მთავარი,სიახლეები

პოლიციელები მიჭერდნენ, ირაკლი დგებუაძე კი მცემდა, წიხლი ჩამარტყა თვალის არეში – გენრი დოლიძე

02.08.2023 • 2823
პოლიციელები მიჭერდნენ, ირაკლი დგებუაძე კი მცემდა, წიხლი ჩამარტყა თვალის არეში – გენრი დოლიძე

რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ იძალადა მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და როგორ აგინა უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. კიდევ ერთი დაკავებული, ხათუნა ბერიძეც აცხადებს, რომ [ირაკლი] დგებუაძემ მასაც აგინა დედის მისამართით.

აქ ნახეთ: ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა

გენრი დოლიძე ასევე საუბრობს ერთ-ერთ პოლიციელზე, რომელიც დაკავებულებს ეუბნებოდა, რომ „თუ რუსი ტურისტი არ გინდათ, თქვენს ევროპაში წადით“.

გენრი დოლიძე „დროას“ ხელმძღვანელია აჭარაში.

„31 ივლისის დილით, როცა რუსეთიდან ისევ შემოვიდა გემი, რამდენიმე ადგილზე დაიძაბა სიტუაცია. მოვარდა პოლიციის ჯგრო და უნდოდათ თამაზ კონჯარიას დაკავება, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ომის ვეტერანია.

ხალხი არ აძლევდა მისი დაკავების შესაძლებლობას, მივვარდი მეც და პოლიციას ვეუბნებოდი, რას შვებით რუსების გამო აფხაზეთის ომის ვეტერანს აკავებთ-მეთქი?

მერე, ფიზიკურად რომ ვეღარ იმძლავრეს და ვერ წაიყვანეს კონჯარია, მომიბრუნდნენ მე. შენ ხომ არ ხარ ვეტერანი, შენი დედაცო და უშვერი სიტყვებით მომვარდნენ, კისერში ჩამავლეს ხელი, გადამიგრიხეს ხელები და შემათრიეს პოლიციის კორდონის შიგნით.

გზაში მირტყამდნენ მუხლებს და მცემდნენ ისე, რომ არ დამმჩნეოდა სილურჯეები“, – ამბობს გენრი დოლიძე.

მისი თქმით, ის გვერდით გადაიყვანეს, მიწაზე დააგდეს და სახეზე ფეხი დააჭირეს.

„ალყაში მომაქციეს, ფაქტობრივად, რომ არავის დაენახა რა არაადამიანურად მექცეოდნენ. ამ დროს მოვიდა ვიღაც, ვხედავდი, რომ გაიწ-გამოიწიეს და ეს რომელიაო, იკითხა ჩემზე.

თავი ამაწევინეს ძალით და დავინახე ირაკლი დგებუაძე. მაშინ არ მახსოვდა მისი სახელი, მაგრამ აქციებზე მყავდა ნანახი და მერე როცა მისი ფოტოები გამოქვეყნდა, იქიდან გავიგე მისი სახელი.“ – ამბობს გენრი დოლიძე.

მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე ირაკლი დგებუაძეს ხშირად ხედავდა, თუმცა აქამდე ის არ ტოვებდა აგრესიული პოლიციელის შთაბეჭდილებას.

„პირიქით, ცივილიზებული და ნორმალური ადამიანი მეგონა. თან ვიფიქრე, რომ ბათუმელია, იცის, რომ არ ვარ ხულიგანი, მოძალადე და ისეთი ადამიანი, რომ კანონი დავარღვიო და ჩემი მოქალაქეობრივი უფლებების ფარგლებს გავცდე.

მეგონა იტყოდა, რომ ადამიანურად მოეპყარით და გადაიყვანეთ. როგორც კი დამინახა, უშვერი სიტყვებით მაგინა, ვერც კი აღვწერ ისეთი სიტყვებით. დედის მისამართით იგინებოდა და მომაყენა არაერთი პირადი შეურაცხყოფა.

მომიქნია წიხლი და მომხვდა თვალ-ბუდის არეში. მაშინ უთხრეს ჩუმად – რას შვები, სახეზე დააჩნდებაო.

შემდეგ გადავიდა გვერდზე, ისევ დამაჭირეს თავზე ფეხი და ისევ მირტყამდა დგებუაძე. ნეკნში მომხვდა ერთი ძალიან მწარედ და მუხლის არეშიც მაქვს ორი დაზიანება.

ირაკლი დგებუაძე იყო ისიც, ერთ-ერთ აქტივისტს რომ უთხრა, მაგ ამერიკის დროშას ტრ-ში გაგიკეთებო.

კიდევ ერთი აქტივისტი ეუბნებოდა, რომ დედა მკვდარი მყავს და ნუ მაგინებო. უარესი სიტყვებით მიმართა. საერთოდ, თუ ვინმე იმ აქციაზე იგინებოდა, ეს იყო ირაკლი დგებუაძე. ტორპედოს სტადიონზე ვარ გაზრდილი და იქაც კი არ მომისმენია მსგავსი გინებები, რასაც ის ამბობდა. უსაზიზღრესი სიტყვებით აგინებდა ხელებგადაგრეხილ, მიწაზე დაწვენილ ადამიანებს, რომლებსაც 6-7 ადამიანის ფეხი ედოთ თავზე“, – გვეუბნება გენრი დოლიძე.

ამის შემდეგ, როგორ გენრი ამბობს, ის გადაიყვანეს მანქანაში, სადაც ის პოლიციელები დახვდა, რომლებსაც მისი დაკავების ოქმზე მოაწერინეს ხელი, თუმცა მის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი პოლიციელი იყო ომარ გოგოლაძე. იმავე მანქანაში იჯდა შედარებით ასაკოვანი პოლიციელი გიორგი კვესიეშვილი, რომელიც დაკავებულს რუსი ტურისტების გამო ლანძღავდა.

საბჭოთა ნოსტალგია ჰქონდა ამ კაცს, გაღიზიანებული იყო, რუსების წინააღმდეგ როგორ გამოვედით.

შემოვიდა პოლიტიკურ დისკუსიაში და გვეუბნებოდა, რომ თუ არ მოგწონთ რუსი ტურისტები, წადით თქვენს ევროპაში. ანუ რუს ტურისტებსა და ევროპას შორის ჰქონდა ტოლობა დასმული.

მის ცნობიერებაში საქართველო ისევ რუსეთთან ასოცირდებოდა, რადგან ის კი არ თქვა, რომ თუ ხელისუფლება არ მოგწონთ, წადით ევროპაშიო, რუსი ტურისტი თუ არ მოგწონთო.

ეს პოლიციელი „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი კოორდინატორივით იქცეოდა და შემოდიოდა პოლიტიკურ დისკუსიაში ჩვენთან, მაშინ, როცა პოლიციელი პოლიტიკურად მიუკერძოებელი უნდა იყოს.

გვეუბნებოდა – „უარესი გეკუთვნოდათ“, მე რომ ვყოფილიყავი დაგიმატებდით“. მე ვუთხარი, რომ აუცილებლად შეიცვლება ამ ქვეყანაში ხელისუფლება და მოგიწევს ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა-მეთქი“, – ამბობს გენრი.

სენაკში გადაყვანის შემდეგ გენრი დოლიძეს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება და მოგვიანებით, დიდი ძალისხმევის შემდეგ, შეძლო დაჰკავშირებოდა ადვოკატს და ეცნო მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

მისი თქმით, დაკავების ოქმები იდენტურია და ყველგან წერია, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელზე დაუმორჩილებლობისა და გინების გამო დააკავეს.

„პირდაპირ გვეუბნებოდნენ მე და ბექა გრიგორიადისს (ბექა დაადასტურებს ამას), ასე ვიტყვით, რომ ჯებირს გადმოახტით, დედას გვაგინებდით და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდითო. ჩვენ მოგიწოდეთ, რომ გაჩუმებულიყავით, არ გაჩუმდით და ამიტომ დაგაკავეთო. აი, ამ სიტყვებს გვიმეორებდნენ ის პოლიციელები, ვისაც ოქმზე მოაწერინეს ხელი და რეალურად იქ არ იყვნენ დაკავების დროს“, – ამბობს გენრი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებიდან 58 საათი გავიდა, ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ ჩატარებია.

„გადამდის უკვე ეს სილურჯეები და რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო გაუფერულდება.

აღარ გამოჩნდება ნაკაწრები, მიწაზე რომ მახოხეს, არც ეს გამოჩნდება. ის, როგორც მე მომექცნენ, სისხლის სამართლის დანაშაულია და რადგან პოლიციის უფროსს ეხება ეს საქმე, სპეციალურად მაგვიანებინებენ, რომ გადამივიდეს ცემის კვალი“, – ამბობს გენრი დოლიძე.

მისი თქმით, მასთან ერთად იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბექა გრიგორიადისიც (ლაზარე გრიგორიადისის მამა), რომელსაც ასევე უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ.

„ექცეოდნენ არაადამიანურად. დასცინოდნენ წონის გამო – შენ რა გეტყობა, რომ შიმშილობ და ასე შემდეგ. ღირსებისშემლახავი სიტყვებით მიმართავდნენ“.

31 ივლისს აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15 დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა სხდომათა დარბაზიდან, მათი სასამართლო პროცესები მოგვიანებით გაიმართება. თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის სასამართლო აქციაზე დაკავებულებს ძირითადად ამტყუნებს და სოლიდური თანხითაც აჯარიმებს.

___

ამავე თემაზე: აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: