კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბულვარში ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლებს გადააადგილებენ და სკვერს მოაწყობენ

10.08.2023 • 14225
ბულვარში ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლებს გადააადგილებენ და სკვერს მოაწყობენ

ბათუმის ძველ ბულვარში, კოლონადებთან [ბამბუკების ხეივნის გასწვრივ] ბულვარის ადმინისტრაცია „სკვერის მოწყობას“ გეგმავს და სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 125 ათას 332 ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები აქ არსებული ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლების ადგილმონაცვლეობას ითვალისწინებს. ძეგლებს ამავე არეალში მოსაწყობ სკვერში ახალი პროექტის მიხედვით განათავსებენ.

„ახალი გეგმარების მიხედვით გადაწყდა, რომ ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლს ჩაუტარდეს დემონტაჟი და გადავიდეს პროექტის მიხედვით მითითებულ ადგილზე. ძეგლების პიედესტალი შეიფუთოს მაღალი ხარისხის მუქი ფერის ფერადი მარმარილოთი“.

ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლები ბათუმის ბულვარში / ამ ადგილზე ბულვარის ადმინისტრაცია სკვერის მოწყობას გეგმავს

კოლონადების გვერდით მდებარე ამ გამწვანებულ ტერიტორიაზე, ახალი პროექტის მიხედვით, დააგებენ გრანიტის ფილებს, დადგამენ სკამებს, საქანელებს, განაახლებენ ე.წ. „იასამნის ვაზას“ და ერთ ასეთს კიდევ დაამატებენ.

კოლონადების გვერდით გამწვანებული ზონა ბათუმის ბულვარში და ახალი სკვერის რენდერი ტენდერიდან

„ბათუმის ბულვარში კოლონადების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პირველი ოქტომბრიდან 60 დღის ვადაში“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

პრეტენდენტების წინადადებების მიღება კი 2023 წლის 25 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტოს დასრულდება.

ბულვარის ადმინისტრაციას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული „კოლონადების მიმდებარედ სკვერის გამწვანებისათვის ხე-მცენარების სახელმწიფო შესყიდვაზე“. ამ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 127 ათას 105 ლარია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: