მთავარი,სიახლეები

ხელისუფლება ამ რუსული გემით უნდა გავამგზავროთ რუსეთში – ელგუჯა ბაგრატიონი

27.07.2023 • 1340
ხელისუფლება ამ რუსული გემით უნდა გავამგზავროთ რუსეთში – ელგუჯა ბაგრატიონი

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ შემოვიდა, რომლის ბორტზე მყოფი რუსი ტურისტები არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ აფხაზეთი რუსეთმა საქართველოსგან „გაათავისუფლა“.

„მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარებში რამდენიმე რუსი ტურისტი ამბობს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ერთ-ერთი მათგანი კი ღიად აცხადებს, რომ მას დარღვეული აქვს  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა საქართველოში საზღვარზე შემოსვლა მაინც უპრობლემოდ მოახერხა.

რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლაზე განცხადება გააკეთა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენ სწორედ ამ რუსებისგან ნასროლი ტყვიის გამო მივიღეთ დევნილები აფხაზეთიდან. გამოყრილი, გამოდევნილი ჩვენი მოქალაქეები და საინტერესოა, რას ეუბნება ხელისუფლება დევნილებად ქცეულ ადამიანებს დღეს? როცა რეალურად არა ტურისტები, არამედ რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი აგენტები მიიღეს ბათუმში.

თავს იმართლებენ, რომ თურმე ეკონომიკური დატვირთვა აქვს ამას და ეკონომიკური მიზნებით მიღებული რუსი ტურისტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ პოლიტიკურად უფრო მეტად ვზიანდებით.

მართლა ეკონომიკური მიზნები რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, იცით ალბათ, რომ ბათუმში იგეგმებოდა საკრუიზო გემების კომპანია „Royal Caribbean“-ის შემოსვლა და ნავმისადგომიც უნდა გაკეთებულიყო. მაშინ მართლა მივიღებდით ტურისტებს და არა ასეთ ე.წ. ტურისტებს, რომლებიც ტყვიას გვესვრიან და მიწას გვართმევენ“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

მისი აზრით, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ნელ-ნელა დააშორონ დასავლეთს და წლის ბოლოს საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ქვეყანაში ტურისტის შემოსვლა კი არ არის პრობლემა, არამედ რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც პატივს არ სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტს და დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონიც.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ და ამაზე სწრაფი რეაგირება უნდა ჰქონდეს წესით ხელისუფლებას, მაგრამ სანაცვლოდ ასეთ პასუხს ვიღებთ, რომ ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე თურმე უნდა მივიღოთ ეს ხალხი.

ხელისუფლების მიზანია ასიამოვნონ პუტინს. შემოვიდნენ საქართველოში, ათასობით კომპანია დააფუძნეს, მოგებას ნახულობენ და შემდეგ ამ ფულით ყიდულობენ იმ ბომბებს და ტყვიებს, რომლებსაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ისროდნენ და ახლა უკრაინაში ისვრიან“, – ამბობს ბაგრატიონი.

„ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი არის დასავლეთთან და ეს მოღალატე რუსული ხელისუფლება, სწორედ ამ რუსული თვითმფრინავებით და გემებით გავამგზავროთ რუსეთში, საიდანაც იღებენ მითითებებსა და დავალებებს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: