მთავარი,სიახლეები

ვინ დააკავეს სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე – ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

29.07.2023 • 2284
ვინ დააკავეს სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე – ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „როინ შავაძის საქმეზე“ ბრალდებულ 10 ბრალდებულს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 29 ივლისს გამართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ.

დაკავებული არიან: მამუკა ბერიძე [სპეცრაზმელი], დავით ზაქარაძე [სპეცრაზმელი], სულიკო ვარშანიძე [გამომძიებელი], მირზა კონცელიძე [სპეცრაზმელი], ზვიად ნურიძე [სპეცრაზმელი], ომარ ჭაღალიძე [სპეცრაზმელი], თემურ მგელაძე [სპეცრაზმელი], ალეკო ბალაძე [კუდ-ის უფროსისი მოადგილე აჭარაში], გიორგი არაბული, თეიმურაზ პატარიძე [კუდ-ის უფროსი აჭარაში].

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 8 პირი დააკავა – გამოძიება 15 წლის შემდეგ

„როინ შავაძის საქმეზე“ 10 პირს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 27 ივლისს წარუდგინა, მათ შორის, 8 ბრალდებული დაკავებულია, ორი ბრალდებული კი იძებნება: თეიმურაზ პატარიძე, ის როინ შავაძის მკვლელობის დროს კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსი იყო. ძებნა გამოცხადდა გიორგი არაბულზეც.

„არავითარ უკანონო დაკავებას ადგილი არ ჰქონია, ეს ადამიანები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. შეუძლებელია, სპეცრაზმელმა იცოდეს კონკრეტული პირის ბრალეულობის, ან არაბრალეულობის შესახებ,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდებული სპეცრაზმელები ხელმძღვანელი პირების დავალების მიხედვით მოქმედებდნენ და მათი მკვლელობაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია.

ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ ბრალდებული სპეცრაზმელები აგვისტოს ომის მონაწილეები არიან.

„მკვლელობის ბრალდება დაუსაბუთებელია და შეურაცხმყოფელია ამ ხალხის მიმართ. ეს ადამიანები ემსახურებოდნენ საქართველოს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში…

არის გარემოებები, რის გამოც მათ მოუწიათ იმ ქმედებების განხორციელება, რა ქმედებაც დღეს ბრალდების მხარემ შერაცხა დანაშაულად, მაგრამ იმ გარემოებაში 100-დან 100 შემთხვევაში მსგავს მოქმედებას განახორციელებდა იგივეს. ფიზიკურად შეუძლებელია სხვაგვარად იმოქმედოს სპეცრაზმელმა, როდესაც მას უხსნიან ცეცხლს,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ“ – ამ ფრაზით მიმართეს ბრალდებულებმა მოსამართლეს.

ნახეთ ამ თემაზე „ბათუმელების“ 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: