მთავარი,სიახლეები

„ვპოულობთ პირად ნივთებს, ვაფართოებთ ძებნის არეალს“ – სამაშველოს უფროსი შოვის შესახებ

07.08.2023 • 1545
„ვპოულობთ პირად ნივთებს, ვაფართოებთ ძებნის არეალს“ – სამაშველოს უფროსი შოვის შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სამაშველო სამსახური შოვში ძებნის არეალს აფართოებს. ამის შესახებ მან დღეს, 7 აგვისტოს, ჟურნალისტებთან თქვა.

„რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, დღეს ვაფართოებთ არეალს, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები.

ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება“ – თქვა მღებრიშვილმა

მისივე თქმით, დღეს, გზა ბოლომდე იქნება შეყვანილი შოვში, ე.წ. კალცის წყლების მიმართულებით და იქაც „აქტიური ფრონტი გაიხსნება საძიებო სამუშაოების“.

მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შოვში სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, „თუმცა ეს მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს გამოძიების მსვლელობისას“ – დასძინა მან.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეხუთე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, გიორგი ყარალაშვილი, სამირა ისაევა, ლუკა დუდაშვილი, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: