ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ მოაწყო ბათუმის მერიამ ღამის თავშესაფარი 2 წლის განმავლობაში

10.08.2023 • 2139
რატომ ვერ მოაწყო ბათუმის მერიამ ღამის თავშესაფარი 2 წლის განმავლობაში

ბათუმის ღამის თავშესაფრის შენობა, რომლის რემონტი 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, კვლავ დაუმთავრებელია. სამუშაოებისთვის 2,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ამჟამად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 50 უსახლკარო ადამიანისთვის ორი კერძო სახლია დაქირავებული და ქალაქის ბიუჯეტიდან მეორე წელია, ყოველთვიურად, ქირა, ჯამში 8 ათასი ლარი იხარჯება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბეგი ჯორჯიასთან“, რომელიც შენობას არემონტებდა, ხელშეკრულება 2023 წლის იანვარში ცალმხრივად შეწყვიტა.

ბრძანების მიხედვით, სახელშეკრულებო ღირებულება 2 494 995 ლარი იყო, კომპანიას კი მხოლოდ 506 159 ლარის სამუშაოები [დაახლოებით 25%] ჰქონდა შესრულებული.

შეწყვეტის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის დროს საჭირო გახდა პროექტის კორექტირება, თუმცა, „ბეგი ჯორჯიას“ შეეძლო კორექტირების პერიოდში ეწარმოებინა სამუშაოები, რომლებიც არ საჭიროებდნენ ცვლილებას, რაც კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა.

ამ და სხვა მიზეზების გამო, სამმართველომ ხელშეკრულება შეწყვიტა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კომპანიისთვის უკვე გადარიცხული იყო 480 851 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი, კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ჯამში 434 449 ლარის გადახდა დააკისრეს.

ბრძანების მიხედვით, პირგასამტეხლო კომპანიას „მიმწოდებლის მიერ ბრძანების ჩაბარებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში“ უნდა გადაეხადა.

მერიის სამმართველოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, გადაიხადა თუ არა „ბეგი ჯორჯიამ“ პირგასამტეხლო და რამდენი, თუმცა, სამმართველომ ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

„ბათუმელები“ კომპანია „ბეგი ჯორჯიასაც“ დაუკავშირდა, თუმცა, კომპანიაში აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ამჯერად არ ისურვეს.

2022 წლის ნოემბერში კი, კომპანიაში განაცხადეს – „განხორციელდა პროექტის კორექტირება რამდენჯერმე, ამან გამოიწვია ცვლილება, მაგრამ ჯერ ვადები გვაქვს და სამუშაოებს ვაგრძელებთ“.

მაშინ ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში წერდა, რომ კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა.

მერიის სამმართველოში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ ყველა დოკუმენტაცია აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით ატვირთულია შესყიდვების პორტალზე. თუმცა, ის ინფორმაცია, რაც სამმართველოდან მოვითხოვეთ, პორტალზე არ დევს.

  • რა ირკვევა შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით

ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიასა და სამმართველოს შორის 2023 წლის 23 აგვისტოს დაიდო, ცვლილება ოთხჯერ შევიდა.

პირველი ცვლილების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიამ სარემონტო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში მხოლოდ იმის გამო ვერ დაიწყო, რომ ბათუმის მერიამ შენობიდან მობინადრეები დროულად ვერ გაიყვანა. ამის გამო, სამუშაოების დასრულების ვადაც გადაწიეს.

„სამუშაოები ნამდვილად შეჩერებული იყო 2021 წლის 23 აგვისტოდან 21 ნოემბრამდე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შპს „ბეგი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულებაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. კერძოდ: სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით [ 2022 წლის 30 ოქტომბრის ნაცვლად]“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა იმისა, რომ შენობიდან მობინადრეები დროულად არ გაიყვანეს, კომპანია სამმართველოში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს, რომ „ამ შენობაში გახსნილი იყო თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად N79 ოლქის N27 უბანი, სადაც უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 30 ოქტომბერს განმეორებითი ტური. გამომდინარე აქედან, შეუძლებელი იყო მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის ნორმების გათვალისწინებით იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისით სამუშაოების დაწყება.“

მეორე ცვლილებით, ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტიდან ამოიღეს მიმწოდებლის მიერ ეტაპობრივი ექსპერტიზების წარმოდგენის ვალდებულება და ჩაწერეს, რომ „ობიექტის დასრულებისას ანგარიშსწორება განხორციელდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ“. 

მესამე ცვლილებით სამუშაოების ზედამხედველი შეცვალეს. თავიდან, როგორც ცვლილების დოკუმენტშია აღნიშნული, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა სამმართველოს მონიტორინგისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების შტატგარეშე ტექნიკური ზედამხედველი კონსტანტინე გუმბერიძე.

შტატგარეშე ზედამხედველი 2022 წლის 24 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ზაისი და კომპანიათი“ ჩაანაცვლეს.

მეოთხე ცვლილება ერთი შეხედვით უპრეცედენტოა. „ბეგი ჯორჯიას“ შენობაზე მეოთხე სართული უნდა დაეშენებინა, თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ მოითხოვა, რომ მეოთხე სართული აღარ დაეშენებინათ.

ამ მოთხოვნიდან ერთ თვეში [2022 წლის მარტში] საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დაუკავშირდა პროექტის შემდგენ კომპანია „აჭარკაპმშენს“, რომელმაც კორექტირებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ობიექტზე სამუშაოების დაწყებიდან მეცხრე თვეს, 2022 წლის 18 აგვისტოს წარმოადგინა.

„ბეგი ჯორჯიამ“ კი, იმავე წლის 14 სექტემბერს გადაუგზავნა სამმართველოს განახლებული ხარჯთაღრიცხვა.

„ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შემცირდა 170 429 ლარით და საბოლოო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 324 566 ლარს.“ – ჩაიწერა ხელშეკრულებაში.

ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს, რომელსაც ექვემდებარება ღამის თავშესაფარი, „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რით იყო განპირობებული ის, რომ მეოთხე სართულის დაშენება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის შემდეგ ამოიღეს.

„ჩვენ არ გვჭირდებოდა დამატებითი სართული და ამოვაღებინეთ. იყო ადრე ძველი პროექტი გაკეთებული, იმ პროექტით ისარგებლეს. იქ იყო ოთხი სართული და დატოვეს ისე. მერე მე რომ ვნახე, ვუთხარი, რომ არ გვჭირდებოდა ჩვენ მეოთხე სართული და გადავაკეთებინეთ“ – გვითხრა სატელეფონო საუბრისას ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა შამილიშვილმა.

პროექტი, რომლითაც შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2021 წელს გამოაცხადეს, 2015 წელსაა მომზადებული [მაშინ საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე].

შენობის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებიდან მერვე და ტენდერის დასრულებიდან მეორე წელს ღამის თავშესაფრის შენობა ასე გამოიყურება:

მამუკა შამილიშვილმა „ბათუმელებთან“ ასევე განაცხადა, რომ მას შენობის სარემონტო სამუშაოებთან შეხება არ აქვს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „მე ველოდები როდის დამთავრდება, რომ გადავიდეთ“ – გვითხრა მან.

„ბეგი და ჯორჯია“ თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მერიის სამმართველოს გაუგზავნა, სხვა არაერთ ხელისშემშლელ მიზეზებზე საუბრობს, რამაც შეაფერხა სამუშაოების დასრულება.

სამმართველომ, როგორც მიმოწერიდან ჩანს, უმეტესობა მიზეზებისა არ გაითვალისწინა და კომპანიას ისიც მიწერეს, რომ მან „სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განაახლა, რაც მისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.“

„…ჯამურად სამუშაოების პერიოდში გაცდენილი დღეები, რომელიც არ იყო გამოწვეული კომპანიის მხრიდან არსებული სუბიექტური მიზეზების და პრობლემების გამო, შეადგენს 345 დღეს. ვადის გაგრძელება კი განხორციელდა მხოლოდ 54 დღით.

აუცილებლად აღსანიშნავია და გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე კომპანიას შეძენილი და მობილიზებული აქვს მთელი რიგი სამშენებლო და სამონტაჟო მასალები, კერძოდ ლიფტები, კერამოგრანიტის და მეტლახის ფილები, თაბაშირმუყაოს ფილები, წებოცემენტი, პენოპლასტის ფილები, ელექტროობის და სუსტი დენების კაბელები, გათბობის და წყალკანალიზაციის მილები და ფიტინგები, სამშენებლო ბლოკი, ქვიშა-ცემენტი და საღებავები, რომელთა ჯამური ღირებულება არის 300 000 ლარის ფარგლებში და ამის დასტურად შეგვიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, ყველა ინფორმაცია მიიღოთ ცნობად და სამუშაოების სრულფასოვნად განსახორციელებლად და დასასრულებლად სამუშაოების მოქმედების ვადა საჯარიმო სანქციების გარეშე გაგვიგრძელოთ [291 დღით] 2023 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“ – აღნიშნულია „ბეგი და ჯორჯიას“ მიერ მერიის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს გაგზავნილ წერილში.

თუმცა სამმართველომ, როგორც აღვნიშნეთ, კომპანიის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2023 წლის იანვარში, ხელშეკრულება შეწყვიტა.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ღამის თავშესაფრის რეაბილიტაციის დასრულებაზე ტენდერი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა, არა კონკრეტულად ამ შენობაზე.

სამმართველომ რამდენიმე ობიექტი გააერთიანა და ტენდერი 14 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა ობიექტზე სამუშაოები 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს [ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 18 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება].

განახლება: 14 769 915 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სამმართველომ იგივე მომსახურების შესყიდვაზე ამჯერად 2 ტენდერი გამოაცხადა. 

ამავე თემაზე:

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: