმაციო ბრიფინგები, საიდანაც საზოგადოება გაიგებს, რას აკეთებს ხელისუფლება. რა ტიპის მმართველობაა ეს?  

ამყოფო საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში, ეს არის ავტორიტარული მართვის წესი. რაც არ უნდა პრობლემა იყოს, თუ ამ პრობლემას მიჩქმალავ, არ აქვს მნიშვნელობა სუბიექტური მოტივებით იქნება ეს განპირობებული თუ ობიექტურით, ეს არის ავტორიტარული მართვისთვის დამახასიათებელი.

ავტორიტარული მართვაა პრობლემის მიჩქმალვა, ნაკლები ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, პრობლემის არსის გაბაიბურება და აქცენტების გადატანა სხვა საკითხებზე.

სხვა თემების გააქტიურებით, დისკუსიებით ისეთ თემებზე, რომელიც არ არის მოცემულ შემთხვევაში არსებითი, ავტორიტარული ხელისუფლება იგებს დროს.

ის [ხელისუფლება], რა თქმა უნდა, არ ხედავს გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მას შემოუბრუნდეს. მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ის გამოდის „გამარჯვებული“.

რაზე იმარჯვებს? ის იმარჯვებს საკუთარ საზოგადოებაზე, რომელსაც ტოვებს ინფორმაციულ ვაკუუმში და ეუბნება – შენ რაც არ უნდა მითხრა, ეს ეწინააღმდეგება ახლა პროცესის ნორმალურ წარმართვას.

ზვიად ქორიძე

ამ დროს რა კითხვები აქვს საზოგადოებას? საზოგადოებას აქვს ძალიან მარტივი კითხვები –  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის დაღუპული და მოხდა თუ არა ყველა გარდაცვლილის იდენტიფიცირება. ვისიც არ ხდება, რატომ არ ხდება. არის თუ არა დადგენილი სია იმ ადამიანების, ვისაც ეძებენ. ისეთი კომიკური სიტუაცია რომ არ შეიქმნას, ვიღაც კაცი იპოვეს თბილისში და მერე აღმოჩნდა, რომ ის კაცი საერთოდ არ ყოფილა რაჭაში.

რატომ აღმოჩნდა იმ სიაში ან აღმოჩნდა თუ არა არავინ არ იცის. რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია?

ეს იმას ნიშნავს, რომ სია ან არ აქვს ხელისუფლებას ან აქვს, მაგრამ არ უნდა მკაფიოობა შეიტანოს ამ პროცესში – უმალავს ამას საზოგადოებას. არ აწვდის ინფორმაციას ან იმიტომ, რომ არ იცის, ან არ უნდა რომ მიაწოდოს.

ცდილობს, მაქსიმალურად დაავიწროოს კატასტროფის არეალი. აჩვენოს, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა. არ გაამახვილოს ყურადღება მსხვერპლზე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში მისი საინფორმაციო სტრატეგია არის ასეთი.

ამას ემსახურება სწორედ ის, რომ მან დაავიწროვა ეს არეალი, სადაც შეიძლება ჟურნალისტებმა იმუშაონ. რატომ შეიძლება ჟურნალისტს შეუზღუდო მუშაობის უფლება სტიქიის ზონაში?

მიზანია ის, რომ საზოგადოებას არასრულყოფილად მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება სტიქიის ზონაში.

  • სახელისუფლებო ტროლ-ბოტების მხრიდან ტრაგედიის მეორე დღეს აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ „ახლა არ არის კითხვების და კრიტიკის დროს, ახლა უნდა ვიგლოვოთ“. რა სტრატეგიაა ეს?

გლოვას არ სჭირდება ხელისუფლების შემოძახილი. პატივიც უნდა მივაგოთ გარდაცვლილებს და ეს ტრაგედიაც უნდა გავიაზროთ. მაგრამ არ შეიძლება გლოვით გადაფარო სხვა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც გაგაჩნია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება იმისთვის არ არის არჩეული, რომ მან გლოვა გამოაცხადოს, ხელისუფლება არის არჩეული იმისთვის, რომ მან ზუსტად განსაზღვროს, როგორ აირიდოს თავიდან კრიზისები. სტიქიური უბედურებებისგან თავის არიდების გეგმები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პროაქტიული ვალდებულებაა.

კრიზისულ სიტუაციებში რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები ადამიანური დანაკარგებით იმოქმედოს. იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი არის ადამიანის სიცოცხლე და ამაზე უნდა იზრუნოს. მესამე უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რომ თუ რამე სადმე გამოეპარა, ამის გამოძიება დაიწყოს.

დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამისგან განსხვავებულ სტრატეგიას გვთავაზობს. ის გვეუბნება, რომ ყველაფერი უნდა დავმალოთ, დავფაროთ, რომ ახლა არ არის კითხვების დასმის და გამოძიების დრო. ახლა არ არის ჟურნალისტების აქტიურობის დრო და მეტიც, ახლა არ არის ვინმეს პასუხისმგებლობის გამოკვეთის დროს, რომ მან აგოს კონკრეტული ქმედების გამო პასუხი.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რაზე – ამ კრიზისის, უბედურების ფონზე, კიდევ ერთხელ დავსვათ საკითხი, არის თუ არა მოქალაქე დაცული ჩვენ საზოგადოებაში.

ეს არის მთავარი კითხვა. ამას ემსახურება ის აქტივობა, ის თავდაუზოგავი შრომა, რომლითაც ჩვენი კოლეგები გამოირჩევიან. პირველ დღეებში მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია დროულად მიაწოდეს საზოგადოებას, თორემ მე მახსოვს პირველ დღეს ხელისუფლება სახელისუფლებო არხებზე კმაყოფილებას გამოხატავდა მთელი საათების განმავლობაში, რომ ნახე რა წარმატებით ჩავატარეთ ოპერაცია – არცერთი დაღუპული არ არის, დროულად გავარიდეთ სტიქიის ზონას. ის საერთოდ არ საუბრობდა იმაზე, რომ სტიქიის ზონაში იყო ისეთი ადგილები, სადაც პრაქტიკულად აღარ დარჩა არანაირი ინფრასტრუქტურა და ადამიანებს ვერ პოულობდნენ.

როგორც კი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე რედაქციებმა დაიწყეს ყველაფრის მოკვლევა და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, მერე, რა თქმა უნდა, იგრძნეს გარკვეული დისკომფორტი მთავრობის წარმომადგენლებმა. ვნახეთ, რომ მხოლოდ მეორე დღეს ავიდა პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში და ჩვენ დღემდე არ ვიცით სად იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა ბევრი სტრუქტურის მუშაობა, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაში დღეს ჩანს.

ინფორმაციის თავისუფლებამ და საზოგადოების უფლებამ, რომ მოიპოვოს მეტი ინფორმაცია სტიქიურ უბედურებაზე და შემდეგ ამის შესაბამისად იმოქმედოს საზოგადოებამ, შეუქმნა დისკომფორტი მთავრობას. ამიტომ ხელისუფლებამ შესთავაზა საზოგადოებას მართვის ის წესი, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოსათვის არის დამახასიათებელი.

ეს არ არის ჩვეულებრივი, დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ხელისუფლების მართვის წესი. მან არ იცის, როგორ მართოს კრიზისი, მან იცის, როგორ შეზღუდოს ინფორმაცია. ეს არის ავტორიტარიზმის კლასიკური ბუნება.

  • თქვენი აზრით, რატომ მოიცალა სტიქიის დროს ხელისუფლებამ მედიაზე თავდასასხმელად?

ჩვენ რომ საქმე გვქონდეს პასუხისმგებლიან და ანგარიშვალდებულ ხელისუფლებასთან, მაშინ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს ჟურნალისტი, იქნებოდა ღირებული მათთვის.

არის არაზუსტი ეს ინფორმაცია? მიაწოდე მაშინ მეტი ინფორმაცია, გადაამოწმე და შესთავაზე საზოგადოებას და აჩვენე, რომ აქ, ამ ჟურნალისტმა დაუშვა შეცდომა. თუ ეს ჟურნალისტიც დარწმუნდება, რომ დაუშვა შეცდომა, ის ამას გაასწორებს.

რატომ არ დატოვა ყურადღების მიღმა მთავრობამ არცერთი ამბავი, რომელსაც ავრცელებდა „მთის ამბები“? მარტივი მიზეზის გამო – „მთის ამბების“ ყველა ჟურნალისტი ძალიან კარგად იცნობს ამ რეგიონს, კარგად იცნობს მთის პრობლემატიკას. ამავდროულად გამოცემა სვამდა კითხვებს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ეფექტური სამაშველო სამუშაოები პირველ საათებში. რატომ არ აღმოჩნდა ხელისუფლების არცერთი რგოლი მზად იმისთვის, რომ დროულად ეწარმოებინა სამაშველო პროცესები.

ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მოსწონდა და ამის გამო ამოიჩემა ეს მედიასაშუალება. ეს მედია ავრცელებდა იმ ინფორმაციას, რომელიც ზუსტიც იყო, გადამოწმებულიც და ისეთი ტიპის, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეეძლო. ამ დროს ნორმალური, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იტყოდა, რომ კი, ეს იყო პრობლემა. აქ დავაგვიანეთ. მაგრამ აი, ეს კარგად გავაკეთეთ. ის ამ შემთხვევაში იქნებოდა არა დაპირისპირებული მედიასთან, არამედ მედიის ყველა ინფორმაციაზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირების რეჟიმში.

ეს არის დემოკრატიული ხელისუფლების ბუნება. ავტორიტარული ხელისუფლება პირიქით – ცდილობს, ინფორმაცია დამალოს. აჩვენოს, რომ ყველაფერში ის არის მართალი და თუ ვინმე ხელს უშლის დღეს ხელისუფლების მუშაობას, ეს არის მედია. ამიტომ ის ბოლომდე ურტყამს ამას. ეს არის ავტორიტარიზმი. ის, ყველაზე მწვავე და ყველაზე ხელშესახები ადამიანებისთვის ხდება მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის კრიზისები ჩნდება. ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული კრიზისები და აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია არ გააჩნია.

  • ბევრი ტრაგედია გამოიარა ამ ქვეყანამ, მაგალითად, იყო თბილისის წყალდიდობა 13 ივნისს, ბათუმში სახლის ჩამონგრევა. ამ ტრაგედიების დროს ვნახეთ, რომ საზოგადოება იყო ერთიანი. არ იყო ხელისუფლების წინააღმდეგ. თითქოს იცდიდა და ელოდებოდა, რას გააკეთებდა ხელისუფლება. სხვაგვარად მოხდა ახლა, როცა ტრაგედიის პირველივე წუთებიდან ხელისუფლება და საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. თქვენი აზრით, რა მოვლენათა ერთობლიობამ განაპირობა ასეთი სურათი?

2015 წლის 13 ივნისს, ეს ის დრო იყო, როცა ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო ასე მწყობრად ავტორიტარულ რელსებზე გადასული. საზოგადოებამ იქ გამოიჩინა უფრო მეტი სოლიდარობა, უფრო მეტი სულისკვეთება თანადგომისა და ამ პრობლემის ერთად გამკლავებისა.

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად მეორდება ეს კრიზისები და გლოვის დღეები საქართველოში. ავტომატურად ჩნდება კითხვა, პრევენციულად რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს? როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება ჩაერთოს აი, ამ პროცესებში და ითამაშოს მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი მთავრობისთვის?

მთავრობას არ აწყობს ეს. მთავრობას ეს არ უნდა. ამიტომ ის ცდილობს ყველანაირად გარიყოს საზოგადოება ამ პროცესებისგან, დატოვოს ინფორმაციის გარეშე. ამას ხელს უწყობს ათასგვარი ჭორები, ტყუილ-მართალი. მერე საზოგადოება ერთმანეთთან ამოწმებს ამ ინფორმაციას.

კი სოციალური ქსელები დღეს უფრო განვითარებულია, ვიდრე წლების წინ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმები სოციალურ ქსელებში უფრო მაღალი და უფრო რაფინირებულია. არა, იგივე პრობლემებს აწყდება საზოგადოება თანამედროვე სოციალური ქსელების პირობებში, როდესაც ინფორმაცია ჩაკეტილია, როგორც ძველი სოციალური ურთიერთობების პირობებში იყო.

საინფორმაციო ვაკუუმში მოქცეული საზოგადოება, მუდმივად უნდა გყავდეს დამუხტული, პრესინგის ქვეშ. ამ პრესინგის საუკეთესო მექანიზმი არის ის, რასაც აკეთებს მთავრობა ტროლების ფაბრიკებით, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული – ცდილობენ, ამ კრიზისის პერიოდში საზოგადოების ყურადღება ძალიან უმნიშვნელო, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. გამოიწვიონ დისკუსია: არიონ და დარიონ სიტუაცია, რაც შეიძლება მეტი გაუგებრობა შემოიტანონ. მიმართონ ისრები ჟურნალისტების წინააღმდეგ; მიმართონ ისრები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მშვიდად გამოძვრნენ  სიტუაციიდან.

მთავრობის გამოძრომა რა არის, სახალხო მღელვარება ჩააცხროს, რაც შეიძლება მეტი გაურკვევლობა გააჩინოს საზოგადოებაში. დროც მოიგოს იმ თვალსაზრისით, რომ აი, რაზე დავიწყოთ მსჯელობა, რაზე ვიკამათოთ და როდის ვიკამათოთ.

ეს არის თავის დაძვრენის პოლიტიკა, საზოგადოების დეზორიენტირების პოლიტიკა – რაც შეიძლება მეტად დავქსაქსოთ საზოგადოება, რომ მკაფიო კითხვებზე ვერ მოახერხოს კონსოლიდირება. ამიტომაც ხელისუფლება მიმართავს ყველა მეთოდს, ეს პროცესი რომ გააბაიბუროს და შედეგი არის ზუსტად ეს – თავისი კომფორტის მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

სამწუხაროდ, ეს არის ავტორიტარული ხელისუფლების ბუნება. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, რადგან დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასე იქცევიან ავტორიტარული მმართველები. დემოკრატიული მმართველობა სხვანაირად იქცევა, თორემ სტიქიური უბედურება ყველგან ხდება. შეიძლება სტიქიური უბედურების დროს მსხვერპლიც იყოს. თუმცა დემოკრატიული მმართველობის პირობებში, სადაც არის მართვის გამჭვირვალე მექანიზმები, იქ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წინასწარი შეტყობინებების სქემები იყოს გამართული და ადამიანები დროულად გაიყვანონ სტიქიური უბედურებების ზონიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: