მთავარი,სიახლეები

ვინ და როგორ მუშაობს რეპრესირებულთა შთამომავლების უფლებებზე აჭარაში – ვიდეო

28.07.2023 • 1043
ვინ და როგორ მუშაობს რეპრესირებულთა შთამომავლების უფლებებზე აჭარაში – ვიდეო

„1937-1938 წლებში, იმ დიდი ტერორის დროს, საქართველოში დაიღუპა 15 ათასი ადამიანი, მათ შორის ბათუმში 1050 ადამიანი. ამ ადამიანთა სია არსებობს. მაგრამ ჩვენი, „მემორიალის“ წევრების აზრით, ეს სია არ არის სრულყოფილი. მსხვერპლი გაცილებით მეტია და ამ თემაზე ვმუშაობთ. იმ 1050 ადამიანში არიან ჩემი წინაპრები – მამაჩემის მამა, მამაჩემის ბიძა და მამაჩემის ბაბუა,“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი, ზურაბ ზაქარიაძე მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გვიყვება.

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალი“ 1997 წელს დაფუძნდა აჭარაში.

დაარსების დღიდან მიზნად დავისახეთ მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა უფლებების დაცვის საკითხები. მიზანი გვქონდა, რომ მოგვეძია რეპრესირებულთა ნეშტები,“ – ამბობს ზურაბ ზაქარიაძე.

მისი თქმით, ორგანიზაცია „მემორიალმა“ 1997 წელს გამოაქვეყნა დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა სია. სია გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნდა სათაურით – „სიკვდილის კალო“.

„პატარა ოფისი გვქონდა. ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გენახათ როგორ მოდიოდა ხალხი ჩვენთან და ტიროდა. მაშინ ჯერ კიდევ საიდუმლოებით იყო ეს თემა მოცული.

იქიდან მოყოლებული რეპრესირებულთა შთამომავლებს ვუდგავართ გვერდით. რეპრესირებულთა სახელზე სოფელ აჭარისწყალში ეკლესიაც კი ავაშენეთ,“ – ჰყვება ზურაბ ზაქარიაძე.

რა სახის დახმარება გაუწია „მემორიალმა“ რეპრესირებულთა შთამომავლებს, ვკითხეთ „მემორიალის“ ხელმძღვანელს.

ზურაბ ზაქარიაძის თქმით, მათი მეშვეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1937-1938 წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილთა ნეშტების მოძიების პროცესი დაიწყო.

„2015 წელს „მემორიალის“ წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მივედით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით და გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნებული სიით. ეს სია ისტორიკოსმა რამაზ სურმანიძემ მოიძია. ბატონი რამაზის ღვაწლი რეპრესირებულთა საქმეების შესწავლაში დიდია,“ – იხსენებს ზურაბ ზაქარიაძე.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ასევე შევიდნენ საქართველოში არსებული დიასპორების წარმომადგენლებიც.

სამუშაო ჯგუფმა მოიძია სოფელ კირნათში მცხოვრები ზურაბ ჯიხაძე. ის ცეცხლფარეშად მუშაობდა 1978 წელს ხელვაჩაურში, რუსულ სამხედრო ბაზაზე.

„ზურაბ ჯიხაძემ ჩვენი ორგანიზაციის ხელვაჩაურის კოორდინატორს, მამული გვიანიძეს გაანდო საიდუმლო, რომელსაც წლები ინახავდა. მერე მამული გვიანიძემ მოიყვანა ეს ადამიანი ჩვენთან, სამუშაო ჯგუფში.

ზურაბ ჯიხაძემ მიგვიყვანა ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და ის ადგილი მიგვანიშნა, სადაც შესაძლებელი იყო ნეშტები ყოფილიყო.

მოწმის მონათხრობის მიხედვით, მაშინ, როცა ის ცეცხლფარეშად მუშაობდა სამხედრო ბაზაზე, ტანკების სამრეცხაოსთვის ბალავარი გაჭრეს თურმე. თავის ქალა და ძვლები დავინახეო. მაშინ გუსევი იყო ხელმძღვანელი და იმან დამაშინაო. მითხრა, ჩუმად იყავი, არავის გაანდო ეს საიდუმლოო.

საბოლოოდ სწორედ მისი საშუალებით აეხადა  ფარდა იმ საშინელებებს,“ – ამბობს ზურაბ ზაქარიაძე.

ხელვაჩაურში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რეპრესირებულთა საერთო სამარხი

2017 წელს აჭარაში გაიხსნა 1937-1938 წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი, სადაც 150 ნეშტი აღმოჩნდა.

2021 წელს გახსნეს კიდევ ერთი, ე.წ. მეხუთე სამარხი, რომელშიც 28 ნეშტი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ხელვაჩაურის ყოფილ სამხედრო ბაზაზე კიდევ არაერთი ნეშტია დამარხული.

მეხუთე სამარხში აღმოჩენილი 28 ნეშტის სასამართლო ანთროპოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის შედეგად სამი რეპრესირებულის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.

2023 წლის 25 ივნისს გონიოში, დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ, დაკრძალეს პირველი რეპრესირებულის ნეშტი, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა.

„მემორიალი“ მუშაობას აგრძელებს. აქ ფიქრობენ, რომ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც რეპრესირებულთა ნეშტები აღმოაჩინეს, აუცილებელია მოეწყოს პანთეონი, სადაც რეპრესირებულებს დაკრძალავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: