ბათუმი,მთავარი,სიახლეები

200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს

08.08.2023 • 10570
200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს

საქართველოს ხელისუფლება ბათუმში 200 მილიონი ლარის სამუშაოებს გეგმავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

სამუშაოები „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ უნდა ჩატარდეს და ეს მაშინ, როცა ბათუმი, როგორც ტურისტული ქალაქი, თანდათან პლაჟის გარეშე რჩება.

შტორმის დროს ნაპირის ნგრევამ ბათუმში ბოლო წლებში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წარეცხილ სანაპიროსთან ერთად ნადგურდება საპლაჟო ინფრასტრუქტურაც.

სპეციალისტების დასკვნით „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს ბათუმის სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია“. ამ დასკვნის მიუხედავად, ახალ სტრატეგიაზე არავინ მუშაობს.

ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილზე, ბათუმის კონცხთან, პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების ალბათობაც დიდია. ასეთ შემთხვევას აქ 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ნაპირს მოწყდა და მყისიერად დაიკარგა ზღვაში დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

კატასტროფის მასშტაბის წარმოდგენაც შემზარავია, ეს რომ საბანაო სეზონზე მომხდარიყო.

კვლევის შედეგად ასევე დადგენილია, რომ ანალოგიური შემთხვევის განმეორება დღესაც რეალურია, თუმცა, როდის მოხდება ეს, პროგნოზირება შეუძლებელია.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისტორიულ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებად 200 მილიონი ლარია მითითებული, თუმცა, ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული და საბოლოო ღირებულება პროექტირება-ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს დაზუსტდება.

200 მილიონი ლარით კონკრეტულად სად და დაახლოებით რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი ძველ ბათუმში, ამის შესახებ ინფორმაცია ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მივიღეთ და ვერც ბათუმის მერიისგან.

„საუბარია ძველ ბათუმზე, თუმცა, კონკრეტული ქუჩები და ლოკაციები პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება“ – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 3 სექტემბერს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.

სახელმწიფო შესყიდვა ფონდმა Design-Build მეთოდით გამოაცხადა. გამარჯვებულმა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ჯერ დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა მოამზადოს, რის საფუძველზეც შემდეგ დაიწყებს სამუშაოებს.

პირობაში მითითებულია სამუშაოების შესრულების ვადაც – „შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელი“, თუმცა, იქვე დაკონკრეტებულია, რომ აღნიშნულის ფარგლებში:

  • „შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის კონკრეტული დავალების წერილობით მიცემიდან 2 თვე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად;
  • შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის კონკრეტული დავალების წერილობით მიცემიდან 6 თვე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად.
  • შენიშვნა: დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დაწყება, ისევე როგორც დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შემდეგ, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, დამოკიდებულია შემსყიდველის წერილობით მითითებაზე.“

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის სანაპიროს გამაგრების მიზნით 52-მილიონიანი პროექტიც განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ახალ ბულვართან ქვის ლოდები ჩააწყვეს, თუმცა ამ ლოდების გასწვრივ პლაჟი გაქრა.

ნაპირის გამაგრებას ლოდების ჩაწყობით ზოგი სპეციალისტი ადრეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ნაგებობები ისე მოაწყვეს, რომ ზღვისგან დაცვის სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნდა და არც დღეს აქვს. შედეგად კი ზღვამ ადლია-ბათუმთან ჯამში ჰექტრობით ხმელეთი მიიტაცა.

სპეციალისტების პროგნოზი გამართლდა და ზღვა დღეს ნაპირს ძველი ბულვარის მიმართულებითაც ანგრევს.

დანგრეული სანაპიროს აღსადგენად კი, დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება:

  • ზღვის ხელოვნური კვებისთვის 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან.
  • ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დანგრეული სანაპირო ზოლის აღდგენაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 15 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.
  • რაც შეეხება ბათუმის კონცხს, აქ წყალქვეშა ფერდობიდან ზღვაში თავმოყრილი 43 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია ამოსაღები და გასატანი, სანაპიროს ავარიულ ადგილებში. ამ სამუშაოებისთვის 3,5 მილიონი ლარია საჭირო.

„ბათუმელებმა“ დაახლოებით 2 კვირის წინ ნატანის ამოსაღებად საჭირო პროექტი და სხვა დოკუმენტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სრულად გამოითხოვა, თუმცა დოკუმენტები ამ დრომდე არ მოგვაწოდეს.

ბათუმმა უკვე დაკარგა, ან მალე დაკარგავს თამარისა და ბარცხანის დასახლებების გასწვრივ არსებულ პლაჟებს [სანაპირო დაცვის ნავმისადგომის აშენებისა და ხელოვნური კუნძულის პროექტის გამო].

200-მილიონიან ტენდერს რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მასშტაბური პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ისე გადაწყვიტა, რომ ქალაქს განაშენიანების გენგეგმაც არ აქვს.

მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ბათუმის მერიის „თანამშრომლობის“ გამოცდილებაზე კიდევ ერთი სამთავრობო პროგრამა მეტყველებს –  „განახლებული რეგიონები“.

ამ პროგრამის ფარგლებში ქალაქის მერიამ და ფონდმა ერთ-ერთი ახალი სკვერის ხელახლა „განახლება“ გადაწყვიტეს. პროექტი 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე გრძელდება.

საუბარია ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებისა და ხიდების მშენებლობაზე, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდს 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ჯამში 23 მილიონ 815 ათას 132 ლარზე. ფონდის ინფორმაციით, ამ თანხიდან [2023 წლის 28 ივნისის მდგომარეობით] უკვე დახარჯული იყო 17 მილიონ 985 ათას 570 ლარი.

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/485185/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: