მთავარი,სიახლეები

ავტობუსების მარშრუტის შეცვლამ ძველ ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო გაართულა

31.07.2023 • 1911
ავტობუსების მარშრუტის შეცვლამ ძველ ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო გაართულა

დღეს, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციის გამო გოგებაშვილის ქუჩა მთლიანად გადაკეტილია, რის გამოც შეცვლილია 1, 1ა, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები.

ამის გამო ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა ჭავჭავაძის ქუჩაზე [საბაგიროდან-ბარათაშვილამდე], ბარათაშვილზე [ჭავჭავაძიდან-გორგილაძემდე], გორგილაძეზე [ბარათაშვილიდან-თავდადებულამდე] და თავდადებულის ქუჩაზე [გორგილაძიდან-რუსთაველამდე მონაკვეთში].

თავდადებულის ქუჩა / ბათუმი / 31.07.2023

გოგებაშვილის ქუჩის ჩაკეტვამ ასევე გაართულა მოძრაობა ძველ ბათუმში არსებულ ქუჩებზე – ბარათაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებს შორის.

ბათუმში აქცია წუხელ, 30 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ წუხელ ნავსადგურთან შეკრების საშუალება არ მისცა. პოლიციამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია ორმაგი ჯებირებით შემოსაზღვრა გოგებაშვილის ქუჩის სავალ ნაწილამდე და ერთი სავალი ნაწილიც ჩაკეტა.

შესაბამისად, მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე მოუხდათ შეკრება და პროტესტის გამოხატვა. აქციის მიმდინარეობისას კი, 31 ივლისს, დილით, გოგებაშვილის ქუჩის მეორე სავალი ნაწილიც გადაიკეტა.

1, 1ა, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი საქალაქო ავტობუსები რუსთაველიდან ბაქოს ქუჩის მიმართულებით ამჯერად [გოგებაშვილის ქუჩის ნაცვლად] შემდეგი მარშრუტით მოძრაობენ:

  • რუსთაველის ქუჩა – თავდადებულის – გორგილაძის – ბარათაშვილის – ჭავჭავაძის – ბაქოს ქუჩა

უკუმიმართულებაზე კი:

  • ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის – ბარათაშვილის – თავდადებულის – რუსთაველის ქუჩა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ როდემდე დარჩება დროებითი მარშრუტი, მათზე არ არის დამოკიდებული, არამედ აქციის მსვლელობაზე.

გემმა კი, რომლის შემოსვლასაც მოქალაქეები აპროტესტებენ, ბათუმის ნავსადგური დღეს საღამოს, დაახლოებით 10 საათზე უნდა დატოვოს.

ტერიტორია გოგებაშვილის ქუჩაზე ნავსადგურთან, სადაც პოლიციამ მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად შეკრების უფლება არ მისცა, რის გამოც ქუჩა გადაიკეტა/ მარჯვნივ – სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი  / ბათუმი / 31.07.2023

გადაბეჭდვის წესი


ასევე: