მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ გულის დაავადებების დროს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე | ექიმის რჩევები

08.08.2023 • 1867
რა უნდა ვიცოდეთ გულის დაავადებების დროს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე | ექიმის რჩევები

ათეროსკლეროზით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,  განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადება, დღესდღეობით ავადობის, უნარების შეზღუდვის და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგს, ელიტა ეზუგბაიას „ბათუმელები“ ესაუბრა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და უშუალოდ იმ აქტივობებზე, რაც დაავადების პრევენციის ეფექტურ გზას წარმოადგენს.

  • ქალბატონო ელიტა, რა მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებების მქონე პაციენტებისთვის  სპორტულ აქტივობებს? 

დადასტურებულია, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, მათ შორის, სპორტულს, გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის  მრავალი სარგებელი მოაქვს.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენცია და მართვა მოიცავს [პასიური] ცხოვრების წესის შეცვლას და შესაძლო რისკ-ფაქტორების აღმოფხვრას.

  • რა რისკ-ფაქტორები იწვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს?

ეს არის: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური უმოქმედობა, ჭარბი წონა,  არაჯანსაღი კვება, არასწორი დიეტა, თანმხლები შაქრიანი დიაბეტი. გარდა ამისა, საყურადღებო და მნიშვნელოვანია სქესი, ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა და სხვა.

ზემოაღნიშნული რისკ-ფაქტორების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია სპორტული აქტივობები. ანუ ფიზიკური აქტივობის უშუალო სარგებელი მოიცავს: არტერიული წნევის ნორმალიზებას, სტრესის შემცირებას, ძილის გაუმჯობესებას, ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებას.

რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს წონის მართვას, რითაც მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკი.

  • რა სახის და რა ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა არის აუცილებელი და ასევე, დაშვებული გულის იშემიური დაავადების პრევენციისთვის?

ზოგადად, რეგულარული ფიზიკური აქტივობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საფუძველია. როგორც აღვნიშნე, ფიზიკური აქტივობის ნებისმიერი ფორმა სასარგებლოა, თუმცა ზოგიერთი სპორტული აქტივობა უფრო მეტად არის კავშირში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაუმჯობესებასთან.

შესანიშნავი არჩევანია ისეთი აქტივობები, როგორიცაა: სირბილი, ველოსიპედით სიარული, ცურვა და სწრაფი სიარული.

  • ყველა ასაკის ჯანმრთელი მოზრდილი პირისთვის რეკომენდებულია: კვირაში სულ მცირე 150 წუთი ზომიერი აერობული ფიზიკური აქტივობა, ან 75 წუთი ინტენსიური აერობული ფიზიკური დატვირთვა.
  •  ჯანმრთელ პირებში შესაძლებელია აერობული ფიზიკური დატვირთვის გაზრდა თანდათან –  300 წუთამდე ან 150 წუთამდე ინტენსიური დატვირთვის პირობებში. 

ფიზიკური აქტივობა რეკომენდებულია დაბალი რისკის მქონე პირებშიც. 

  •  რა სახის და რა ინტენსივობის ფიზიკური აქტივობაა აუცილებელი გულის ქირურგიული ან მასთან დაკავშირებული მანიპულაციების შემდგომ?

ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე აუცილებელია ისეთი ქირურგიული მანიპულაციების შემდგომ, როგორიცაა აორტო-კორონარული შუნტირება და კორონარული ანგიოპლასტიკა. 

აორტო-კორონარული შუნტირება არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება შევიწროებულ ან დათრომბილ არტერიებში სისხლის მიმოქცევის აღდგენა შემოვლითი გზით. შუნტირებისას სხეულის სხვა ნაწილიდან იღებენ სისხლძარღვს ძირითადად გულ-მკერდის არედან ან ფეხიდან და აკერებენ შევიწროებულ ან დახშულ კორონარულ სისხლძარღვს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია სისხლძარღვის დაზიანებასთან. შუნტირების შემდეგ კლინიკაში დარჩენა საჭიროა მინიმუმ 7-10 დღე, გამოჯანმრთელების პერიოდი ინდივიდუალურია.

აუცილებელია პირველივე 48 საათის შემდეგ ფიზიკური აქტივობა,  5-6 დღეში შესაძლებელია კიბეზე ასვლა. ნორმალური ცხოვრების სტილს პაციენტი უბრუნდება 6-8 კვირაში.

ავსტრალიის ეროვნული გულის ასოციაცია: გაითვალისწინეთ, რომ კიბეებზე ასვლა მეტ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ დაუთმეთ საკმარისი დრო და დაისვენეთ საჭიროების შემთხვევაში. თანდათან გაზარდეთ საფეხურების რაოდენობა, რომლებსაც ადიხართ და მათზე ასვლის სისწრაფე/სიჩქარე.

რაც შეეხება კორონარულ ანგიოპლასტიკას, ეს ნაკლებად ინვაზიური ოპერაციაა. რომლის დროსაც ხდება დაზიანებული უბნის აღდგენა სტენტის იმპლანტაციით. კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ ფიზიკური გააქტიურება და კლინიკის დატოვება დამოკიდებულია დიაგნოზსა და ზოგად მდგომარეობაზე.

  • როდის არ არის რეკომენდებული ფიზიკური აქტივობა ?

როგორც აღვნიშნეთ ფიზიკური აქტივობა ზოგადად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, მაგრამ არის გარკვეული მდგომარეობა, როდესაც აუცილებელია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა. 

ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა  მწვავე კორონარული სინდრომი, (რომელიც მოიცავს მიოკარდიუმის მწვავე იშემიას ან არასტაბილურ სტენოკარდიას), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის მწვავე უკმარისობა – რეკომენდებულია დასვენება მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. 

შეწყვიტეთ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა თუ გაქვთ ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი  ან თავბრუსხვევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: