ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კაფეებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შევისწავლით – კონკურენციის სააგენტო 

01.08.2023 • 4557
ბათუმის კაფეებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შევისწავლით – კონკურენციის სააგენტო 

ბათუმში, კაფე-ბარებში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო.

„საკითხი ეხება – 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.

კერძოდ, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს  არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება.

შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში  სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საუბარია, ძირითადად, რუსულ ენაზე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კონკურენციის სააგენტოში.

„სააგენტოს, ერთიდან სამ თვემდე ვადა აქვს, რათა დაადასტუროს კანონდარღვევა, უარყოს, ან თავად დამრღვევმა შეიძლება აღიაროს. კონკრეტული დარღვევისა თუ სავაჭრო ობიექტის დასახელებას რაც შეეხება, ეს საკითხის შესწავლის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციითვე, პირველ ეტაპზე კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ობიექტის მესაკუთრეს აფრთხილებენ, რომ მდგომარეობა გამოასწოროს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას – წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2 პროცენტის ოდენობით. თუ წინა წელს არ აქვს ბრუნვა, ობიექტი დაახლოებით 600 ლარით დაჯარიმდება.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.“

„ბათუმელებს“ ასევე განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ანალოგიურ კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე საკითხს ქვეყნის სხვა ქალაქებში, მაგალითად თბილისში, სააგენტო არ სწავლობს.

„სააგენტოს სპეციალურ განაცხადით უნდა მოგვმართონ შესაძლო კანონდარღვევაზე, მათ შორის ნებისმიერმა, ვინც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა. ამისთვის განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ აუცილებლად. მხოლოდ ცხელ ხაზზე დარეკვით ან ფეისბუქზე მოწერით საკითხის შესწავლას ვერ დავიწყებთ. ამ ეტაპზე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩაატარა მონიტორინგი და მოგვმართა, რის საფუძველზეც დავიწყეთ საკითხის შესწავლა. ასეთი მომართვა თბილისიდან ან სხვა ქალაქებიდან არ გვაქვს“, – გვითხრეს კონკურენციის სააგენტოში.

სააგენტოს სპეციალური განაცხადის ფორმა, ცხელ ხაზის ნომერი – 598 05 4422 , ელ/ფოსტა: consumer@gnca.gov.ge

ამავე თემაზე:

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

გადაბეჭდვის წესი


ასევე: