მთავარი,სიახლეები

მარკუს მილერი შავი ზღვის ჯაზფესტივალზე

30.07.2023 • 1238
მარკუს მილერი შავი ზღვის ჯაზფესტივალზე

ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი მარკუს მილერი ახალ ბენდთან ერთად შავი ზღვის მე-16 ჯაზფესტივალის მთავარი სტუმარი იყო. მილერმა და მისმა ბენდმა ფესტივალის მეორე დღეს დაიკავა სცენა.

ხუთი მუსიკოსისგან შემდგარმა ბენდმა საათ-ნახევრის განმავლობაში ოცამდე კომპოზიცია შეასრულა.

ბათუმში, ახალ სივრცეში – „სთეიჯ 17“-ში მარკუს მილერის კონცერტზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. „სთეიჯ 17“-ი წელს გაიხსნა. ჯაზფესტივალი აქ პირველად ტარდება. სივრცე გაცილებით დიდია და მეტ მსმენელს იტევს, ვიდრე ბათუმის კორტები იტევდა წინა წლებში, სადაც ჯაზფესტივალი იმართებოდა.

დარბაზი ზღვას გადაჰყურებს, ხმაც ბევრად სუფთა და დამუშავებულია, აქ ყველა ბგერა სასიამოვნოდ ჩაგესმის.

მარკუს მილერის ბენდი ნამდვილი ბენდია: როცა საქსოფონი ან საყვირი სოლო პარტიას ასრულებს მილერის ბასი ჩერდება და ისეთი სიამოვნებით აყოლებს თავს და ფეხებს მათ რიტმს, ისე შეხარის, გეგონება პირველად უსმენს ამ პარტიებს.

ბენდმა ბათუმში შეკრებილი მსმენელი საათ-ნახევარი უწყვეტად აცეკვა.

65 წლის მუსიკოსს ამისთვის ვიზუალური შოუს მოწყობა და ჰაერში სალტოების კეთება არ დასჭირვებია: სრული ჰარმონია ბენდის წევრებს შორის, ბევრი თამაში მსმენელთან, ბასის და საქსოფონის, ბასის და საყვირის გამაოგნებელი დუეტები და უზარმაზარი სიამოვნება, რაც თავად აწერიათ სახეზე ჯაზის იმპროვიზაციებისას – ამ პატარა დეტალებისგან შეიქმნა ის დიდი მუხტი, რამაც 29 ივლისის კონცერტზე არავინ დატოვა, ვინც არ იმღერა, არ იცეკვა, ან უბრალოდ არ დააკვირდა მთელი საღამო მარკუს მილერის ბავშვურად აღფრთოვანებულ გამომეტყველებას.

შეუძლებელია მარკუს მილერის მუსიკის შეგრძნება მისი შესრულების მანერის ცოცხლად ნახვის გარეშე. მილერის ჩანაწერების და მისსავე კონცერტზე იმავე კომპოზიციების მოსმენა, ორი, სრულიად სხვადასხვა რამეა. არ ვიცი როგორ ახერხებენ ბენდის წევრები ერთმანეთთან ჰქონდეთ სრული ჰარმონია, უწყვეტი კონტაქტი თვალებით, ინსტრუმენტების პარტიებით, ემოციებით, შეძახილებით და ამავე დროს კონტაქტი ჰქონდეთ მსმენელთანაც.

"სთეიჯ 17“

მარკუს მილერი დიდებისგან დაღლილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, ყველაფრისგან დაცლილი და მხოლოდ მუსიკით სავსე გეგონება. ოდნავადაც არ რეაგირებს დარბაზის დიდ აპლოდისმენტებზე და შეძახილებზე, უბრალოდ მადლიერად, დაღლილად იღიმის.

ერთი შეხედვით გეგონება, რომ პიანისტს, საქსოფონისტს, მესაყვირეს, დრამერს და ბასისტს საერთოდ არ აინტერესებს მსმენელი, ერთმანეთს ამხნევებენ და სახეზე ერთმანეთის პარტიებით კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებთ, მაგრამ მერე იწყებენ თამაშს მსმენელთან: კომპოზიციის დასასრული რომ ახლოვდება სინამდვილეში თავიდან იწყებენ სულ სხვა თემას იმავე რიტმებით, სადაც ჯაზის პარტიებს ელი იქ ლამბადას აკორდებს აჟღერებენ მოცეკვავე მსმენელთან გასახუმრებლად და ა.შ.

კონცერტის დასასრულს მსმენელი მარკუს მილერს და მის ბენდს სცენიდან აღარ უშვებდა. ბათუმში ამინდმა დაინდო ჯაზფესტივალი, წვიმდა, მაგრამ ზომიერად და სასიამოვნოდ.

მარკუს მილერი და მისი ბენდი

მარკუს მილერი ბათუმში 15 წლის წინ იყო ჯაზ-ფესტივალზე. ამჯერად მას საქართველოში ჯაზის ახალი მსმენელების თაობა დახვდა.

მუსიკოსი ორი გრემის გარდა ბევრი სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელიცაა. მილერი ჯაზის, ფიუჟენის და სოულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ბასისტად მიიჩნევა. მუსიკალური ჟურნალი Bass Player-ი მას თაობის ათ ყველაზე გავლენიან ბასისტს შორის ასახელებს.

ვარსკვლავური კარიერის გარდა, მარკუს მილერს უდიდეს მუსიკოსებთან პროდიუსერული და მუსიკალური თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის მილერის და მაილს დევისის სიმბიოზია. ისინი ერთმანეთს 80-იანი წლების დასაწყისიდან დაუკავშირდნენ.

სწორედ მარკუს მილერი იყო მაილს დევისის ბოლო პროდიუსერი, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი. ალბომი Tutu მაილს დევისის ერთ-ერთ საუკეთესო ბოლო ალბომად მიიჩნევა.

მილერმა დაწერა და არანჟირება გაუკეთა ამ ალბომის ყველა კომპოზიციას გარდა ერთისა, სახელწოდებით „Tomaas”, რომელიც თავად მაილს დევისს ეკუთვნის.

მარკუს მილერის მუსიკა ხშირად გამოიყენება კინოსა და ტელევიზიაში.

მას ყოველკვირეული რადიო შოუც აქვს აშშ-სა და ბრიტანეთში: MillerTime და TransAtlantic Jazz with Marcus Miller.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ბათუმში 30 ივლისს დაასრულებს ბენდი Brooklyn Funk Essentials. ფესტივალი 28 ივლისს დაიწყო და ქართულმა ბენდმა Bedford Falls-მა გახსნა Soul Train-თან ერთად.

ფესტივალის ყოველი დღის ბოლოს 24:00-ზე „ივერია ბიჩზე“ ტრადიციულად ჯემ-სეიშენებიც იმართება.


მთავარ ფოტოზე: მარკუს მილერი/კადრი შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: