მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციაზე დაკავებული კაცი: წინა მთავრობამაც დამაკავა, მათ სტრასბურგში ვუჩივლე და მოვუგე

03.08.2023 • 2497
ბათუმის აქციაზე დაკავებული კაცი: წინა მთავრობამაც დამაკავა, მათ სტრასბურგში ვუჩივლე და მოვუგე

„სიკვდილი პუტინის ჯაშუშებს, ჩაძაღლება ჯაშუშებს“ – დაიყვირა ლუკამ, ვიდრე პოლიცია თავზე დააჭერდა ხელს ავტომანქანაში მოსათავსებლად. ის ბათუმის ნავსადგურიდან ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეს პროტესტი „ნაციონალების აქციად“ მონათლა, როცა ის ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს გამოეხმაურა.

„ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

იმ 23 მოქალაქეს შორის, ვინც 31 ივლისს რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა, უპარტიო ლუკა წულაძეც იყო. სხვათა შორის, ის 2009 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზეც დააკავეს და სცემეს, რისთვისაც ევროსასამართლოში იჩივლა და მოიგო კიდეც. 

როგორც ლუკა თავად გვიყვება, 31 ივლისს აქციაზე პოლიციას გადაჭარბებულ აგრესიად მოეჩვენა „მჩატე პარკის“ სროლა ავტობუსისთვის, რომლითაც რუსი ტურისტები ნავმისადგომს ტოვებდნენ.

„მეჭირა პარკი, რომელშიც იყო ხელსახოცები, მზესუმზირის ნარჩენი და მსგავსი. ბევრი არაფერი, საკმაოდ მჩატე იყო და ერთ-ერთ ავტობუსს ვესროლე. როგორც ჩანს, ჩემი მოძრაობა პოლიციამ ზედმეტად აგრესიულად ჩათვალა. მოვარდნენ და დამაკავეს.“

ლუკა ამბობს, რომ არც დაკავებისას და არც მას შემდეგ პოლიციელებს მასზე არ უძალადიათ:

„მხოლოდ ხელები გადამიგრიხეს. ეს, ცხადია, სასიამოვნო არ იყო. შემდეგ მანქანაში ჩამსვეს და ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგვიყვანეს. გზაში არც ძალადობას ჰქონია ადგილი და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას.“

ის ცდილობს ამას ახსნა მოუძებნოს:

„მეორე მხარეს, სადაც ხალხის ძირითადი მასა იყო, ეტყობა იქ იყვნენ უფრო აგრესიული პოლიციელები. მე სადაც ვიყავი, იქ მხოლოდ დამხმარე პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც უბრალოდ დამაკავეს.“

ლუკას ვკითხეთ, გზაში შედგა თუ არა პოლიციელებთან კომუნიკაცია:

„სიტყვიერი კომუნიკაცია იყო. ძირითადად აინტერესებდათ, რატომ ვიყავი ასე გაბრაზებული. მათი აზრი იყო, რომ ჩვენ, ორგანიზატორები [თუმცა ამ აქციას არ ჰყოლია ორგანიზატორები, მაგრამ  მათი აზრი ასეთი იყო], დაინტერესებულნი ვართ ბათუმში ჩავარდეს ზღვის სეზონი. იმისთვის, რომ ოპოზიციამ ეს გამოიყენოს თუ რაღაც. ასეთ აზრს აფიქსირებდნენ. ეს იყო აზრების გაცვლა-გაზიარება და მე ვუმტკიცებდი საპირისპიროს. შეურაცხმყოფელი ან აგრესიული საუბარი არ გვქონია.“

ლუკა გვიყვება, რომ გურიაში, სოფელში იყო, როცა რუსეთიდან საკრუიზო გემის კიდევ ერთხელ შემოსვლის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა, პროტესტი თავადაც გამოეხატა:

„როცა გავიგე საკრუიზო გემის მეორედ შემოსვლის და დაგეგმილი აქციის შესახებ, გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი ბათუმში და მეც გამომეხატა პროტესტი. მეუღლესთან ერთად ვიყავი. ჩამოვედით დილის შვიდ საათზე, მაშინ, როცა გემი მოცურდა და გაჩერდა.“

კადრი აქციიდან, ლუკას დაკავება

ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლუკა 48 საათი გააჩერეს, ის 2 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. შემდეგი პროცესი 10 აგვისტოს არის ჩანიშნული.

ლუკა წინა ხელისუფლების დროსაც აქტიურად ერთვებოდა საპროტესტო აქციებში და დაკავებულიც იყო. „გიორგი ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ საქმეზე ევროსასამართლოს 2015 წლის განჩინებაში, რომლის ადრესატი ლუკა წულაძეც არის, წერია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ყოველდღიურად მართავდნენ დემონსტრაციებს „პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით“ და ერთ-ერთ აქციაზე დააკავეს ლუკა წულაძეც.

ჩანაწერი ევროსასამართლოს განჩინებიდან:

„2009 წლის 15 ივნისის დილას ოპოზიციური ჯგუფის ორმოცდაათი წევრი და მხარდამჭერი, მათ შორის, ათივე მომჩივანი, შეიკრიბა თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან, რათა გაეპროტესტებინა ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრება, რომელსაც ადგილი რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა.

4. პოლიციამ დემონსტრანტებს ოცი წუთი აცადა და შეუდგა ძალისმიერი მეთოდებით მათ დაშლას.

5. პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-8 (ბ-ნი ბექაური, ბ-ნი მესხი, ბ-ნი ჩითარიშვილი, ბ-ნი მაისურაძე და ბ-ნი წულაძე) მომჩივნების განცხადებით, მათ დემონსტრაციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებისგან მიიღეს რამდენიმე ძალისმიერი დარტყმა ხელკეტებით ხერხემლის, თავისა და ხელების არეში. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე და მათ შორის ხუთი მომჩივანი დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანეს. დაკავებული დემონსტრანტები, მათ შორის ხუთი მომჩივანი, იძულებით დააწვინეს ძირს, ხოლო პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფეხს და ხელკეტს ურტყამდნენ“.

„დარბევაში მოვყევი. ეს სასამართლო მოვიგეთ“, – გვითხრა ლუკა წულაძემ.

ლუკა მოქმედ ოპოზიციასაც საყვედურობს, ამბობს, რომ არ იცის, რას აკეთებს ოპოზიცია, როცა ქვეყანაში „რუსული თემა აქტიურდება“:

„ბოლო დროს აქტიურობით არ გამოვირჩეოდი, ორგანიზატორი არ ვიყავი, მაგრამ აქციებზე დავდიოდი. ამ შემთხვევაში ჩემი გააქტიურება რუსულ თემასთან დაკავშირებით ზუსტადაც იმან გამოიწვია, რომ პოლიტიკური პარტიები სათანადოდ არ აქტიურობენ. მე, როგორც მოქალაქემ, ჩავთვალე, რომ ჩემი ვალია, გავაქტიურდე მაშინ, როცა ოპოზიცია არ ვიცი რას აკეთებს.“

ლუკას შეფასებით, ბოლო დროს ოპოზიციური პარტიები მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. სწორედ ამის გამო „გაძლიერდა საზოგადოებრივი მოძრაობების მხრიდან დაუგეგმავი და უკონტროლო წინააღმდეგობები“:

„მოქალაქეები, რომლებიც ერთმანეთს არც კი იცნობენ, იკრიბებიან და თავიანთ პროტესტს გამოხატავენ. ეს სწორიც არის. თუმცა ის, რომ პოლიტიკური პარტიები ნაბიჯს არ დგამენ, ეს არ არის სწორი.“

„რეალობის აღრევა და გამრუდება“, – ასე აფასებს ლუკა მთავრობის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში:

„მთავრობის დამოკიდებულება ძალიან გამაღიზიანებელია, რაღაცებს აკეთებენ უკვე ღიად და ნათლად. თან ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა ბოლომდე არ აიღონ. ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანა მიჰყავთ ავტოკრატიისკენ, რუსეთთან მეგობრობისა და სიახლოვისკენ. ეს ავტომატურად იწვევს თანამედროვე და ცივილიზებული მსოფლიოსგან დაშორებას. ამას აკეთებენ თითქოს მესიჯბოქსებში, ქმედებებში გვაბნევენ და რეალობას გვიმრუდებენ, და ასე დგამენ ნაბიჯებს.“

ლუკას ვკითხეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასება მოისმინა რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით, როცა კობახიძემ თქვა: „ეს იყო ქაჯობა“

„ჩემი შეფასებით, კობახიძის საქმიანობა არის წმინდა ჯაშუშური საქმიანობა, წმინდა ჩანერგილი ადამიანის. აი, მტრის ბანაკში რომ ჩანერგავ და დაავალებ, რომ იქ მოიპოვოს გავლენა, გაძლიერდეს და შემდეგ შენი დავალებები შეასრულოს. ასეთი ადამიანის ქმედებებია და  იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გამოძიება იქნება და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, რეალური ჯაშუშები დაისჯებიან. რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ჯაშუშების კანონს რომ იღებდნენ, მათივე ჯაშუშობის თემის სეპარირება იყო ეს, რომ, აი, ჩვენ ხომ გვეძახით ჯაშუშებს, მოდი, ახლა ჩვენც დაგიძახებთ. რაღაცა ეს იყო – რეალობის აღრევა და გამრუდება.“

კითხვაზე, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება რუსეთთან აახლოებს ქვეყანას, თავად კი ქონებას ევროპაში ყიდულობს და შვილებსაც სასწავლებლად ევროპაში უშვებს?

ლუკამ გვიპასუხა:

„თავად ევროპა და ევროპის კომფორტი ურჩევნიათ, მაგრამ არ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა, რომელსაც ევროპა აკისრებს მოქალაქეებს. თავისუფლება ასევე არის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ჩაატარონ ნორმალურად და გადააბარონ ხელისუფლება მომავალ ხელისუფლებას. აი, ეს არ მოსწონთ. პუტინსაც ეს პრობლემა ჰქონდა – როცა იქამდე მივიდა საქმე, რომ ხელისუფლების გადაბარება მოუწევდა, აირჩია ავტოკრატიის გზა. ესენი უყურებენ ქვეყანას, როგორც თავიანთ ფერმას, ტერიტორიას, რომლისგანაც რაღაც რესურსი უნდა ამოიღო. ამ რესურსის გამოყენება აქვე არ უნდათ, უნდათ უკეთეს ადგილზე და უკეთეს კომფორტში.

რა თქმა უნდა, შვილებს ევროპაში ასწავლიან, რომ მერე ეს ნასწავლი შვილები დაგვიბრუნდნენ და მათი დაწყებული გზა გააგრძელონ უკვე რუსეთის შემადგენლობაში. როგორც მოქალაქე მე, პირადად, მათ ხელს შევუშლი. არ მემეტება არც ერთი გოჯი მიწა მტრისთვის და თან ამ მტერში ვგულისხმობ ივანიშვილსა და მის საოკუპაციო რეჟიმს. როგორც ესენი იქცევიან, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: