მთავარი,სიახლეები

74 მილიონი ადრეული შეტყობინების სისტემისთვის – რა გვაქვს და რა უნდა გვქონოდა

09.08.2023 • 4522
74 მილიონი ადრეული შეტყობინების სისტემისთვის – რა გვაქვს და რა უნდა გვქონოდა

ენგური, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობი, კინტრიში, მტკვარი, რიონი, ხრამი-ქცია, ალაზანი, იორი – ეს ის მდინარეებია, რომელთა აუზში ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა შემუშავდეს შვიდი კლიმატურ საფრთხისათვის – წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა, ზვავი და ძლიერი ქარი.

ამისთვის საერთაშორისო ფონდებიდან და საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამურად 74 მილიონი დოლარი გამოიყო.

პროექტი 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, არცერთ მდინარეზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟებული არაა.

ამ სტატიაში ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა მაშინ, როცა გვაქვს ფული იმისათვის, რომ ეს სისტემა გვქონდეს.

  • რა არის ადრეული გაფრთხილების სისტემა და რატომ გვჭირდება ის

ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს საფრთხეების მონიტორინგს, პროგნოზირებას, კატასტროფების რისკის შეფასებას და მზადყოფნას.

ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულად ფუნქციონირება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ბიზნესსა და მთავრობას, რომ მიიღონ დროული ზომები, კატასტროფის რისკების შესამცირებლად წინასწარ, სანამ სტიქია განვითარდება.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა მოიცავდეს ოთხ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს:

  • სისტემატურად უნდა გროვდებოდეს მონაცემები მოსალოდნელი კატასტროფის რისკზე და ხდებოდეს მისი შეფასება,
  • უნდა ვლინდებოდეს საფრთხე და მისი შესაძლო შედეგები, მონიტორინგი, ასევე ანალიზი და პროგნოზირება,
  • ოფიციალურმა წყარომ უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა დროულად და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეზე,
  • ყველა დონეზე უნდა იყოს მზადყოფნა მიღებულ გაფრთხილებაზე სწრაფი რეაგირებისათვის.

ვინ ეხმარება საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვაში

საქართველომ 2018 წელს კლიმატის მწვანე ფონდისგან (GCF) 27 მილიონი აშშ დოლარი მიიღო მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებისთვის.

ეს იყო შესაძლებლობა კლიმატის ცვლილების მიმართ სისტემური მიდგომები განვითარებულიყო ქვეყანაში და საქართველოს დაენერგა მსოფლიო გამოცდილებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება.

ამ დაფინანსებას დაემატა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ 5 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი – „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ 4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით – „კლიმატის ცვლილების რისკებისადმი თემების მედეგობის გაძლიერება“.

გარდა საერთაშორისო დაფინანსებისა, საქართველომ პროგრამის განხორციელებისთვის 38 მილიონი დოლარის თანადაფინანსება გამოყო.

ჯამში საქართველოს 2019 წლის დასაწყისისათვის, იმ დროისთვის, როდესაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო, ჰქონდა 74 მილიონი აშშ დოლარი 11 მდინარის აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემის დასამონტაჟებლად.

აქედან 38 მილიონი საქართველოს ბიუჯეტიდან, 36 მილიონი დოლარი კი საერთაშორისო დახმარება.

ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამას სათავეში უდგას საქართველოს მთავრობა, კერძოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საერთაშორისო დახმარებით განხორციელებული პროექტების მართვას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.

  • რა გაკეთდა პროექტის დაწყებიდან დღემდე

გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს დაწყებული პროექტის თანახმად, საქართველოში 11 მდინარის აუზში უნდა დანერგილიყო ადრეული შეტყობინების სისტემა, „ბათუმელები“ დაინტერესდა 2023 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, რამდენ მდინარის აუზში იყო უკვე დანერგილი ეს სისტემა და რომელი იყო ეს მდინარეები.

„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა როგორც გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში, ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

პროექტის დაწყებიდან დღემდე 4 წელი და რვა თვეა გასული. რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში, ეს იყო „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც წერილობით უპასუხა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

„2019 წლიდან მიღწეულია შემდეგი შედეგები: 2021 წელს, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF) წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.

ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება გარემოს ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით. საქართველოში უკვე არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონიტორინგის სადგურებს დაემატა 51 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო, რის შედეგადაც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სიზუსტე. პროგრამის დასრულებამდე დამატებით დაგეგმილია 98 სადგურის დამონტაჟება.

სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური.

11 ადგილზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები. მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი და მიმდინარეობს ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება, რაც მონიტორინგის სადგურებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს,“ – ნათქვამია წერილობით მოწოდებულ ინფორმაციაში.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) შეფასებისა და მოდელირებისთვის. UNDP-ის დახმარებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა აღნიშნული საფრთხეების რუკები დასავლეთ საქართველოს 7 მთავარი მდინარის აუზისთვის (კინტრიში, ნატანები, სუფსა, ენგური, რიონი, ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი). მიმდინარეობს ამ მდინარეებზე რისკების შეფასება შესაბამისი მეთოდოლოგიით, რაც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მორგებულია საქართველოს კონტექსტს.

„მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო სისტემის  შემუშავება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და მოსახლეობას მიეწოდებოდეს ზუსტი და სანდო ინფორმაცია არსებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. ამ ეტაპზე, სისტემა ტესტირების რეჟიმშია. მისი დანერგვა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შექმნის პროცესშია წყალდიდობის პროგნოზირების პლატფორმა, რომლის ტესტირება ამჟამად მიმდინარეობს.

შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები 6 მუნიციპალიტეტისთვის (თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი). გრძელდება აღნიშნული გეგმების მომზადება თბილისის, აბაშის, სენაკის, სამტრედიისა და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის.

საფრთხის რუკებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მზადდება ზონირების საკანონმდებლო გზამკვლევი. ამ დოკუმენტში მოცემული სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულო იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელებისას,“ – მოგვწერა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

ანნა ჩერნიშოვას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი 100 დასახლების გამოვლენა.

„ამ ეტაპზე გამოვლენილია 15 მოწყვლადი თემი სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზებში, სადაც დაგეგმილია რისკის მართვის გეგმების შემუშავება და პრიორიტეტული ღონისძიების გატარება. მათ შორის სირენების შეძენა და დამონტაჟება, არა-სტრუქტურული ბიო-საინჟინრო ღონისძიებების გატარება (მაგ: აგროსატყეო ღონისძიებები, ჭალის ტყეების განაშენიანება, კალაპოტების გაწმენდა, ა.შ.). მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 7 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით,“ – მოგვწერა ანნა ჩერნიშოვამ.

გაეროს განვითარების პროგრამიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრული ვადა ამოიწურება, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასა და დანერგვას განაპირობებს.

„ამით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მართვის სისტემის დანერგვა, რა თქმა უნდა, არ დასრულდება. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივ ჩართულობას და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.  პროგრამის განხორციელება კარგ საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კლიმატგონივრული და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც სათანადოდ შეძლებს არსებული საფრთხეებისა და რისკების შეფასებას, გაატარებს პრევენციულ და ადაპტაციურ ზომებს და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად და ეფექტურად მოახდენს კატასტროფებზე რეაგირებას,“ – განმარტავს ანნა ჩერნიშოვა.

„ბათუმელებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ჰკითხა, რომელი მდინარის აუზში იყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა

„აღსანიშნავია, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა არ კეთდება ინდივიდუალურად თითოეული მდინარისთვის, არამედ ეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოიცავს არაერთ მდინარეს და  აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობას, კერძოდ:

  • ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის რისკების იდენტიფიცირებას;
  • მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ქსელის სრულყოფას;
  • მონაცემთა შეკრება და გავრცელების საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო თანამედროვე სისტემების დანერგვას;
  • ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების რიცხვითი მოდელების თვლის სისტემის დანერგვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუნდაც 1 მდინარისთვის ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა მოითხოვს ზემოხსენებული ღონისძიებების დასრულებას, რომელთა შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზემოთ, ანუ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ კომპონენტების შესრულებაზე მუშაობა, რომლის დასრულება დაგეგმილია 2025 წელს. 2025 წელს მთლიანად დასრულდება ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას,“ – მოგვწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: