მთავარი,სიახლეები

როცა ახალშობილი მიატოვეს – რატომ არ ვსვამთ კითხვას, სად არის მამა?

29.07.2023 • 5042
როცა ახალშობილი მიატოვეს – რატომ არ ვსვამთ კითხვას, სად არის მამა?

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი დატოვეს. ეს ამბავი კლინიკის ექიმმა გააგებინა საზოგადოებას ფეისბუქით და თან დედის დასჯა მოითხოვა შვილის დატოვების გამო. ფაქტს მწვავედ გამოეხმაურა საზოგადოებაც. თუმცა ეს ხმა, ქალს ნაკლებად თანაუგრძნობდა. არცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მიტოვებული ბავშვის ირგვლივ დაისვა, არ უკავშირდებოდა მამას, ანუ კაცს.

რა კითხვები უნდა დავსვათ, როცა მსგავსი შემთხვევა ხდება და ვისი მისამართით? რატომ ხდებიან მხოლოდ ქალები განსჯის საგანი და ვის ეკისრება რეალურად პასუხისმგებლობა ყველა მიტოვებულ ბავშვზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება დატოვოს დედამ შვილი?

ის, რომ ბედნიერი ქალი ამას არ აკეთებს, ალბათ ამაზე კამათიც არ შეიძლება ხომ?

ამ შემთხვევის მიღმა ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ვიგულისხმოთ. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური, შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივ აზრთან, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ საზოგადოება, რომელიც ქალს განიკითხავს შვილის მიტოვების გამო, სწორედ ისინი ეძახიან ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს „უკანონოს“. აი, აქაც ჩანს, რა ტიპის წნეხი მოდის ქალზე.

ხშირად არავინ ჰყავს ქალს მხარდამჭერი, მიტოვებულია პარტნიორის მხრიდანაც და უამრავი შემთხვევაა, როდესაც დგება საკითხი, უნდა გაჩნდეს თუ არა ბავშვი, შეიძლება მიატოვოს ქალი კაცმა ასეთ კრიტიკულ მომენტში და ამ ტვირთის ზიდვა ქალს მარტოს მოუწიოს.

არის ოჯახის ფაქტორიც, რადგან ხშირია ქალის მიმართ მუქარები, ძალიან ხშირია გარიყვის, სახელის გატეხის შიში და სხვა უამრავი ფაქტორია.

და, საერთოდ, როცა საზოგადოება ლაპარაკობს ქალზე, რომელმაც ბავშვი დატოვა, არასოდეს არ ლაპარაკობს კაცზე, მამაზე, რომელმაც ასევე თავის შვილზე უარი თქვა.

ჩვენ ვიცით კაცებისგან მიტოვებული უამრავი ბავშვი, გვინახავს სასამართლო დავები, როცა უარს ამბობენ მამები შვილს გადაუხადონ ალიმენტი და ფინანსურად მაინც დაუდგნენ დედას გვერდით.

ბევრი სულის შემძვრელი შემთხვევაა, კონკრეტული ადამიანები მახსენდება, როცა ვსაუბრობ მამების მხრიდან შვილების მიტოვებაზე, მაგალითად მაშინ, როცა მამა იგებს, რომ მის შვილს შესაძლოა ჰქონდეს განვითარების რაიმე შეფერხება. ქალი ასეთ დროს რჩება სრულიად მარტო ამოდენა პრობლემასთან, სტიგმასთან, რომელიც თან სდევს მისი შვილის მდგომარეობას. მუდმივად უწევს ბრძოლა ყველგან, სადაც კი ფეხს შედგამს – იქნება ეს საბავშვო ბაღი, პარკი თუ მაღაზია.

თუმცა, როცა ასეთი შემთხვევები ხდება, საზოგადოებას ქვები ყოველთვის ქალის ჩასაქოლად აქვს გამზადებული.

  • რატომ, რა ახსნა აქვს ამას?

ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგადად, საქართველოში ქალის ცხოვრება მუდმივი თვალთვალის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სადღეგრძელოში ქალს ლამის ძეგლებს უდგამენ, რეალურად, ქალი გაჩენის მომენტიდან კონტროლის ქვეშ არის მოქცეული.

კონტროლდება მისი სექსუალობა, მისი იდენტობა, მისი სოციალური როლი, საქმიანობა, ყოველთვის არის ვიღაცისგან განსახილველი საგანი – ხელისგულზეა ხოლმე ქალის ცხოვრება.

ამის გამო, სულ რაღაცის „გასწორებაშია“ ქალი, სულ აქვს შიში, რომ ვიღაცას შეუძლია გული ატკინოს, გააკრიტიკოს.

და ჯოჯოხეთის მეორე ეტაპი ქალის ცხოვრებაში მაშინ იწყება, როდესაც ის ხდება დედა, რადგან ყველა იმის შეფასებაშია, როგორი დედაა.

  • კაცის შემთხვევაში რა ხდება?

კაცს სხვა ტიპის წნეხი აქვს და სხვა ტიპის პასუხისმგებლობა. ძალიან ხალხურად რომ ვთქვათ, მისი პასუხისმგებლობაა „ცოლი თავზე არ წამოაჯდეს“, რომ ქალი მის წინ არ გაუშვას, რომ ის უნდა იყოს მთავარი, დომინანტური ფიგურა, რომ მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რომ ის უნდა იყოს თავი და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ეს წნეხი განსაზღვრავს იმას, მერე რა მდგომარეობა და რა დამოკიდებულებაც უჩნდება მას ქალის მიმართ. თვითონ კაცებიც ასე ეუბნებიან ხომ ერთმანეთს – „ქალი არ გააბლატაო“.

ამ დროს ქალი პოზიციონირებს საზოგადოებაში, ითხოვს თავის ადგილს პოლიტიკაში, პარლამენტში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ამის მიუხედავად, ქალს კაცის თანასწორად საზოგადოება მაინც არ განიხილავს.

  • აქ  ქალებიც იგულისხმებიან?

რა თქმა უნდა. ბევრი ქალისთვის ეს არის თვითგადარჩენის მექანიზმი, რადგან ფიქრობს, რომ ვერ გადარჩება თუ ისე არ ფიქრობს, როგორც უმრავლესობა და ისე იწყებს ფიქრს, როგორც ფიქრობდა მამა, ძმა, ან ქმარი. თუ ასე არ იფიქრებდა, იქნებოდა სულ ნაცემი, შეურაცხყოფილი, დაბალი თვითშეფასებით. ძალადობის მიმღებლობა მდგომარეობაა, როცა მსხვერპლს არ აქვს სხვა გზა და იძულებულია იდენტიფიცირდეს მოძალადესთან.

  • თუ ისედაც ნათელია, როგორი წნეხის ქვეშ არის ქალი, რამდენი დაბრკოლების გადალახვა უწევს, მაშინ ყოველ ჯერზე რატომ ხდება ის ისევ სამიზნე, რატომ ამბობენ, რომ „უპატიებელია“ ქალისთვის ეს, რატომ სვამს ხალხი ისევ იმ კითხვებს, რაზეც არაერთხელ გაეცა პასუხი?

ეს მორალისტური საკითხია, უნდა ტოვებდეს თუ არა დედა შვილს. სხვა განზომილებაა და ზოგჯერ ადამიანებს ახასიათებთ ასეთი ქმედებები.

ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ აკეთებს ამას ადამიანი, როგორ მიდის ამ მდგომარეობამდე, როგორ უჭირს იმ ქალს, როცა შვილს ტოვებს.

როცა საზოგადოება ხდება ასეთი ფსევდო ჰიპერმორალური, ეს ყოველთვის არის საზოგადოების მორალური კრიზისის ნიშანი.

როდესაც ყველა პიედესტალზეა შემომდგარი, ყველა სინდისზე ლაპარაკობს, ყველა ღმერთად გადაიქცა. წარმოიდგინეთ, ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთს სამყაროში ადგილი მიუჩინონ, მსაჯულებად გადაიქცნენ, თან მიწიერ მსაჯულებად კი არა, ისეთი განაჩენი გამოაქვთ ხოლმე ადამიანებისთვის. ეს სერიოზული მორალური, სულიერი დეფიციტის მანიშნებელია.

მით უმეტეს, როცა ეს არის ემპათიისგან დაცლილი ქმედებები, ძალიან საშიშია და ხშირად რაღაც რადიკალური ჯგუფების გაჩენის წინაპირობასაც უწყობს ხოლმე ხელს.

სხვის ომში ბრძნობა, სხვისი განკითხვა, სხვებისთვის სანქციების დაწესება, იმის გადაწყვეტა, ვინ იყოს და ვინ არა, – რატომ ვაძლევთ ამის უფლებას საკუთარ თავს? ეს კითხვა რატომ არ ისმება, არ ვიცი.

  • ასაკსაც აქვს ხომ მნიშვნელობა, იქნებ ძალიან პატარაა დედა, იქნებ არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა?

რა თქმა უნდა. ძალიან ხშირია არასრულწლოვანების მიერ ბავშვის გაჩენა. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არასოდეს არ უჩნდება კითხვა საზოგადოებას, კაცი რატომ ტოვებს, მათ მიმართ აგრესია არ აქვთ, მაგრამ თუკი ქალო ტოვებს, მზად ვართ, რომ ეს ადამიანი კიდევ უარეს ჯოჯოხეთში მოვაქციოთ.

  • ხშირად ქალისთვის შვილის გაჩენაც „დანაშაულია“ და თუ ვერ ან არ აჩენს – ესეც. რაც არ ხდება ხოლმე კაცის შემთხვევაში…

დიახ, ასეა.

თითქოს მარტო ქალი აჩენს ან ზრდის ბავშვს და კაცს არ აკისრია პასუხისმგებლობა. თითქოს ასეა მიღებული. ქმარიც მიუბრუნდება ხოლმე ცოლს და ეტყვის, „როგორი შვილიც გაზარდე, ზუსტად ისე გელაპარაკება“. იმიტომ, რომ რეალურად მართლა ქალი ზრდის ბავშვებს და არა კაცი. ძალიან ხშირად ქალებს მარტო უწევთ ამ ტვირთის ზიდვა.

 გუშინდელის მსგავსი ან ფემიციდის ფაქტები როცა ხდება, პირველი ქვის მსროლელი ისევ და ისევ ქალია ხოლმე. მე ამაზე კი არ ვბრაზდები, უბრალოდ გული მტკივა, რადგან ეს ჩემთვის არის მინიშნება, რომ ქალები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ ამ ქვეყანაში.

ძალიან ბევრი ქალი „გადარჩა“ სწორედ იმის ხარჯზე, რომ მოძალადე კაცებივით დაიწყეს ფიქრი.

  • რას იტყვით ექიმზე, ვინც პირველმა აიღო ქვა დედის წინააღმდეგ?

მე, პირადად, არავის მიმართ ქვის სროლის და ჩაქოლვის მომხრე არ ვარ და თუ საზოგადოება ამისკენ არის მიდრეკილი, ეს არის პრობლემა.

ვიღაც შეიძლება იმ ქალის მხარეს იყოს, ვიღაც იმ ექიმის მხარეს, მაგრამ როცა ჩაქოლვის სურვილი გვიჩნდება, ეს არის ცუდი.

რაც შეეხება ჩვენს პროფესიულ ქმედებებს, პროფესიულ ქცევას, არ ვარ მომხრე ვინმესთვის „ბორკილების დადების“, საჯარო გაკიცხვის. უბრალოდ, რაღაც მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც ირეაგირებს ასეთ შემთხვევებზე და ექიმს ექნება შესაძლებლობა ადამიანის უფლებები, პროფესიული ეთიკა და პირადი პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან ჰარმონიაში მოიყვანოს. ყველა პროფესიაში წინა პლანზე უნდა იყოს ადამიანი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ექიმმა, სულ ცოტა, უნდა დაიცვას პრინციპი – „არ ავნო“. სამწუხაროდ, პროფესიული ეთიკა ყველა პროფესიაში გვაკლია.

პროფესიული უხეშობის ერთი მაგალითი მახსენდება, მარტოხელა დედამ რეგისტრატორს ბავშვის დაბადების მოწმობა მიაწოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რიგი დგას და ეს ადამიანი ხმამაღლა კითხულობს – „მამის სახელი?“ ბავშვიც იქვეა.

დედა ეუბნება, რომ „არ იწერება მამის სახელი“, ის მაინც უმეორებს, „მითხარით ქალბატონო მამის სახელი“. ფაქტობრივად, ქალს აგდებს იმ მდგომარეობაში, საჯაროდ დაიწყოს ლაპარაკი, რომ ამ ბავშვის მამა არ არის რეგისტრირებული, რომ ის არის მარტოხელა დედა და ეს ესმის ბავშვს.

ეს იმის ბრალია, რომ იმ დაწესებულებაში არავინ ელაპარაკება ამ ადამიანებს დისკრიმინაციაზე, არავინ ასწავლის სხვადასხვა ტიპის ადამიანთან ურთიერთობის ნიუანსებს, არაფერი გაუგიათ ეთიკის და, საერთოდ, მათთვის ადამიანი არაფერს წარმოადგენს, ბავშვზე რომ არაფერი ვთქვათ.

  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობას თუ ხედავთ იმაში, როცა მშობელი ტოვებს შვილს?

ძალიან მაღალია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან ბევრი რამის პრევენცია იქნებოდა მაგალითად სექსუალური განათლება, პრევენცია იქნებოდა როგორც ძალადობის, ასევე მსგავსი შემთხვევების, რადგან ადამიანებმა არ იციან, როგორ აიცილონ თავიდან არასასურველი, დაუგეგმავი ორსულობა.

ეს სიღარიბესთანაც არის კავშირში, რადგან ბევრს ხელი არ მიუწვდება კონტრაცეფციაზე.

ზოგადად, მოხუცების შემდეგ, მარტოხელა დედები ყველაზე დაუცველი ჯგუფია ჩვენ საზოგადოებაში. ყველაზე სტიგმატიზებული, ამიტომ ძალიან უჭირთ მარტოხელა დედებს გზის გაკვლევა ცხოვრებაში და მათი ყოველდღიურობა სავსეა უამრავი უხერხულობით.

არანაირი დახმარება მათთვის არ არსებობს, არანაირი მხარდამჭერი პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან. იმდენი ბარიერი აქვთ ყველგან და სულ თავის დაცვა უწევთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თითზე ჩამოსათვლელია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მარტოხელა დედების პრობლემაზე მუშაობენ, პოლიტიკოსიც არ მახსენდება, ვინც ლაპარაკობს მათზე.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს დაუგეგმავი ორსულობა. ამის ნაცვლად, პირიქით, წახალისებულია დისკრიმინაციული ქმედებები.

თუმცა ის მაინც შეიცვალა, რომ თუ ადრე ნაგავსაყრელზე ან ქუჩაში გვხვდებოდა მიტოვებული ბავშვები, ახლა კლინიკაში მაინც ტოვებენ. ესეც კარგია.

ვფიქრობ, დადგება გარდამტეხი მომენტი და შეეჩვევიან, რომ ქალიც კაცის თანასწორია და მასაც აქვს უფლება იყოს აქტიური და რეალიზებული.

  • ეს გარდამტეხი მომენტი რას მოაქვს?

განათლებას და მორალური კრიზისის გადალახვის მაჩვენებელიც შეიძლება იყოს ეს ყველაფერი.

რას დავაკვირდი იცით? ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი იყო აღშფოთებული, მაგრამ ისეთები უფრო ბევრნი იყვნენ, ვინც ამბობდა, რომ „ქვა დადე“ და ქალს თავი დაანებე. აი ესეც რაღაც ცვლილებების ნიშანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: