მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის

10.08.2023 • 7439
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის N5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 10,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტერიტორია, სადაც სკოლის შენობა დგას, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №58-ში მდებარეობს და მისი ფართობი 6 039 კვადრატული მეტრია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

  • „სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის სექტემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. თებერვალში, პროექტმა გაიარა აკრედიტირებული კომპანიის ექსპერტიზა.
  • ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 334 მოსწავლე – ორ ცვლაში, მათ შორის 18 – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. სკოლა ემსახურება დაახლოებით 700-750 ადგილობრივ ოჯახს, რომელთა შვილებიც აქ სწავლობენ.
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში, ყველა მოსწავლეს [მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს] ექნებათ სათანადო წვდომა სასწავლო პროცესზე.
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწავლო პროცესის პარალელურად წარმართვის შემთხვევაში, სკოლის პერსონალი და მოსწავლეები დროებით გადავლენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში. დაშორება მე-5 საჯარო სკოლის ტერიტორიიდან დაახლოებით 4 კმ-ია.
  • განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას, მოსწავლეების შერჩეულ ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სწავლების უზრუნველყოფისათვის. სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში, გამოიყოფა დაახლოებით 40-42 მინიავტობუსი“.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობა, რომელიც აშენებულია 1989 წელს, არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე.

ბათუმის N5 საჯარო სკოლა სამსართულიანი შენობაა. შენობა შედგება ხუთი დამოუკიდებელი ბლოკისგან. ყველა ბლოკი გამოიყენება საგანმანათლებლო დანიშნულებით. სარემონტო სამუშაოები შეეხება ყველა ბლოკს.

მთლიანობაში გათვალისიწინებულია შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • მოსამზადებელი სამუშაოები [სამშენებლო ტერიტორიის შემოღობვა, ისეთი დროებითი კონსტრუქციების მონტაჟი, როგორიცაა საპირფარეშოები, გასახდელი ოთახები თანამშრომლებისთვის, დაცვის ჯიხური, საწყობი მასალებისთვის და საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენების განთავსების ადგილები];
  • არსებული საქვაბის შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა;
  • ახალი სტადიონის და ბილიკის მშენებლობა სკოლის ტერიტორიაზე;
  • გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია;
  • სახანძრო სიგნალიზაციის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი;
  • შენობის ადაპტაცია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებზე;
  • შენობის წყალმომარაგების, გათბობის, ელ. ქსელების მონტაჟი და სკოლის ნაგებობების დაერთება სასმელი წყალმომარაგების არსებულ მუნიციპალურ ქსელზე.

ახალი პროექტის თანახმად, სკოლის ეზოში რამდენიმე ხე და ბუჩქია, თუმცა მათი მოჭრის საჭიროება არ არის.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების სტანდარტული დოკუმენტის მიხედვით და აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 10 664 649 ლარი. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოები კი, დაწყებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.


მუნიციპალური განვითარების ფონდს, ბათუმის კიდევ ერთი საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე აქვს გამოცხადებული ტენდერი.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: