მთავარი,სიახლეები

„როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, მთავრობა ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს“

09.08.2023 • 7468
„როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, მთავრობა ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს“

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – „ევროპული და ქართული იდენტობა“ იმართება. დასწრება თავისუფალია. ლექციამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ბერძენიშვილი „ბათუმელებს” საქართველოს ევროპულ მომავალზე, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ლევან ბერძენიშვილი: 

„ჩვენ აქამდე ორ სუბიექტთან გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ ევროპა ვართ: საკუთარ თავთან, ჩვენსავე მოსახლეობასთან, რაც ადვილი ამოცანა გვეგონა და მეორე – ევროპასთან, რაც რთული ამოცანა გვეგონა, რადგან ევროპა გვეუბნებოდა – არ ხართ ევროპაო.

თუ გახსოვთ, პრეზიდენტმა სარკოზიმ გვითხრა ერთხელ: რუკას დახედეთ და იმის მიხედვით გადაწყვიტეთო. ახლა სხვა დრო დადგა. გერმანია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც არ აღიარებდა ჩვენ ევროპულ პერსპექტივას. მაგრამ ახლა კანცლერი ოლაფ შოლცი, ისევე როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობა [რომელიც ასევე გერმანულია] არ უშვებს შემთხვევას, რომ ევროპა არ ახსენოს პორტუგალიიდან საქართველომდე.

ქალბატონი მერკელის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიარა ჩვენი პერსპექტივა. ჩვენი მთავარი ამოცანა, გვეჩვენებინა ევროპისთვის, რომ ევროპელები ვართ, ჩვენდაუნებურად შევასრულეთ. მათაც დაინახეს, რომ საქართველო ევროპაა. ეს არ იყო ძნელი მისახვედრი ქართული კულტურის, მისწრაფებების, საქართველოს ისტორიის მიხედვით.

ახლა ევროპაში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველო ევროპაა. უბრალოდ გვითხრეს, რომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ამოცანებს უნდა გავართვათ თავი. ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი გვაქვს.

მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს.

მე ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ჩვენ 2012 წელს ვთანამშრომლობდით ბიძინა ივანიშვილთან და ოთხი წელი ვიყავით ერთად კოალიციაში, 2 წელი ვიყავით მთავრობაშიც, გვყავდა მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეებიც გვყავდა რესპუბლიკურ პარტიას.

მე ვხელმძღვანელობდი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ბოლო წლების განმავლობაში. მაგ დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი პარტნიორები, ასე შორს წავიდოდნენ ევროპისგან. ისე კი ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა ნატოსთან დაკავშირებით სკეფსისი, პირველივე დღიდან, მაგრამ ევროკავშირთან – თითქოს არა.

ახლა ნათლად გამოვლინდა, რომ ეს მტერი თავიდანვე ჩაგვინერგა რუსეთმა ამოცანით – დააშოროს საქართველო ევროპას.

ის, რომ ევროპა ქართველობას გვართმევს, სიბრიყვეა, გაუნათლებლობა. ამას ან იდიოტები ამბობენ, ან რუსეთისგან დაფინანსებული აგენტები. ნორმალური, გონიერი ადამიანი ამას ვერ იტყვის. ევროპა იდენტობას არავის ართმევს. სად გაგონილა ეს ამბავი. რახან ევროპაშია ორივე ქვეყანა, ამიტომ ფრანგები და გერმანელები ერთი ხალხია? ერთი ინტერესები აქვთ და დაკარგეს იდენტობა ?

ეს ხალხი ერთი და იგივე რომ იყოს, საფრანგეთს როგორ ეყოლება ნობელის პრემიის 16 ლაურეატი, პოლონეთს – 5, ჩეხეთს კიდევ ერთი.

ერთ ჭკუაზეა ყველა ეს ხალხი? ასე რომ იყოს, რატომ იქნებოდა მათ შორის ამხელა განსხვავება, რატომ იქნება ფეხბურთში, მაგალითად, საფრანგეთის ნაკრები ორჯერ ჩემპიონი და ჩეხეთის – არც ერთხელ. რას ნიშნავს ერთნაირი ხალხი?

ევროპა ერთიანია სწორედ იმით, რომ განსხვავებულებისგან შედგება. ევროპის ძალა განსხვავებულთა ერთიანობაშია. ძალა ერთობაშია, ოღონდ არა ერთნაირთა ერთობაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაში. ეს მგონი არავისთვისაა საიდუმლო და ევროპა ერთად არის დიდი ძალა.

გარდა ამ ყველაფრისა, ევროპა ჩვენთვის არის უზარმაზარი, 750-მილიონიანი ბაზარი, რომელთანაც არ გვაქვს შეზღუდვა ვაჭრობაში. საქართველოს შეუძლია ძალიან სერიოზული ეკონომიკური პროექტები განახორციელოს.

და ჩვენ გვარწმუნებენ, რომ რუსი ტურისტი შემოვა, ხაჭაპურს იყიდის და ამით გამდიდრდება საქართველო. შეიძლება ასეთი იდიოტი იყოს ხელისუფლებაში და ხალხმა ეს აიტანოს?

ყველაფერი ერთ რამეს გვაჩვენებს: წინააღმდეგობის გარეშე არაფერი გამოვა. მაგალითად, ბათუმმა გაუწია წინააღმდეგობა რუსულ კრუიზს.  ამ თვალსაზრისით ბათუმი ყოველთვის გამორჩეული ქალაქი იყო.

ჩვენ ბევრი კარგი ქალაქი გვაქვს, მაგრამ ტრაბახზე როცა მიდგება საქმე, პოლიტიკურად სატრაბახო ორი ქალაქი გვაქვს: თბილისი და ბათუმი. გაიხსენეთ 80-იანი, 90-იანი წლები. დუმდა ყველა სხვა ქალაქი, არც მინდა ვთქვა. ვერ გამოავლინეს თავი.

ბათუმმა გამოავლინა. იმიტომ, რომ ეს ყველაზე ევროპული ქალაქია საქართველოში, აქ უცხოელი არასდროს იყო უცხო. თბილისში რომ 8 მანეთი ღირდა, მაგალითად, „მალბორო“, ბათუმში ღირდა მანეთი – ფერსაფასთან. უცხოელებთან კონტაქტი პირველად აქ ხდებოდა.

მეცხრე კლასში ვიყიდე ჯინსი, სკოლაში მივედი და კინაღამ მომკლეს მასწავლებლებმა. შევინახე, ჩოხატაურში ჩავიცვამ-მეთქი, მაგრამ ჩოხატაურის დრო რომ დადგა, აღარ ჩამეტია. 20 დოლარი მივეცი. დოლარი მქონდა! ანუ დასაჭერი ვიყავი. 1000 დოლარზე უკვე დახვრეტა იყო.

ასე ჩამოყალიბდა ევროპული ქალაქი ბათუმი, ასე ყალიბდება პორტები, ქალაქები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ და მათ შორის ლინგვა ფრანკა ყალიბდება.

ჩემს ეზოში, მაშინდელ გორკის ქუჩაზე, პირველ ნომერში, ქართველები, მართალია, უმცირესობაში არ ვიყავით, მაგრამ თითქმის იმდენივე იყო არაქართული ოჯახიც. აზერბაიჯანელები, უკრაინელები, რუსები, სომხები… ლინგვა ფრანკა იყო რუსული. ამის გამო ცუდ ქართველებად არ ჩამოვყალიბებულვართ. გვქონდა ეს ურთიერთობები. ესაა ევროპული მიდგომა: როცა უმცირესობა არსებობს, არსებობს უმრავლესობა და რაღაც გაგებაა მათ შორის.

ახლა, როცა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ევროპელობა უძვირფასესი მონაპოვარია.

ჩვენ ევროპელობა ირაკლი ღარიბაშვილთან არ გვაქვს სამტკიცებელი. ჩვენ ევროპული ძეგლი გვაქვს დაწერილი – ევროპაში პირველი დიდი ძეგლი დავწერეთ ჩვენ, ქართველებმა და მას „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია.

100 წლის შემდეგ დაიწერა დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“. ერთიც და მეორეც ევროპული კულტურის ძეგლებია. ჩვენ ქრისტიანული კულტურის პირველი დიდი წიგნი დავწერეთ მთელ მსოფლიოში.

ღარიბაშვილმა ეს იცის – არ იცის, ვერ გეტყვით. მას რომ ვუყურებ, ტირილი მინდება, გაუნათლებლობა პირდაპირ გამოსჭვივის, აზრზე არ არის, წარმოდგენა არ აქვს არაფერზე ადამიანს.

მაგრამ მარტო რუსთაველს ვერ ვახსენებთ. დავით აღმაშენებლის პოლიტიკა ევროპულია. დაიბარა თავადები და უთხრა, ორი აკადემია გაქვთ, შეიყვანეთ შვილები და წერა-კითხვა ასწავლეთო. აღმაშენებელმა ასე შექმნა მკითხველი საზოგადოება, რასაც მალევე მოჰყვა „ვეფხისტყაოსანი“.

„ვეფხისტყაოსანი“ ვერ დაიწერებოდა, თუ მკითხველი არ იქნებოდა. თუ დაიწერებოდა – დაიკარგებოდა, რადგან ნაწერს მკითხველი სჭირდება.

მკითხველი კი უნდა იყოს არა ეკლესია, არამედ სახელმწიფო – ეს გააკეთა დავით აღმაშენებელმა. გამიჯნა სახელმწიფო და ეკლესია. ესაა ევროპული მიდგომა.

მეზობელ ირანში არაა გამიჯნული სახელმწიფო და რელიგია. აიათოლა არის ქვეყნის დირექტორი და არა პრეზიდენტი.

პრეზიდენტს საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება, ისევე როგორც ჩვენთან არაფერს ეკითხებიან, მაგრამ ირანში სტრუქტურულადაა ასე, რომ აიათოლები წყვეტენ ყველაფერს.

არის ასეთი პატარა ადგილი ყუმი, სადაც იკრიბებიან და წყვეტენ, ქალებს რა უნდა ეხუროთ თავზე, კაცებმა როგორ უნდა იარონ. კაცი და ქალი ქუჩაში ერთად რომ მიდის, თუ ნათესავები არ არიან, შეიძლება დააპატიმრონ.

ჩვენ ხომ ასეთ ქვეყანას არ ვაშენებთ. ჩვენ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ევროპულ ქვეყანაში მოქმედი წესები რაც არის, იმას ეწინააღმდეგებიან ახლა და გვეუბნებიან, რომ უკრაინამ ომი იმიტომ დაიწყო, რომ ნატოში უნდოდა და ესე იგი, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ნატოში. მეორეც: გვეუბნებიან, რომ ყველაფერზე მაღლა მშვიდობა დგას. მიხეილ სააკაშვილის დანაშაულია, რომ ომი თავიდან ვერ აიცილაო. მართლა? რუსეთთან ომის თავიდან აცილება ვინმეს შეუძლია? ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია?

სერიოზულად ფიქრობს, რომ 2008 წელს პრემიერი რომ ყოფილიყო, აირიდებდა ომს?!

რუსეთს ყოველ წუთს შეუძლია ომი დაიწყოს და ირაკლი ღარიბაშვილი ამ საქმეს ვერ უშველის. ამ საქმეს უშველის არმიის მოძლიერება და წინააღმდეგობის გაწევა.

რახან წიგნების კითხვა მაგათ [მთავრობის წევრებს] არ შეუძლიათ, იქნებ ფილმის ნახვა შეძლონ: მე მათ ვურჩევდი ფილმს, სადაც გარი ოლდმენმა ჩერჩილის როლი შეასრულა და ოსკარი მიიღო ამ როლისთვის.

ეს ფილმი მაინც ნახონ, სადაც მოლაპარაკება უნდა დაეწყოთ რუსეთთან და წყდებოდა, რუსეთის კოლონია უნდა გამხდარიყო თუ ომში უნდა შესულიყო ინგლისი. ინგლისმა ვაჟკაცურად ბრძოლა გადაწყვიტა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იქნებ ფილმით მაინც გაიგოს ჭეშმარიტება, რახან წიგნით ვერ იგებს, მაგრამ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს, რომელიც უბრალოდ რუსეთის დასმულია. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას აქვს ამოცანა – არჩევნების გზით მოვიშოროთ „ქართული ოცნება“, რომელმაც გამოამჟღავნა თავი, როგორც რუსეთის აგენტურის პარტიამ, გამოამჟღავნა თავი, როგორც მტერმა.

ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვისაც სამშობლო უყვარს, ირაკლი ღარიბაშვილს, კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და ასეთი ადამიანების პარტიას, ანუ ივანიშვილს, უნდა უთხრას უარი. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა.

მთელი მსოფლიო დაგვეხმარება. მთელ მსოფლიოს აწყენინეს მათ, მთელ მსოფლიოს მიაყენეს შეურაცხყოფა, განსაკუთრებით კი ომში მყოფ უკრაინას აყენებენ შეურაცხყოფას და ერთი წამითაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ არის გზა მშვიდობისკენ.

მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა არჩევნების გზით. როცა ხელისუფლება გყავს, მერე შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც ლიეტუვა მოიქცა ამ დღეებში: ლიეტუვამ რუსებს, რომლებიც იქ არიან, გაუგზავნა კითხვარი: რას ფიქრობთ ამაზე, ამაზე და ამაზე. ვისი პასუხიც არ მოეწონა ხელისუფლებას, ყველა გააბრძანეს ქვეყნიდან.

ასე რომ, გადაწყვეტილებების მიღება იოლია, როცა ხელისუფლება შენს ხელშია. დავუსვათ შეკითხვა და გვიპასუხონ, რას ფიქრობენ ჩვენთან ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები. და როცა გვეტყვიან, რომ ქართველები არავინ არიან, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველო არ არის, რომ საქართველომ დაიწყო ომი და მოკლედ, ღარიბაშვილივით თუ ფიქრობენ, მივაბრძანებთ ყველას ამ ქვეყნიდან, ეს არ არის რთული.

რთული ამ ხელისუფლების შეცვლაა, რადგან ჩვენი მოქალაქეები ძალიან ხშირად სარგებლობენ ძველი, მე-19 საუკუნის პრინციპით – „ვინც მოვიდა გაუმარჯოს!“ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხალხს სამშობლო გავახსენოთ“.

_______________________

ამავე თემაზე: 

დღეს ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: