მთავარი,სიახლეები

რა თქვა ღარიბაშვილმა კითხვაზე – რატომ არ აქვს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენი

04.08.2023 • 10661
რა თქვა ღარიბაშვილმა კითხვაზე – რატომ არ აქვს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენი

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, რომელსაც ამ დროისთვის [4 აგვისტო, 15:45] არსებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დღეა საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში სვამენ კითხვას – რატომ არ აქვს საქართველოს თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი?

მოქალაქეები ასევე დაინტერესდნენ, სად არის ის ვერტმფრენები, რომელთა შეძენაც ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 29 აგვისტოს დააანონსა.

გასული წლის 29 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობდა.

ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდე შოვში, სტიქიის ზონაში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ვერტმფრენების შესახებ.

„ბათუმელები“ სტილის დაცვით გთავაზობთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ დიალოგს.

  • ჟურნალისტები: ბატონო პრემიერო, თქვენ პირობა დადეთ ერთი წლის წინ, რომ სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდით. რომ გაგვცეთ პასუხი კითხვაზე, რა ვისწავლეთ წარსული ტრაგედიებიდან, რომ ადამიანების სიცოცხლე აღარ შეიწიროს ტრაგედიებმა. რატომ არ გვყავს სამაშველო ვერტმფრენები?

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ ერთი, სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავეს. 200… ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იქნა ნაპოვნი, არც ერთი, ხაზგასმით აღვნიშნავ, არც ერთი არ დაშავებულა და ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა.

ახლა მეორე თემა.

არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი დღეს, მაგრამ დღეს ვისმენთ… მე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ თქვენ პირადად, თქვენი ტელევიზია და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში ასეთ ვითარებაში, როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით.

  • ჟურნალისტები: რას გულისხმობთ, ბატონო ირაკლი?

ირაკლი ღარიბაშვილი: ინფორმაციას ატყუებთ მოსახლეობას.

  • ჟურნალისტები: აი, რას, ბატონო პრემიერო, იქნებ გვითხრათ?

ირაკლი ღარიბაშვილი: თურმე ე.ი. ჩვენ, მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე ჩვენ არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე.

  • ჟურნალისტები: თქვენი განცხადება შეგვიძლია წაგიკითხოთ, ბატონო პრემიერო, ერთი წლის წინანდელი… თქვენი ციტატაა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, მე გთხოვთ რომ, ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი.

  • ჟურნალისტები: თქვენს განცხადებას უარყოფთ?

ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ან პრობლემა გაქვთ… მაშინ გეტყვით რა. ან გაქვთ პრობლემა სერიოზული ან გაგების ინფორმაციის, უფრო მეტი პრობლემა გაქვთ მე მგონი.

  • ჟურნალისტები: რა პრობლემა?

ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ. ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის. ხალხის დაზაფვრის, ასეთი უბედური მდგომარეობა გვაქვს, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს.

  • ჟურნალისტები: რატომ არ აქვს ვერტმფრენი ქვეყანას?

ირაკლი ღარიბაშვილი: ახლა რაც შეეხება ეს სამარცხვინო სპეკულაციები.

  • ჟურნალისტები: რატომ არ სთხოვეთ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, რომ ღამეც ყოფილიყო სამაშველო ოპერაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს.

სამი ვერტმფრენია შეძენილი..

  • ჟურნალისტები: თქვენი სიტყვებია – სუპერ პუმებს გავყიდით და შევიძენთ ვერტმფრენებს. თქვენ განცხადებას უარყოფთ ბატონო პრემიერო?

ირაკლი ღარიბაშვილი: არაფერს არ შეცვლიდა. მთავარი არის შემდეგი 210 ჩვენი მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ.

  • ჟურნალისტები: სამწუხაროდ 31 იძებნება და ვერ მიუახლოვდნენ უწყების წარმომადგენლები.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვის ვერ მიუახლოვდა? თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ.

  • ჟურნალისტები: რას? არ იძებნება 31 ადამიანი?

ირაკლი ღარიბაშვილი: მე აღარ მინდა ამაზე საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა…

  • ჟურნალისტები: ბატონო პრემიერო, მეზობელ ქვეყნებს რატომ არ სთხოვეთ დახმარება?

ირაკლი ღარიბაშვილი: ამის საჭიროება არ იყო. არ იყო. კარგად იყავით.

ამავე თემაზე:

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]

 

8 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად – საქართველოში გლოვის დღეა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: