მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

04.08.2023 • 43723
რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

„კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა,“ – წერს შოვში მეწყერს გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე პირად ფეისბუქზე.

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე, მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი, ისევე როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი, წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ გადავრჩით და კარგად ვართ.

1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლობა ყველას მოკითხვისათვის. უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი  გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ,“ – წერს მარიამ ბერიანიძე.

რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 4 საათზე ჩამოწვა. ამ დრომდე [4 აგვისტო, 11:00 საათი] მაშველები ეძებენ და ვერ უკავშირდებიან 35 ადამიანს. მაშველებმა დღეს მეწყრული ზონიდან 140 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხოდ.

ამ ადამიანებს შორის იყო მარიამ ბერიანიძეც. „ბათუმელები“ მას დაუკავშირდა. მარიამის თქმით, ის შოვში მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად ისვენებდა.

„სანსეტ შოვთან“, კოტეჯში ვისვენებდით. ჩვენი აივნები უყურებდა ერთმანეთს. იმ მთის ძირას ვიყავით, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ყველაფერი წამებში მოხდა. იმან გვიშველა, რომ გარეთ ვიყავით. სახლიდან ვერ გამოვასწრებდით. გავრბოდით მთელი ძალით. ბოლოს კალცის წყაროსთან გავიჭედეთ. 11 ადამიანი გაიჭედა ჩვენთან ერთად. გასასვლელი აღარსად გვქონდა, ყველგან ლაფი იყო. ვერტმფრენით გამოგვიყვანეს,“ – მოუყვა მარიამ ბერიანიძე „ბათუმელებს“.

შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის შემდეგ კოტეჯებისგან აღარაფერია დარჩენილი. ამ დროისთვის [4 აგვისტო, 11:00საათი] ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.

დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

შსს-ს თქმით, „სტიქიის ზონაში მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: