მთავარი,სიახლეები

რუსული საკრუიზო გემის დასაცავად აჭარაში 550 პოლიციელი იყო მობილიზებული

03.08.2023 • 2104
რუსული საკრუიზო გემის დასაცავად აჭარაში 550 პოლიციელი იყო მობილიზებული

რუსული საკრუიზო გემის დასაცავად ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ჰყავდა როგორც აჭარის, ასევე დამატებით გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.

ბათუმში გემის დასაცავად დამატებით მობილიზებული იყო სულ 550 პოლიციელი.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დამატებით პოლიციელების მობილიზება გამოწვეული იყო „ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის – „ასტორია გრანდეს“ შემოსვლის საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციის გამართვის გამო, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით“.

2023 წლის 31 ივლისს, ბათუმში დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 550 თანამშრომლის საკვებით, წყლითა და შოკოლადით უზრუნველყოფისთვის კი, ჯამში 6 572 ლარი და 50 თეთრი დაიხარჯა.

„ერთი თანამშრომლისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის ნაკრების ჯამური ღირებულება შეადგენს – 11.95 ლარს.

ერთ პოლიციელზე გათვლილი საკვები პროდუქტის ნაკრებში შედიოდა: 1 ცალი ბურგერი ლორით და ყველით – 3,50 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3.50 ლარი, 1 ცალი შოკოლადის ფილა „როშენი ფოროვანი“ 80 გრ – 2.80 ლარი, 1 ცალი სასმელი წყალი „ბაკურიანი“ 0,5 ლ პეტი – 0.65 თეთრი, 1 ცალი გაზიანი სასმელი [კოკა-კოლა, ფანტა ფორთოხალი, ფანტა ტროპიკი, სპრაიტი, 0.5 ლ პეტი] – 1.50 ლარი.“ – აღნიშნულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განაცხადში.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ, 6 572 ლარისა და 50 თეთრის ხარჯს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს.

„თუ ვერ მოხდებოდა დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს თანამშრომელთა საკვებით, წყლითა და შოკოლადით უზრუნველყოფა, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს“, – აღნიშნულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განაცხადში.

როგორ „იცავდა“ საზოგადოებრივ ინტერესებს პოლიცია ბათუმის აქციაზე 31 ივლისს, ნახეთ ამ ბმულებზე:

პოლიცია აქციის მონაწილეს აკავებს / ბათუმი, 31.07.2023

„არა რუსულ გემს!“, „არა საქართველოს რუსიფიკაციას!“ – საქართველოს მოქალაქეებმა ბათუმში 31 ივლისს, მეორედ გააპროტესტეს რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლა მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ოკუპანტი, აგრესორი ქვეყანაა და მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერება, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას.

ბათუმის ნავსადგურში აქცია 30 ივლისს ღამის 12 საათისთვის დაიწყო, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს – სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ მისცეს ნავმისადგომთან შეკრების საშუალება.

დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გადაკეტა გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩები, ნავსადგურთან კი,  რკინის ჯებირებით შემოღობეს ნამისადგომის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

„ასტორია გრანდეს“ ვებგვერდის მიხედვით, 31 ივლისის შემდგომ დაგეგმილ საკრუიზო მარშრუტებში ბათუმი აღარ ფიგურირებს.

ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ პირველად 27 ივლისს შემოვიდა. საპროტესტო აქცია მაშინაც გაიმართა და გემმა იმავე ღამით დატოვა ბათუმი პროტესტის ფონზე.

პოლიციის მანქანები ნავმისადგომზე / 31.07.2023

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: