მთავარი,სიახლეები

დედისა და ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი – „ლელოს“ ბრიფინგი ხულოში სამშობიაროს გახსნაზე

27.07.2023 • 1197
დედისა და ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი – „ლელოს“ ბრიფინგი ხულოში სამშობიაროს გახსნაზე

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში „ლელოს“ წარმომადგენლებმა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიარო განყოფილებების გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ექიმი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიაროების დახურვა კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც შემცირებულ შობადობას და გაზრდის მიგრაციას სოფლებიდან.

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე, დედისა და ბავშვის სიცოცხლეზე. ჩემზე უკეთ იცნობთ მაღალმთიან აჭარას და იცით, თუ როგორი რთულია მაღალმთიანი სოფლებიდან ბათუმში ჩამოსვლა. ზოგჯერ სოფლიდან მუნიციპალურ ცენტრში მისვლაც კი პრობლემას წარმოადგენს.

ზამთარში გზებიც იკეტება და რა უნდა ქნას მშობიარე ქალმა? ბათუმში უნდა ჩამოვიდეს ერთი თვით ადრე? იქირაოს ბინა, ჩამოიყვანოს ნათესავები, პატარა შვილები თუ ჰყავს, ისინიც…

ნაადრევი მშობიარობა რომ დაეწყოს? მაშინ რა უნდა ქნას. ამიტომ, ერთი მშობიარობაც რომ იყოს თვეში, ხულოში, შუახევსა და სხვა ასეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, სამშობიაროს სრულიად გაუქმება არ შეიძლება“ – ამბობს ვატო სურგულაძე.

მისი თქმით, თუ კომპანიას კომერციული თვალსაზრისით არ აწყობს სამშობიაროს გახსნა, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.

„გასაგებია, რომ ის არის კომერციული ორგანიზაცია და შესაძლოა მისთვის მომგებიანი არ არის სამშიაბიარო, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ჩაერიოს და ერთად გადაწყვიტონ  ეს პრობლემა, რომ ქალებმა ადგილზე მიიღონ სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება.

ამ ყველაფერს რეალურად პოლიტიკური ნება სჭირდება, რადგან კიდევ ვამბობ, რომ მთა ისედაც იცლება და პრობლემა გვაქვს ამ მხრივ. ერთადერთი, აჭარა და თბილისია, სადაც ჯერჯერობით შობადობის დადებითი სალდო გვაქვს. გასულ წელს საქართველოში 6 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა და ასეთი პოლიტიკით, ამასაც გავაფუჭებთ.

მერე, როცა იქნება ტრაგიკული შემთხვევა, ატყდება ვაი უშველებელი, ეს როგორ მოგვივიდაო.

ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი დედამიწაზე არაფერია, ამიტომ ასეთი კომერციული მიდგომა – არ გვაწყობს და რა ვქნათ, მიუღებელია.“ – ამბობს ვატო სურგულაძე „ბათუმელებთან“.

ის რამდენიმე წლის წინ კურორტ გოდერძიზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც იხსენებს.

„გახსოვთ ალბათ, მინისტრის მოადგილე რომ დაშავდა თხილამურებზე და იმის გამო, რომ რეანიმაცია არ არსებობს მაღალმთიანეთში, 6-7 საათი გავიდა, სანამ ადამიანი ბათუმამდე ჩამოიყვანეს და სამწუხაროდ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა.

ზუსტად იმავეს მივიღებთ ასეთ შემთხვევებშიც.

აქ მარტო „ევექსმა“ კი არ უნდა გადაწყვიტოს, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. შეიძლება გამოვიყენოთ როტაციის მეთოდი და ერთი თვე ერთი ექიმი ავა და იმუშავებს, მეორე თვეში სხვა და ასე შემდეგ.

დიახ, ამას დასჭირდება თანხები, მაგრამ მეორე მხარეს დგას დედისა და ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქ არის საჭირო სახელმწიფო ორგანოების სერიოზული ჩარევა.

ახალგაზრდობა ისედაც მოდის მთიდან და სახელმწიფო არანაირ მოტივაციას არ ქმნის იმისთვის, რომ ახალგაზრდას მთაში ცხოვრება მოუნდეს.

იგივე ეხება რაჭას, სვანეთს, ყაზბეგსა და თიანეთს, მაგრამ ამ რეგიონებში სამედიცინო ცენტრები სახელმწიფომ დაიბრუნა და ასე თუ ისე აფინანსებს“- ამბობს ვატო სურგილაძე.

მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ბევრს ლაპარაკობს დემოგრაფიის ხელშეწყობაზე, თუმცა ამის საპირისპიროდ იქცევა.

„არანაირი დემოგრაფიული პოლიტიკა ამ მთავრობას არ გააჩნია. 43 ათასი ბავშვი გაჩნდა შარშან და 49 ათასი ადამიანი გარდაიცვალა და ეს ციფრი მოიმატებს, რადგან ფერტილური ასაკის ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მიდის უცხოეთში და რა დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრაზე ვსაუბრობთ საერთოდ.

გადაწყვეტადია ეს პრობლემა, თუ ხელისუფლების ნება იქნება. სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულება მთიან მუნიციპალიტეტებში არ უნდა დაიხუროს“- მიაჩნია ვატო სურგულაძეს.

გუშინ ხულოში 20 წლის ქალმა ნაადრევად იმშობიარა კატასტროფის მანქანაში. დედა და ახალშობილი მძიმე მდგომარეობაში კლინიკა „მედინაში“ შეიყვანეს.

ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგის თქმით, მთიანი მუნიციპალიტეტებიდან ხშირად შეჰყავთ მათ კლინიკაში მშობიარე და ორსული ქალები გართულებული მდგომარეობით, რაც საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

________________

ამ თემაზე:

„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: