მთავარი,სიახლეები

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 ბავშვი გახდა – 6 თვის მონაცემები

29.07.2023 • 1767
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 ბავშვი გახდა – 6 თვის მონაცემები

იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 მოზარდი გახდა. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოაწოდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 6 თვეში პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია 14 მოზარდი გაუპატიურების მუხლით დაწყებულ საქმეებზე.

დაზარალებულად ცნობილ მოზარდებს შორის 3 ბიჭია.

14 მოზარდია დაზარალებულად ცნობილი სსკ-ის 138-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“.

3 არასრულწლოვანი კი, სსკ-ის 139-ე მუხლით დაწყებულ საქმეებზე ცნეს დაზარალებულად – „პირის სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევა, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება“.

გარყვნილი ქმედების [სსკ-ის 141-ე მუხლი] მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე 22 მოზარდია დაზარალებულად მიჩნეული.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კუთხით, ყველაზე მეტი დანაშაული ჩადენილია სსკ-ის 140-ე მუხლის მიხედვით – სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წელს მიუღწევლის სხეულში – 41 მოზარდი ამ მუხლით დაწყებულ საქმეებზეა დაზარალებულად მიჩნეული.

ქართული კანონმდებლობა 16 წლის მიუღწეველ პირთან ნებისმიერი სახის სექსუალურ კავშირს დანაშაულად მიიჩნევს, თუმცა 16 წლამდე მოზარდებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მაინც ვხვდებით ფრაზას „ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი“.

მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობით, შტატების უმრავლესობაში ე.წ. სქესობრივი თანხმობის ასაკი 16 წელია და თუ პირმა 16 წელს მიუღწეველთან დაამყარა კავშირი, კანონმდებლობა ამას მიიჩნევს ძალადობად და არავითარ შემთხვევაში არ იყენებენ სიტყვას – „ნებაყოფლობით“. მიჩნეულია, რომ „სქესობრივი თანხმობის ასაკამდე“ ბავშვს არ შეუძლია გასცეს გააზრებული თანხმობა სექსუალურ კავშირზე.

ამ დრომდე ამ კუთხით მოქმედ კანონმდებლობას, სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ ცვლის. არც გაუპატიურების დეფინიცია იცვლება.

პრობლემაა ისიც, რომ პედოფილიის შემთხვევებში შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმება ისე, რომ ბავშვზე მოძალადე ციხეში არ ხვდება. „ბათუმელები“ 2023 წლის 29 ივნისს წერდა მსგავს შემთხვევაზე, როცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 12 წლის ბავშვზე სექსუალურად მოძალადე კაცს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა.

ამ თემაზე:

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: