მთავარი,სიახლეები

ბათუმში რუსულ EXPO-ზე არ ვმონაწილეობთ – ქართული სამშენებლო კომპანიები

28.07.2023 • 6808
ბათუმში რუსულ EXPO-ზე არ ვმონაწილეობთ – ქართული სამშენებლო კომპანიები

ბათუმში, „პორტა თაუერში“, ანბანის კოშკის მახლობლად, 29-30 ივლისს EXPO-2023 გაიმართება, სადაც საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს წარმოადგენენ.

გამოფენის შესახებ ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდება. ინფორმაციაში, რომელიც ექსპოს ვებგვერდზეა განთავსებული, ვკითხულობთ:

„საქართველო სთავაზობს უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვის ფართო შესაძლებლობებს.

თქვენ არ გჭირდებათ ყველაფრის დამოუკიდებლად გარკვევა. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People, გიწვევთ პირველ ექსპოზე, რომელიც ეძღვნება ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას.

…ბათუმში თქვენი მოთხოვნის შესაბამისი იდეალური ქონების პოვნა რეალურია“, – წერია ვებგვერდზე.

ვებგვერდზევეა რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი მომღერლის, ირაკლი ფირცხალავას ფოტო და მიმართვა. ფირცხალავა სოციალურ ქსელებშიც არეკლამებს ექსპოს და მოკლე ვიდეოსაც ავრცელებს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე ქართულ სამშენებლო კომპანიას, მათ, ვისი ლოგოებიც განთავსებულია სარეკლამო ინფორმაციაში და ჰკითხა, აპირებენ თუ არა რუსული კომპანიის მიერ გამართულ გამოფენაში მონაწილეობის მიღებას.

კომპანიები, ვისთან დაკავშირებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, აცხადებენ, რომ არ აპირებენ ამ გამოფენაში მონაწილეობას და მათი კომპანიის ლოგოები ირაკლი ფირცხალავას სააგენტომ ნებართვის გარეშე გამოიყენა.

„ჩვენი კომპანია არ მონაწილეობს არსად. არ ვიცი ვინ გამოფინა ეს ლოგო, ჩვენ არ ვმონაწილეობთ“, – ამბობს კომპანია „მეტრო-სითის“ წარმომადგენელი რაულ კახაძე.

იმავეს აცხადებენ კომპანია „გუმბათშიც“.

„არა, არ ვმონაწილეობთ ამ გამოფენაში. დღეს მოგვწერა ჩვენმა ერთ-ერთმა გამომწერმა ფეისბუქზე, რომ ჩვენი კომპანიის ლოგოა გამოყენებული იმ გამოფენაში, სადაც მონაწილეობას არ ვიღებთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

„თავიდან, ივლისის დასაწყისში, როდესაც დაგვიკავშირდნენ, საწყის ეტაპზე ვუთხარი, რომ მსგავს გამოფენაში არ მივიღებდით მონაწილეობას. ეს ხაზგასმით იყო ნათქვამი ჩვენი მხრიდან, რადგან ვიცით ირაკლი ფირცხალავას დამოკიდებულება (რუსეთთან მიმართებაში) – ეს იყო უარის თქმის მიზეზი და, შესაბამისად, დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დღეს კი ასეთი ინფორმაცია ვნახეთ.

ორგანიზატორებს ვუკავშირდებით და არავინ გვპასუხობს“, – თქვეს „გუმბათში“. „გუმბათი ჯგუფმა“ დღეს ფეისბუქზე განცხადებაც გაავრცელა ამის შესახებ.

„ბათუმელები“ ესაუბრა „არქი ჯგუფის“ წარმომადგენელსაც, რომელიც უარყოფს რუსულ გამოფენაში მონაწილეობას.

„არა, არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენც დღეს ვნახეთ ეს ინფორმაცია, ჩვენი ლოგო დაუკითხავად გამოიყენეს, დავუკავშირდით ორგანიზატორებს და სასწრაფოდ აიღებენ ჩვენს ლოგოს.

შემოთავაზება იყო, თუმცა არც ერთ ეტაპზე არ გამოგვიხატავს დაინტერესება, რადგან ვიცოდით, ვინ იყო ორგანიზატორი და არც კი განგვიხილავს, რომ მიგვეღო მონაწილეობა“, – გვითხრეს კომპანიაში.

რუსულ გამოფენაში მონაწილეობას უარყოფს „მარდი ჰოლდინგიც“. „არაფერი ვიცით ამ გამოფენის შესახებ“-მოგვწერეს კომპანიიდან.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ კომპანიას – „ელბილდინგის“ წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ რუსულ ექსპოში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. „არ ვაპირებთ და არ მივიღებთ მონაწილეობას“- გვითხრეს  კომპანიაში.

„ბათუმელებს“ სხვა კომპანიებთან სურდა გასაუბრება, თუმცა მათთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გამოხმაურების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია: ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდიდან სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წაშალეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: