მთავარი,სიახლეები

შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს – მთამსვლელი

04.08.2023 • 3520
შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს – მთამსვლელი

„შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს, მოსწორებულია მთლიანად. ერთი დიდი ლაფის ვაკეა ახლა იქ. მარტო ის დიდი შენობები გადარჩა, რომლებიც განაპირას იდგა,“ – მთამსვლელი თორნიკე მაცაბერიძე „ბათუმელებს“ რაჭაში, შოვში არსებული სიტუაციის შესახებ მოუყვა.

თორნიკეს თქმით, გუშინ, 3 აგვისტოს, როცა მეწყრული პროცესები განვითარდა, ის შაორის წყალსაცავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში იყო. ამბავი ტელეფონით გაიგო.

„მე და ჩემი ძმა მთამსვლელები ვართ. მაშინვე წამოვედით და საღამოს შვიდზე ამოვედით სოფელ გლოლაში. მერე ფეხით შემოვედით. ღამე სანაპიროზე გავატარეთ, რომ გათენდა, მერე გადმოვლახეთ მდინარეები და გადმოვედით უშუალოდ მეწყრის ადგილას.

ახლა აქ, ადგილზე, ასეთი სიტუაციაა – არის ბევრი მაშველი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და გარკვეული რაოდენობით მოხალისეები.

ირგვლივ ლაფია და ამ ლაფში ვერ დადიხარ – ეფლობი. დამტვრეული სახლების მასალით ბილიკების მოწყობაში მოვეხმარეთ მაშველებს. მუშაობს ვერტმფრენი. ხან იქ მიფრინავს, ხან აქ – სადაც გვამებს პოულობენ,“ – ამბობს თორნიკე მაცაბერიძე.

ასე გამოიყურება შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია 4 აგვისტოს
ფოტო: თორნიკე მაცაბერიძე

თორნიკე მაცაბერიძის თქმით, აღარ არსებობს კოტეჯები, რომლებიც მდინარე ბუბისწყალთან ახლოს, ჭალაში იდგა.

„კოტეჯები მთლად მდინარის პირას არ ყოფილა, მაგრამ ზევით მეორე მდინარეა, რომელიც კალაპოტიდან გადმოსვლის დროს ადრეც უქმნიდა პრობლემას მაგ კოტეჯებს, მაგრამ ამ დონისას არა,“ – გვიხსნის თორნიკე მაცაბერიძე.

მთამსვლელს ვკითხეთ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებაც. თორნიკე მაცაბერიძის თქმით, არსებული სიტუაციის გამო ხელით მუშაობა ჯერჯერობით ძალიან რთულია.

„ლაფი არის ძალიან დიდი, ღრმა. აუცილებელია, რომ ტექნიკა მოვიდეს აქამდე. ხელით და ნიჩბით შეუძლებელია ეს გაიწმინდოს. მუშაობენ უკვე, ქვემოდან მდინარის კალაპოტში თხრის ტექნიკა. თუმცა ტექნიკის გარეშეც გადიან მაშველები.

გადარჩენილებზე ინფორმაცია მეც ინტერნეტიდან მაქვს. უშუალოდ აქ არც ერთ მაშველს, არც ერთ მესაზღვრეს ეგეთი არაფერი გაუგია.

მე როგორც ვხვდები, გადარჩენილები ეშლებათ იმაში, ვინც კონტაქტზე არ გამოდიოდა, მერე გამოვიდა ან ზევით იყო, სადაც რეალურად არაფერი მომხდარა და, უბრალოდ, გზა მოუწყდათ მეწყრის გამო,“ – ამბობს თორნიკე მაცაბერიძე.

————————————————-

რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ჩამოწვა.  4 აგვისტოს დილის 10 საათის მონაცემებით სტიქიის ზონიდან მაშველებმა 210 ადამიანი გამოიყვანეს. ნაპოვნია მეწყრის შედეგად დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი,  400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები.  ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

დაკარგული პირებთან დაკავშირებით შსს-ის ცხელი ხაზი. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ინფორმაციას ფლობს შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული პირების შესახებ,  დარეკონ შემდეგ ნომერზე: 598 913 089

ამავე თემაზე:

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: