მთავარი,სიახლეები

„ციხეში შვილთან შესახვედრად ზურგით ამიყვანეს“ – ეტლით მოსარგებლის დავა სასამართლოში

30.07.2023 • 2232
„ციხეში შვილთან შესახვედრად ზურგით ამიყვანეს“ – ეტლით მოსარგებლის დავა სასამართლოში

„ციხის ადმინისტრაციამ მითხრა, თქვენი ეტლით ვერ შეგიშვებთო და ისეთი ცუდი ხარისხის ეტლში დამსვეს, წონასწორობას ვერ ვიცავდი. კიბე ადაპტირებული არ არის, თანამშრომლებმა ხელში ამწიეს: თავი რკინის კარს მივარტყი, შემდეგ ფეხიც მიმარტყმევინეს კარს…“ – მე-8 დაწესებულებაში პატიმარ შვილთან შეხვედრას იხსენებს მოქალაქე ჯემალ ჭელიძე.

შშმ პირი ჯემალ ჭელიძე პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. ჯემალ ჭელიძე დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს და კომპენსაციას პატივის და ღირსების შელახვისთვის. ჯემალ ჭელიძე ამ დროისთვის გერმანიაში მკურნალობს.

ჯემალ ჭელიძე ეტლით მოსარგებლეა. მან 2021 წლის 26 მაისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პროტესტის ნიშნად ეტლი დატოვა – მაშინ ჭელიძე შშმ პირების პრობლემებზე საუბარს ითხოვდა მთავრობის წარმომადგენელთან.

ჯემალ ჭელიძის შვილები: თორნიკე და თამაზ ჭელიძეები 2023 წლის 28 ივლისს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე კი, შშმ პირი სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში შეხვედრია შვილებს არაადაპტირებულ გარემოში.

„შვილი გენატრება და მიდიხარ ციხეში, თორემ ეს ძალიან რთულია,“ – გვიყვება ჯემალ ჭელიძე. – „ციხის ადმინისტრაციას რა ეტლებიც აქვს, იმ ეტლებს არც სახელური აქვს, არც ღვედი, ისეთი მოუხერხებელია…. გიჭირს თავის დაჭერა. ახლაც მატყვია ფეხზე იარა, როცა ფეხი კარს მივარტყი მძიმედ. მოკლევადიანი პაემნების ოთახი პირველ სართულზეა „მატროსოვზე“ და ქსანზეც, მაგრამ კიბე უნდა აიარო, ასევე გასასვლელები ადაპტირებული არ არის, ამ დროს ხელში წევენ თანამშრომლები ეტლს და ისე აჰყავხარ.

ასევე გეუბნებიან, რომ ასისტენტის შეყვანა არ შეიძლება. ასისტენტი კი ნიშნავს იმას, რომ ის შენ ყველგან გჭირდება.

მხოლოდ გლდანის დაწესებულებაში მომცეს ნება, პირადი ასისტენტი შემეყვანა. იქ მაშინ იყო მოთავსებული ჩემი ერთი შვილი, როცა ბრალდებული იყო. გლდანის ციხეში რეაბილიტაცია ჩაუტარებიათ, მაგრამ ლიფტი, რომელმაც მეორე სართულზე უნდა აგიყვანოს, არ მუშაობდა. ასისტენტმა ზურგზე მოკიდებული ამიყვანა, მოკუჭული.

ეს იქვე გავაპროტესტე კიდეც, მაგრამ მეორეხარისხოვანი პრობლემა, ან უფრო მეათასეხარისხოვანი,“ – ამბობს ჯემალ ჭელიძე.

„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულად ეტლით მოსარგებლე პირისთვის ციხეებში ადაპტირებული გარემოს შექმნას. არსებული მდგომარეობა კი, უნდა შეფასდეს დისკრიმინაციულ მოპყრობად,“ – გვიყვება ადვოკატი რამინ მაჭარაშვილი, იგი ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ იურისტია.

„სარჩელი შევიტანეთ სამოქალაქო წესით, ერთი სხდომა ჩატარდა და გადააწერეს ადმინისტრაციულ კოლეგიას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით განიხილავენ სარჩელს სექტემბრიდან.

კვლევა არ ჩატარებულა, რეალურად რა მდგომარეობაა ამ კუთხით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, თუმცა მოსარჩელე ამბობს, რომ მე-8 დაწესებულებაში მას შეექმნა ეტლით გადაადგილების პრობლემა, ასევე შემოწმების პროცედურა იყო უხერხული და დამამცირებელი.

ჩვენ გამოვითხოვეთ შიდა პერიმეტრზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, რაც მე-8 დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სარჩელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ ეტლით მოსარგებლე პირებს ეხება, თუმცა პრობლემა სხვა შშმ პირებსაც აქვთ, პირველ რიგში კი, მსჯავრდებულებს.

„არ მაქვს მონაცემები, რა სახის სირთულეები ექმნებათ კონკრეტულად შშმ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს, მაგრამ ჩანს, რომ ადაპტირებული გარემო არაა ციხეებში.

პრობლემაა ექმნება მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებსაც, რადგან საქმისწარმოება არსად არ არის ბრაილის შრიფტით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის გარდა.

პრობლემაა ჟესტური ენის თარჯიმანიც. მართალია, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თარჯიმანი, მაგრამ ეს პრობლემაა: თარჯიმანი ცოტაა და იქ უნდა გამოცხადდეს დაკავშირების შემდეგ კონკრეტულ დაწესებულებაში. თარჯიმანი რომ იყოს გადამზადებული იქვე ერთი მაინც, ეს გაამარტივებდა პროცესს.

საქართველოში გეგმაც კი არ არსებობს, როდის გახდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ადაპტირებული. პერიოდულად არემონტებენ და რეაბილიტაციას უტარებენ ამა თუ იმ დაწესებულებას, მაგრამ შშმ პირებისთვის არაფერი იცვლება,“ – გვითხრა რამინ მაჭარაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: