მთავარი,სიახლეები

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

08.08.2023 • 1985
3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 14 769 915 ლარით ერთიანი ტენდერი გამოაცხადა.

ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ასევე სკვერი თამარ მეფის ქუჩაზე, ბულვარში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ფრენბურთის მოედანს და რამდენიმე ადგილზე უნდა დადგან საქანელები.

სატენდერო დავალების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

[checklist]

  • ვაჟა-ფშაველას ქ.№83-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა [აქ არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ]
  • აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა,
  • ა. ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარედ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა
  •  სერვისცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა: ადლიაში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე
  • ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია [სამუშაოების დასრულება]
  • თამარ მეფის ქ.№20-ში სკვერის მოწყობა
  • კოტე აფხაზის ქ. N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა
  • ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაცია
  • „საქანელა ყველას“ მოწყობა: ბაქოს ქ.N74-ის მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე არსებულ სკვერში, ინასარიძის ქ. N3-ში, ლერმონტოვის ქ. N96-ში, შინდისის სკვერში.

[/checklist]

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რით იყო განპირობებული სხვადასხვა შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და მერიის სამმართველოს მივმართეთ. სამმართველოდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების კომისიამ“.

ობიექტების გაერთიანებამ მთლიანობაში გააძვირა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, შესაბამისად, გართულდა და გაიზარდა მოთხოვნებიც ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების მიმართაც.

სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე – 2023 წლის 28 ივლისამდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ოდენობით;

ამასთან:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [სასწავლო დაწესებულება, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია რემონტი] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით
  • მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [სასწავლო დაწესებულება, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია რემონტი] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1,5 მილიონი ლარის ოდენობით“.

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის კომპანიები, რომლებსაც მითითებულ პერიოდში 30 მილიონზე ნაკლები ლარის სამუშაოები აქვთ შესრულებული.

ბათუმის მერიის სამმართველოს ვკითხეთ, მიიჩნევენ თუ არა, რომ ეს უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე სახელმწიფო შესყიდვის დროს [მაგალითად, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ის კომპანიები, რომლებსაც აქვთ რესურსი და იმის გამოცდილება, რომ, მაგალითად, ერთი ან ორი ბაღი ააშენონ]?

ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას სამმართველომ თავი აარიდა და მოგვწერეს, რომ „როგორც ქართულ, ისევე უცხოურ ბაზარზე არსებობს კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული სატენდერო პირობების და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების შესრულება.“

საბავშვო ბაღი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N83-ში [მარცხნივ] და ამავე ბაღის რენდერი [მარჯვნივ] / ფოტოები ტენდერიდან

აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით სამმართველოს სხვა კითხვებიც დავუსვით:

კითხვა: შესყიდვის სავარაუდო ღირებულების და შესაბამისად, მოთხოვნების გაზრდა პრეტენდენტებისადმი, აჩენს ეჭვს, ტენდერის პირობების კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგების თვალსაზრისით. თქვენი არგუმენტები ამის საწინააღმდეგოდ?

  • პასუხი: „ტენდერის პროცესი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. როგორც ქართულ, ისევე უცხოურ ბაზარზე არსებობს კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული სატენდერო პირობებისა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების შესრულება.“

კითხვა:  შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და მოთხოვნების გაზრდა ხომ არ ზრდის რისკს, რომ ტენდერი ვერ შედგეს [დასრულდეს უარყოფითი შედეგით]?

  • პასუხი: „აქამდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ობიექტების გაერთიანების შემდგომ ტენდერი არ ჩავარდნილა და ჩავარდნილა ისეთი ტენდერი, რომელიც ერთ ობიექტზე იყო გამოცხადებული“.

ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა ობიექტზე სამუშაოები 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პროცედურებს თუ გავითვალისწინებთ, ტენდერში გამარჯვებულს სამუშაოებისთვის 1 წლის ვადაც არ რჩება [ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2023 წლის 18 აგვისტოს და სრულდება 23 აგვისტოს].

რამდენად რეალურია აღნიშნული ტენდერის ტექნიკური დავალების შესრულება გამარჯვებულის მიერ დაახლოებით ერთი წლის ვადაში? აქედანვე ხომ არ ვქმნით რისკს, რომ შესაძლოა დავალება სრულად ვერ შესრულდეს? – ეს კითხვებიც სამმართველოს დავუსვით, თუმცა, ასეთი პასუხი მივიღეთ: „ობიექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოები უნდა შესრულდეს უმოკლეს ვადებში“.

ჩვეულებრივი პრაქტიკაა – როცა რამდენიმე ტენდერს იგებს კომპანია, ან იღებს რამდენიმე ობიექტს ერთი ტენდერით, ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული ქირაობს ქვეკონტრაქტორებს [ამ ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, არც სახელმწიფო უწყება ასაჯაროებს და არც ტენდერში გამარჯვებული].

აღნიშნული ტენდერის შემთხვევაში, პირობებში გაწერილია მოთხოვნები ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებითაც:

  • „მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ, ამ ორგანიზაციათა გამოცდილების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით, არაუგვიანეს 5 დღით ადრე სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას.
  • აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
  • მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
  • ამასთან, აღნიშნული ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.“

ტენდერში გამარჯვებულის/მიმწოდებლის გამოვლენისა და სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, მერიის სამმართველო [მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით] 2023 წელს აანაზღაურებს:

  • აეროპორტის გზატკეცილი 82-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებზე – არაუმეტეს 1 300 000 ლარს
  • ალ. ნანეიშვილის ქ. N12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობაზე – არაუმეტეს 1 300 000 ლარს
  • ვაჟა-ფშაველას ქ. N83-ში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე – არაუმეტეს 1 400 000 ლარს
  • სერვისცენტრების მშენებლობაზე – არაუმეტეს 1 500 000 ლარს
  • კოტე აფხაზის ქ. N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობაზე, ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაციასა და „საქანელა ყველას“ მოწყობაზე – 557 251 ლარს.

ამასთან, სამმართველო იტოვებს უფლებას „მიიღოს გადაწყვეტილება, 2023 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებაც“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: