მთავარი,სიახლეები

რუსული გემის შემოსვლის დღეს დაკავებულთა საქმის განხილვა დაიწყო – რას ჰყვებიან პოლიციელები

07.08.2023 • 1392
რუსული გემის შემოსვლის დღეს დაკავებულთა საქმის განხილვა დაიწყო – რას ჰყვებიან პოლიციელები

„ხათუნა ბერიძე და სხვა დაკავებულებიც სხვადასხვა შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. გვეძახდნენ: მონებო, პუტინის მონებო, მილიცია ხართ, პუტინ ხუილო, მოღალატეებო, ბიძინას მონები ხართ, არასამართლიანი პოლიცია“, – ეს ეპითეტები ჩამოთვლეს დღეს, 7 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე, რომელზეც ხათუნა ბერიძის ბრალეულობას განიხილავდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე, მოწმეები კი პოლიციელები იყვნენ.

ხათუნა ბერიძე და კიდევ 22 პირი 31 ივლისს დააკავეს ბათუმის ნავსადგურთან გამართულ აქციაზე რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის უგულებელყოფის ბრალდებით. მათ ამ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

დღეს სასამართლოში მოწმედ გამოძახებულმა სამივე პოლიციელმა დაკავების მოტივებზე საუბრისას ზემოთჩამოთვლილი ეპითეტები დაასახელა და გაჩუმდა. შემდეგ კი თავად მოსამართლე და საქმის ზედამხედველი პოლიციელი ცდილობდნენ მოწმეებს რამე სხვაც ეთქვათ – „სხვა არაფერი უთქვამს?! ნუ გერიდებათ…“

და პოლიციელებიც იწყებდნენ, რომ იყო „გინება დედის მისამართით…“

ხათუნა ბერიძე და სხვა დაკავებულები 31 ივლისს, ბათუმში, რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ.

ხათუნა ბერიძემ სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ „ის არასდროს იგინება“ და დაადასტურა, რომ „შუა თითი ნამდვილად უჩვენა“, ოღონდ არა პოლიციელებს, არამედ გემზე მყოფ რუს ტურისტებს, რომლებიც მათ ვიდეოს უღებდნენ, ხოლო მონებს ეძახდა არა რიგით პოლიციელებს, არამედ მათ უფროსებს.

მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს კამერა უწყვეტ რეჟიმში იღებდა 31 ივლისის აქციას, პოლიციამ სასამართლოში მხოლოდ „შუათითის“ კადრები წარმოადგინა და არა ხათუნა ბერიძის დაკავების – არადა ხათუნა ბერიძე ჰყვება, რომ დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ გეგელიამ მას უშვერი სიტყვებით აგინა. 

„დღეს აგვისტოს ომიდან 15 წლისთავია. ყველა რუსულ საქმეს ემსახურებით და დღეს მაინც შეწყვიტეთ ემსახუროთ რუსებს“, – მიმართა ხათუნა ბერიძემ მოსამართლეს. მან დასძინა, სამუდამო პატიმრობაც რომ მომისაჯონ, როგორც ერთი მოქალაქე, ჩემ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებ, ქვეყანაში რომ ვერ შემოვიდნენ ისეთი ადამიანები, ვინც აცხადებს, რომ აფხაზეთი ჩვენგან გაათავისუფლესო.

ვერც ერთმა მოწმე პოლიციელმა ვერ დაასახელა, კონკრეტულად სად დააკავეს ხათუნა ბერიძე, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ეს დაკავება მათი თანდასწრებით მოხდა. მოწმედ გამოძახებულმა უფროსმა ინსპექტორმა, 32 წლის ლაშა აბაშიძემ თქვა, რომ ხათუნა ბერიძე „ჯებირების შიგნით დააკავეს“.

იგივე გაიმეორა 26 წლის პოლიციელმა მერაბ ბერიძემაც.

ვიდეო კადრების თანახმად, რომელიც „ბათუმელებმაც“ გადაიღო, ხათუნა ბერიძე აჭარის პოლიციის უფროსის, გრიგოლ ბესელიას უშუალო ჩართულობით დააკავეს. დაკავების დროს ის ჯებირებს გარეთ იყო.

სასამართლოზე მოწმედ მყოფი პოლიციელების შეფასებით, აქციის მონაწილეები არღვევდნენ იქ მცხოვრებლების და ასევე, დამსვენებლების სიმშვიდეს. მათ არც იმის აღნიშვნა მორიდებიათ, რომ აქციის მონაწილეებმა გემზე მყოფ ტურისტებს დისკომფორტი შეუქმნეს და ასევე „შუა თითს უჩვენებდნენ“.

რუსული გემის წინააღმდეგ ჩატარებული აქცია იყო გამოხატვის თავისუფლება [როგორც ამას დაკავებულების ინტერესების დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამტკიცებს] თუ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ამ საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე 11 აგვისტოს გამოაცხადებს.

დღემდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის საქალაქო სასამართლო, მათ შორის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს თითქმის ყოველთვის აკისრებს ფინანსურ სანქციებს.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 7 აგვისტოს, დაიწყო 31 ივლისს დაკავებულების საქმეების განხილვა.

მოსამართლე უკვე გაეცნო უკრაინის მოქალაქის, დიმიტრო ზაკრევსკის დაკავების მასალებს – მტკიცებულებები წარადგინა როგორც პოლიციამ, ისე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც იცავს დაკავებულების უფლებებს სასამართლოში.

____________

რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე, 31 ივლისს, პოლიციამ 23 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. ასევე „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე, „დროას“ ხელმძღვანელი აჭარაში – გენრი დოლიძე, დეპუტატ ლევან ანთაძის შვილი – ილია ანთაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე, მიშა აბზიანიძე, რევაზ მიქელაძე, გიგა შალიკაძე და სხვები. ასევე, დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე.

საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE 27 და 31 ივლისს შემოვიდა ბათუმში. საკრუიზო ლაინერმა მარშრუტი ქალაქ სოჭიდან დაიწყო, თურქეთიდან კი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა. საკრუიზო ლაინერის რამდენიმე მგზავრმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიები არ არის ოკუპირებული, ერთ-ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ აფხაზეთი რუსეთმა საქართველოსგან გაათავისუფლა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა, როგორც „ქაჯობა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის მგზავრებისთვის ჟურნალისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კითხვის დასმა „პროვოკაციაა“. მან ამ კონტექსტში პარალელი გაავლო სერბეთისა და კოსოვოს [აღიარებულია გაეროს ათეულობით წევრის მიერ] სიტუაციასთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: