მთავარი,სიახლეები

„მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

31.07.2023 • 1390
„მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 31 ივლისს, მას შემდეგ რაც რუსეთიდან შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა, აქციის მონაწილე ახალგაზრდების ჯგუფმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, ხვალ დილითვე ჩაინიშნოს აქციაზე ადმინისტრაციული მუხლით დაკავებულთა სასამართლო პროცესი და საზოგადოებას მოუწოდეს სასამართლოსთან მხარი დაუჭირონ დაკავებულებს სოლიდარობის ნიშნად.

„ჩვენი მოთხოვნა არის ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს დღეს ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან აპროტესტებდნენ გემის და პროპაგანდისტების შემოსვლას ბათუმში. მოვითხოვთ, ხვალვე ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი და ისინი 48 საათის განმავლობაში არ დარჩნენ იზოლატორში.

ამავე დროს, მოვუწოდებთ ჩვენ თანამებრძოლებს, რაც შეიძლება მეტი გამოვცხადდეთ პროცესზე, რომ მხარი დავუჭიროთ დაკავებულებს“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ჩხობაძემ, სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წარმომადგენელმა.

დღეს, 31 ივლისს, ბათუმში გამართულ აქციაზე რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ, პოლიციამ 23 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. ასევე „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე, „დროას“ ხელმძღვანელი აჭარაში – გენრი დოლიძე, დეპუტატ ლევან ანთაძის შვილი – ილია ანთაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე, მიშა აბზიანიძე, რევაზ მიქელაძე, გიგა შალიკაძე და სხვები. ასევე, დაკავებულია უკრაინის ერთი მოქალაქე.

დაკავებულთა ინტერესებს იცავენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „გამჭვირვალობა საქართველო“ და „საფარი“.

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მათ დაზუსტებით მხოლოდ ის იციან, რომ 6 დაკავებული ბათუმის იზოლატორშია მოთავსებული, სხვები კი სავარაუდოდ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში გადაიყვანეს.

დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოეყენებინა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა; გაათავისუფლოს აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები; შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

ასევე, საიამ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: