მთავარი,სიახლეები

„დავიცვათ ქვეყნის ღირსება, გელოდებით ყველას“ – „ლელო“ ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლაზე

27.07.2023 • 1716
„დავიცვათ ქვეყნის ღირსება, გელოდებით ყველას“ – „ლელო“ ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლაზე

პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენო თებიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, 27 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ საკრუიზო გემთან, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, შეუერთდნენ აქციას „რუსული ოცნების თავგასულობის“ წინააღმდეგ.

„ბათუმელებო! დღეს,  20:00 საათზე, გელოდებით ბათუმის ნავსადგურში, ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოცნების თავგასულობა!

შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს დილის 06:00 საათზე ბათუმში შემოსული საკრუიზო გემ ” Astoria Grande“-ს მგზავრების უმრავლესობას აქვს დარღვეული.

ამ საკითხს არ სჭირდება გამოძიება, უბრალოდ თვალი გადაავლეთ ტელევიზიებით გავრცელებულ კომენტარებს და მიხვდებით, რომ ისინი არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რამდენიმე მათგანი იმყოფებოდა თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რითაც დაირღვა საოკუპაციო კანონი, ეს უკანასკნელი კი დაუყოვნებლივ დეპორტაციას და გაძევებას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნიდან.

ასე ნელ-ნელა ხდება ჰიბრიდული ომის წაგება რუსეთთან.

ვისაც გაქვთ სურვილი, რეალურად დაიცვას ამ ქვეყნის ღირსება და ავტორიტეტი, გელოდებით ყველას,“ – წერს გენო თებიძე ფეისბუქზე.

დღეს, 27 ივლისს, ბათუმის პორტში შემოვიდა საკრუიზო გემი  ASTORIA GRANDE, რომელიც რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოვიდა და მასზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში საკრუიზო გემის მგზავრებმა თქვეს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ხოლო ერთმა მგზავრმა აღნიშნა, რომ იგი აფხაზეთშიც არის ნამყოფი, რაც ნიშნავს, რომ მას დარღვეული აქვს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: