მთავარი,სიახლეები

წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ომი აგვეცილებინა – ღარიბაშვილი

08.08.2023 • 1164
წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ომი აგვეცილებინა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს „ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი“. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად.

პრემიერ მინისტრს დღეს, აგვისტოს ომის 15 წლის თავზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ საუბრობს ის უფრო მეტს წინა ხელისუფლებაზე, ვიდრე რუსულ აგრესიაზე და რატომ ადანაშაულებს ქვეყნის 20%-ის დაკარგვაში წინა ხელისუფლებას, როდესაც საერთაშორისო სასამართლომაც კი აღიარა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

„მე მინდა შემდეგი რაღაც გიპასუხოთ. ის რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ. ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ ერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

ბუნებრივია, რომ ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის დღეს ოკუპირებული. რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს მეგობრებო. ბოლო კონტიგენტი რუსული ჯარის გავიდა 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა საუბარი გავაგრძელო.

ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, მე არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მმართველობა, სამხედრო მმართველობა, აი, ის გმირი ოფიცრები… მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, ჩაიდინა საშინელი ღალატი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რატომ არ წარუდგენთ მაშინ ბრალდებას სააკაშვილს? – ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა. პრემიერმა ამ კითხვის პასუხად განაცხადა:

„ძალიან კარგი კითხვაა. გასაგებია თქვენი ეს ემოცია, სუბიექტურად ხართ განწყობილი, მაგრამ თქვენ თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქენი უნდა გადარდებდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ამაზე მთავარი საკითხი  ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს – ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, ვიმეორებ – პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა, ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი პირადი კეთილდღეობისა, ეს არის რეალობა თუ გინდათ, რომ სიმართლე იცოდეთ.

ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე ეს არის სააკაშვილი. მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: